ირლანდიურმა ავიაკომპანიამ Ryanair ვენის აეროპორტში ფრენების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა უნგრული ავიაკომპანიის Wizz Air განცხადება ავსტრიის დედაქალაქის ბაზრიდან სრულად გასვლის შესახებ.
ავიაკომპანიები გადაწყვეტილების მიზეზად ვენის აეროპორტში არსებულ მაღალ გადასახადებსა და მოსაკრებლებს ასახელებენ.
როგორც Ryanair-ში აცხადებენ, მაღალი ხარჯები აზიანებს ტურიზმისა და საჰაერო მიმოსვლის კუთხით ავსტრიის კონკურენტუნარიანობას ევროკავშირის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც, პირიქით, ამცირებენ გადასახადებს ან სრულად აუქმებენ მათ, მათ შორისაა შვედეთი, უნგრეთი და იტალიის რეგიონული აეროპორტები.
როგორც ირკვევა, Ryanair ვენის აეროპორტიდან თავდაპირველად სამ მარშრუტს გააუქმებს.
