ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქეთა გაბიანის წინააღმდეგ საქმეზე საუბრისას განაცხადა, სადაც მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმის სტატუსით დაიკითხა.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი განცხადების გავრცელებას.
გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს.
„ეს ჩემი საქმე მოწმობს იმას, რომ ყოველთვის აქვს აზრი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას. ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ. თორემ, ჩვენ არც ლანძღვა გვიკვირს, არც დაკნინება, ვერბალური თავდასხმები. ამას შევეგუეთ. ეს დემოკრატიის ნაწილად ითვლება, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ უნდა შევეგუოთ.
პროცესი სისხლის სამართლებრივი პროცედურების დაცვით წარიმართა და შესაძლებლობა მქონდა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენება მიმეცა“, – განაცხადა წულუკიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კულტურის მინისტრის პროცესი გადაიდო. სხდომას ორივე მხარე ესწრებოდა. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ქეთა გაბიანის, 12 თებერვლის ფეისბუკპოსტს, სადაც ის თეა წულუკიანს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და ემუქრება.
წულუკიანმა გაბიანის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მიმართა. მინისტრს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა.