ექიმი ნუტრიციოლოგი და კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ საუბრობს, რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი ყაბზობის თავიდან ასაცილებლად ან არსებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.
მისი განმარტებით, მთავარი რეკომენდაცია ცხოვრების წესის შეცვლას ეფუძნება, რაც მოიცავს წონის კონტროლს, ფიზიკურ აქტივობას, წყლის ადეკვატურ მიღებას და სწორ კვებას.
სპეციალისტის თქმით, როგორც წონის სიჭარბე, ისე მკვეთრი კლება ზრდის ყაბზობის რისკს, ხოლო ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ნაწლავების სწორ მუშაობას.
„გასათვალისწინებელია ფიზიკური აქტივობა. ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობა, რომელიც მენჯის კუნთოვანი აპარატის განმტკიცებაზე ან მოდუნებაზეა მიმართული“, – ამბობს მარი მალაზონია.
ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მცენარეულ ბოჭკოზე მდიდარ პროდუქტებზე – ხილზე, ბოსტნეულზე და მთლიანი მარცვლეულის საკვებზე.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ წყლის სიჭარბეც და ნაკლებობაც შეიძლება, ჩვენი ორგანიზმისთვის ტვირთი იყოს. დასაბუთებულია, რომ წყლის არასაკმარისი მოხმარება შეიძლება, ყაბზობის მაპროვოცირებელი და ხელშემწყობი გახდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყლის საჭირო რაოდენობის მოხმარებით ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ ამ პრობლემის გადალახვა შეგვიძლია“, – განმარტავს სპეციალისტი.
მისი თქმით, მცენარეული ბოჭკო არა მხოლოდ ნაწლავის სტიმულაციას ახდენს, არამედ ორგანიზმის გაწმენდაში, ქოლესტეროლისა და წონის რეგულირებაში, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სპეციალისტის შეფასებით, ტრადიციული, ბუნებრივ პროდუქტებზე დაფუძნებული კვება, წყლის სწორი რაოდენობა და აქტიური ცხოვრების წესი ყაბზობის ეფექტური პრევენციისა და მართვის მთავარი გზაა.
