LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლევანდელი ფესტივალი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის 35 წლის იუბილეს ეძღვნება” – თეონა კახიძე „შემოდგომის თბილისზე“

592
თეონა-კახიძე

10 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ მუსიკათმცოდნე თეონა კახიძე სტუმრობდა, რომელმაც 32-ე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „შემოდგომის თბილისზე“ ისაუბრა.

წლევანდელი ფესტივალი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის 35 წლის იუბილეს ეძღვნება, ამიტომ წელს ბევრად მრავალფეროვანი პროგრამით წარვდგებით პუბლიკის წინაშე. ფესტივალი 15 სექტემბერს გაიხსნება ალექსანდრე კორსანტიას საღამოთი, რომელიც რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს. ასევე შესრულდება სტრავინსკის და რაველის სიუიტები ბალეტებიდან „ფასკუნჯი“ და „დაფნისი და ქლოე“. ალექსანდრეს დიდი ხანია არ დაუკრავს თბილისის სიმფონიურ ორკესტრსა და მაესტრო ვახტანგ კახიძესთან ერთად, ყველა ბილეთი სწრაფად გაიყიდა, რადგან მისი ყოველი  ჩამოსვლა ნამდვილი დღესასწაულია ქართველი მსმენელისთვის.

20 სექტემბერს იოსებ კეჭაყმაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი მოეწყობა. ბატონი სოსოს ნაწარმოებებს, მათ შორის აქამდე უცნობ ნამუშევრებს საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა შეასრულებს. სხვათა შორის, კაპელა სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა რიგიდან, სადაც ორი კონცერტი გამართა სასულიერო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში და დიდი წარმატება მოიპოვა, რაც ორმაგად სასიხარულოა, რადგან ლატვია საგუნდო მუსიკის ნამდვილი ნავსაყუდელია, საოცარი გუნდები ჰყავთ, არაჩვეულებრივ ფესტივალებს აწყობენ, ამიტომ მართლაც ბევრს ნიშნავს მათი მოწონების დამსახურება, მით უფრო, რომ პროგრამაში მხოლოდ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულმა მუსიკამაც გაიმარჯვა და ქართულმა საშემსრულებლო ხელოვნებამაც. ლატვიელებთან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ, ხშირად გვსტუმრობენ და ყოველთვის სიამოვნებით ვმართავთ ერთობლივ კონცერტებს.

23 სექტემბერს მსმენელის წინაშე ლა სკალას კამერული ორკესტრი წარდგება, რომელიც წელს მესამედ გვეწვევა. ორკესტრის წევრებს ძალიან უყვართ საქართველო და ყოველთვის მოუთმენლად ელიან ჩვენთან ჩამოსვლას, მით უფრო, რომ მოგვიანებით საპასუხო ვიზიტით მაესტრო ვახტანგ კახიძე ჩადის იტალიაში და დირიჟორობს მათ კონცერტებს. ამჯერად კამერული ორკესტრი რუმინელი მევიოლინის იოანა ქრისტინა გოიჩეას სოლირებით შეასრულებს ბრიტენის „უბრალო სიმფონიას“, მოცარტის მეხუთე კონცერტს ვიოლინოსა და ორკესტრისთვის და სიმფონია N36 „ლინცის“. ძალიან გვიხარია, რომ გოიჩეამ, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან მევიოლინედ ითვლება, გამონახა დრო ჩვენს ფესტივალში მონაწილეობისთვის.

სექტემბრის კონცერტებს ვახტანგ კახიძის საავტორო საღამო დაასრულებს. წელს მაესტროს 65 წელი შეუსრულდა, ამიტომ 29 სექტემბერს სწორედ მისი საიუბილეო საღამო მოეწყობა, ვერიკო ჭუმბურიძის და ალექსეი სოლონოვიჩის მონაწილეობით, რომლებიც ვახტანგის ნაწარმოებებს – კონცერტს ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის და „მთვარის ცეკვებს” შეასრულებენ ჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის. ამასთანავე, შედგება პრემიერა, შესრულდება ვახტანგის ახალი ნამუშევარი „Dispute” სიმფონიური ორკესტრისთვის და ვახტანგის კიდევ ერთი ნაწარმოები –  „In Memoriam” სიმებიანი ორკესტრისთვის.

5 ოქტომბრის კონცერტში ბუდაპეშტის საქსოფონისტთა კვარტეტი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც  სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორების მიერ საქსოფონისტთა კვარტეტისა და სიმფონიური ორკესტრისთვის შექმნილ ნაწარმოებებს შეასრულებს.

12 ოქტომბერს კარლ ორფის კანტატა „კარმინა ბურანა” შესრულდება უზარმაზარი კოლექტივის მიერ, რომელიც თბილისის სიმფონიური ორკესტრს, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას და თბილისის ბავშვთა გუნდს, ასევე სოლისტებს სოფიო გორდელაძეს, ირაკლი მუჯირს და  მიხეილ აბრამიშვილს გააერთიანებს უნგრელი დირიჟორის გაბორ ჰოლერუნგის ხელმძღვანელობით.

დასკვნითი კონცერტი 19 ოქტომბერს გაიმართება ანსამბლის Kennedy Administration-ის მონაწილეობით. ანსამბლი რამდენიმე წლის წინ უკვე სტუმრობდა ჯაზ-ფესტივალს ბათუმში, თბილისში კი, პირველად ჩამოვა. ახალგაზრდა ნიუ-იორკელი მუსიკოსები, ბრწყინვალე ქალბატონის – კენედის სოლირებით სხვადასხვა – ჯაზ-ფიუჟენის, სოულის, რიტმ-ენდ-ბლუზის ჟანრში მუზიცირებენ და ძალიან საინტერესო მუსიკას ქმნიან.  

ჩვენი ფესტივალის მიზანი არა მხოლოდ უცხოელი მუსიკოსების მოწვევა და ქართველი მსმენელისთვის გაცნობა, არამედ ქართველი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა, ამიტომ პროგრამას ყოველთვის ისე ვადგენთ, რომ ქართველებიც და უცხოელებიც თანაბრად იყვნენ წარმოდგენილი. ტრადიციას არ წელს ვუღალატეთ, ამიტომ იტალიელების, უნგრელების, ამერიკელების გვერდით ქართველი მუსიკოსებიც აქტიურად მიიღებენ ფესტივალში მონაწილეობს.

მართალია, აქცენტს მეტწილად მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრებზე ვაკეთებთ, მაგრამ არც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს და ფოლკლორს ვივიწყებთ, თუმცა ბოლო დროს ისე მომრავლდა ფოლკლორული ანსამბლები და გახშირდა კონცერტები, რომ წელს ჩვენმა ფესტივალმა უარი თქვა ამ ჟანრზე, სამაგიეროდ გვექნება პოპულარული მუსიკის კონცერტი ამერიკელი მუსიკოსების მონაწილეობით. ამასთანავე, წელს ბატონ იოსებ კეჭაყმაძის იუბილეს აღვნიშნავთ და უამრავ სიურპრიზს ვუმზადებთ საგუნდო მუსიკის მოყვარულებს, რადგან ნაკლებად ცნობილ ნამუშევრებს შევთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g