LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი მჭამელი

106
წითელი მჭამელი

წითელი მჭამელი ქრონიკული დაავადებაა, უფრო ხშირად გვხვდება ცივი ჰავის პირობებში; უმეტესად საშუალო ასაკის ქალები ავადდებიან. ფიქრობენ, რომ დისკოიდური წითელი მჭამელი ვირუსული წარმოშობისაა, ზოგჯერ მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ და იმუნურ ფაქტორებსაც. თავდაპირველად კანზე ჩნდება წითელი, ოდნავ შეშუპებული ლაქები, რომლებიც იფარება მჭიდროდ ჩამჯდარი მოთეთრო ქერცლით. შემდგომ, ამ ადგილას ვითარდება ნაწიბუროვანი ატროფია. წითელი მჭამელი უმეტესად ჩნდება ცხვირზე, ლოყებზე, აგრეთვე ყურის ნიჟარებზე, თავის თმიან ნაწილზე, უფრო იშვიათად — კიდურებზე. დაავადება წლების მანძილზე გრძელდება, მწვავდება გაზაფხულ-ზაფხულში. გართულებებიდან აღსანიშნავია კანის კიბო და სარკომა.

წითელი მჭამელი, არის კოლაგენური დაავადება, რომელსაც ახასიათებს მრავალი სხვადასხვა ორგანოს დაზიანება. ეტიოლოგია ჯერჯერობით ბოლომდე დადგენილი არ არის; ფიქრობენ, რომ იგი დაკავშირებულია ვირუსულ ინფექციასთან, შრატით, ვაქცინით, სხვადასხვა წამლით გამოწვეულ ალერგიასთან; პათოგენეზში მნიშვნელობა აქვს საკუთარი ქსოვილების საწინააღმდეგო ავტოაგრესიულ იმუნურ რეაქციას. უმეტესად 20-40 წლის ქალები ავადდებიან.

დაავადება შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული. ახასიათებს ტემპერატურის აწევა, სახსრების, კუნთების, მყესების ტკივილი, წონაში დაკლება, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, სხვადასხვაგვარი გამონაყარი კანზე, წითელი ლაქების გაჩენა ცხვირის ზურგსა და ლოყებზე. ზიანდება გული, ფილტვები, თირკმლები, ცენტრალური ნერვული სისტემა, დიდდება ლიმფური კვანძები, ღვიძლი, ელენთა; ედრი აჩქარებულია, ვითარდება ანემია, ლევკოპენია, თრომბოციტოპენია; მკურნალობა დროს ინიშნება კორტიკოსტეროიდული ჰორმონები, ქლოროქინი, რეზისტენტულ შემთხვევაში — ციტოსტატიკური საშუალებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები