Xiaomi-ის ყველაზე მძლავრი ელექტროსედანის – SU7 Ultra-ს მიმართ ინტერესი 2025 წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა. თუ მარტში მოდელის გაყიდვებმა 3098 ერთეული შეადგინა, დეკემბერში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 45 ავტომობილამდე დაეცა. ამის შესახებ CarNewsChina იუწყება.
მარტიდან აგვისტოს ჩათვლით SU7 Ultra საკმაოდ სტაბილურად იყიდებოდა – თვეში საშუალოდ 2,4–3,1 ათასი მანქანა. თუმცა შემოდგომიდან მოთხოვნა მკვეთრად დაეცა: სექტემბერში 488 ავტომობილი გაიყიდა, ოქტომბერში – 130, ნოემბერში – 80, ხოლო დეკემბერში მინიმუმს მიაღწია.
მიუხედავად ასეთი დინამიკისა, საერთო გაყიდვებმა 10 ათას ერთეულს გადააჭარბა, რაც კომპანიის ხელმძღვანელობის საწყის გეგმებს სრულად შეესაბამება. Xiaomi-ში აღნიშნავენ, რომ SU7 Ultra ნიშური, ექსტრემალური მოდელია და მასობრივი გაყიდვები თავიდანვე მიზნად არ ჰქონდათ დასახული.
ამავე დროს, ბრენდის სხვა მოდელები გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. მხოლოდ 2025 წლის დეკემბერში გაიყიდა 11,1 ათასი Xiaomi SU7 და 39 ათასი Xiaomi YU7. მთლიანობაში, გასულ წელს Xiaomi-მ 411 837 ელექტრომობილი გაყიდა და ელექტრო მწარმოებლებს შორის ტოპ-ათეულში შევიდა. 2026 წლის მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია – 550 ათასი ავტომობილი.
Xiaomi SU7 Ultra ჩინურ ბაზარზე 2025 წლის თებერვალში გამოვიდა და მისი ფასი 530 ათასი იუანიდან იწყება. მოდელი აღჭურვილია სამი ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 1548 ცხენის ძალას აღწევს. შედეგად, ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 1,98 წამში აჩქარდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს შეადგენს.