რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება. მიზეზად დასახელდა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება.
რამდენად აისახება საქართველოზე რუსეთიდან წიწიბურის ექსპორტის აკრძალვა-აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერთან“ დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა საქართველოს პრობლემა არ შეექმნება, რადგან მოხდება ალტერნატიული ბაზრებიდან ექსპორტის ჩანაცვლება.
თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს გამოიწვევს ფასის მატებას.
“რუსეთზე აქცენტი იმიტომ კეთდება, რომ არის ძალიან ახლოს, ლოგისტიკა ჯდება ძალიან იაფი სხვა ქვეყნებთან შედარებით, ხარისხი აქვს საკმაოდ მაღალი, რა თქმა უნდა ეს ფასზეც აისახება.
ალტერნატიული ბაზრები არის უკრაინა, ყაზახეთი, ჩინეთი. ხარისხი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც რუსეთიდან, მაგრამ ის, რომ წიწიბურის დეფიციტი იქნება ჩვენს ბაზარზე ნაკლებად სავარაუდო შეიძლება იყოს, თუმცა შედარებით გაძვირებული იქნება ფასი და ერთ-ერთი ფაქტორი ეს არის ლოგისტიკა.“-განაცხადა ივა ჭყონიამ „ბიზნესკურიერის“ ეთერში.
ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის წიწიბურის თითქმის, 100%-იანი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში პროდუქტის 99,9% რუსული წარმოებისაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, საქართველოში წიწიბურას მარაგები საკმარისია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. მისივე მტკიცებით, საქართველოს წიწიბურის 2 თვის მარაგი აქვს.
მოსახლეობამ წიწიბურის მომარაგება კი უკვე დაიწყო.ამის შესახებ ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში აცხადებენ. ასოციაციის პრეზიდენტი, სანდრო სუბელიანი, ვარაუდობს, რომ რეალიზაციის ტემპის ზრდა არსებულ მარაგებს დაგეგმილზე ადრე ამოწურავს. მისი ინფორმაციით, მაღაზიებში წიწიბურის გარკვეული მარაგი არის, თუმცა თუ იმპორტი სხვა ქვეყნებით არ ჩანაცვლდება, დეფიციტიც გაჩნდება და ისედაც გაზრდილი ფასი კიდევ გაიზრდება.
რომელ ალტერნატიულ ბაზრებზე გადაერთვება ქვეყანა ჯერჯერობით უცნობია.