LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წლევანდელი თბილისობა მგონია, რომ ყველაზე სევდიანი და ჩუმია”

383
71797980-3046893155383244-7752053590004334592-o

„ტფილისის ჰამქრის“ წევრი, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ პირველი თბილისობიდან მოყოლებული, 40 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე სევდიანი თბილისობაა, რადგან გუშინ დედაქალაქი გია ყანჩელს გამოეთხოვა.

ცირა ელისაშვილი წერს, რომ ყანჩელი და თბილისი ერთმანეთს გვანან, წერს რომ ცნობილი კომპოზიტორი ყოველთვის სახლში, პლეხანოვზე ბრუნდებოდა და მის მუსიკაშიც თბილისური ჰანგები ისმოდა.

საინტერესო ტექსით და შედარებებით ცირა ელისაშვილი გია ყანჩელს ემშვიდობება და სიცოცხლისთვის მადლობას უხდის:

“ყველას ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს “თბილისობის” მიმართ და რა თქმა უნდა მეც. თუმცა, ეს სხვა თემაა. ამ 40 წლის განმავლობაში (სწორედ ამდენი გავიდა პირველი თბილისობიდან), წლევანდელი მგონია, რომ ყველაზე სევდიანი და ჩუმია.

ამას ახსნა აქვს: გუშინ თბილისი გია ყანჩელს გამოეთხოვა.

საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს ორი ფენომენი, ყანჩელი და თბილისი ერთმანეთს გვანან.

თუ ვინმეს შეეძლო ეთქვა “მე ვარ თბილისი” (არასოდეს უთქვამს), ეს გია ყანჩელია.

და, თუ ვინმეს შეუძლია თქვას “მე ვარ ყანჩელი”, ეს თბილისია.

და, საერთოდ ყანჩელის მსოფლიო მასშტაბის მუსიკაში თბილისური ბგერები ისმის.

სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა.. თბილისში, პლეხანოვზე, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე.

ამიტომაც მგონია რომ “ყვითელი ფოთლები” თბილისის ჭადრებია! არც ნეკერჩხალი, არც მუხა, არც რაიმე სხვა.. მხოლოდ ჭადარი და ისიც თბილისის.

“დავდივარ მარტო, უმისამართოდ…” თბილისის ქუჩებზეა.. და საერთოდ, იმ ახალგაზრდა გოგოს (ყველასთვის ცნობილ ფილმში აყვავებული რტოთი ხელში რომ დადის) გეპეის, ან მზიურის ნიშის ტოტი უჭირავს ხელში…

გია ყანჩელის გარდაცვალების დღე გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეს დაემთხვა. აქაც, მგონია რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს გვანან, იმით, რომ ისინი ცამდე მართლები იყვნენ საკუთარი შემოქმედების და ქვეყნის წინაშე. ამ დღეებში ზუსტად გამოჩნდა რომ ყანჩელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით, არამედ მისი საოცრად ზუსტი და სამართლიანი ეროვნული და სამოქალაქო პოზიციით.

ის აქ არის…

აწი, ის ყოველთვის აქ იქნება, გუშინ რუსთაველის თეატრიდან ოპერამდე უწყვეტი ტაშით დაწყებული, ჩვენივე მობილურებზე დაყენებული ყანჩელისეული მელოდიით დამთავრებული.

ასე, რომც არ იყოს, თბილისს გია ყანჩელი გარანტირებულად წელიწადში ორჯერ გაახსენდება. პირველად მაშინ, როცა სადღაც თებერვალში, სრულიად მოულოდნელად და ამავე დროს კანონზომიერად თეთრად იფეთქებს გეპეის ნუში და მეორედ შემოდგომაზე – როცა პირველი ყვითელი ფოთოლი მოწყდება ჭადარს.

მე მინდა თბილისს ვუსურვო ყანჩელისებური სიმშვიდე. იმიტომ რომ ეს სიმშვიდე მასთან ამავდროულად ფიქრია. დაფიქრებით მოვეპყრათ თბილისსაც. ნუ გამოვეკიდებით სტატისტიკას, იმიტომ რომ ქალაქი სტატისტიკით არ იზომება. ნუ ვისაუბრებთ იმაზე რამდენი გავაკეთეთ (“რამდენი” სტატისტიკაა), ვთქვათ, რომ დღესაც ვაკეთებთ (ანუ პროცესში ვართ) ამ შემთხვევაში ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ და ჩვენი ქმედებები ხელოვნურად არ იქნება დაკავშირებული კონკრეტულ თარიღებთან.

ნუ დავთვლით რამდენი თბილისობა მოვაწყვეთ (ესეც სტატისტიკაა). ეს “თბილისობა” ჩვენი ყოველდღიური დამოკიდებულება იყოს ქალაქთან მიმართებაში და ასე, მშვიდად ვიზრუნოთ თბილისზე.

ამ დღეებში გენიალური გრაფიკა გავრცელდა: შორს მიმავალი გია ყანჩელი ყვითელი ფოთლების ფონზე…

ქალაქის პერსონიფიცირება თუ შეიძლება, მგონია, რომ თბილისი ასაკოვანი მამაკაცია, ჭაღარა თმით, ოდნავ მხრებში მოხრილი, შეიძლება ჯოხზე დაყრდნობილიც, რომელიც მიდის.. სულ მეშინია, რომ ერთხელ თბილისი მართლა არ წავიდეს..

ეს, რომ არ მოხდეს, უნდა გავიცნოთ ჩვენი ქალაქი.

ამისათვის უნდა ვიაროთ დიდხანს,

ვიაროთ ფეხით,

უმისამართოდ

და ეს ქალაქი თავად შეგიყვანთ კონკრეტულ მისამართებზე, სადაც აღმოაჩენთ საკუთრივ თქვენს თბილისს და თქვენს თავს ამ ქალაქში. ამ დროს გია ყანჩელის მუსიკასაც თუ გაიგებთ არ გაგიკვირდეთ…ეს არის თბილისი.

P.S. მე მას არ ვიცნობდი. ერთარდეთი რისი თქმაც პირველად და უკანასკნელად მისთვის შემიძლია არის მადლობა, მადლობა სიცოცხლისათვის, ბატონო გია!” – წერს ცირა ელისაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g