ახალი მასშტაბური კვლევა ადასტურებს, რომ ყავის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ღვიძლის ჯანმრთელობას და შესაძლოა, დაეხმაროს კიდეც მის აღდგენას.
ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ახალი ანალიზი, გამოქვეყნებული ჟურნალ Biochemical Pharmacology-ში, გვიჩვენებს, რომ ყავა მხოლოდ ენერგიის წყარო არაა. მისი უნიკალური ბიოაქტიური ნაერთების წყალობით, ის რეალურად იცავს ღვიძლს ანთებისგან, ფიბროზისგან და ნაწიბუროვანი დაზიანებისგან. კვლევა ხსნის, რა ხდება მოლეკულურ დონეზე, როცა ჩვენ ყოველდღიურად ვსვამთ ყავას. ყავა მხოლოდ კოფეინი არაა. ის შეიცავს ათობით ბიოაქტიურ ნაერთს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქლოროგენის მჟავა და პოლიფენოლები, ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ამცირებენ ოქსიდაციურ სტრესს და ამით აფერხებენ ანთებას და ინსულინის რეზისტენტობას – ღვიძლის დაზიანების მთავარ მიზეზებს.
„ოქსიდაციურმა სტრესმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ღვიძლის უჯრედები. ყავის ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები სწორედ ამ საფრთხისგან იცავს ორგანიზმს“, – განმარტავს დიეტოლოგი მიშელ რაუთენშტეინი.
კვლევამ ხუთი ძირითადი მიმართულება გამოავლინა, რომლის მეშვეობითაც ყავა ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას:
1. ანტიოქსიდანტური მხარდაჭერა – იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.
2. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება – ამცირებს ქრონიკულ ანთებას.
3. ანტიფიბროზული ეფექტი – აფერხებს ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარებას.
4. მეტაბოლიზმის რეგულაცია – აუმჯობესებს ცხიმისა და გლუკოზის გადამუშავებას .
5. ნაწლავის მიკრობიოტის ბალანსი – ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას, რაც ღვიძლის ჯანმრთელობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
მკვლევრები ამბობენ, რომ ყავის ეფექტი დოზაზეა დამოკიდებული. საშუალოდ უსაფრთხოდ ითვლება დღეში 400მგ კოფეინი, ანუ, დაახლოებით, 3-4 ფინჯანი ყავა. თუმცა, როგორც სპეციალისტი განმარტავს, ინდივიდუალური მგრძნობელობა განსხვავებულია, ვიღაცისთვის ორი ფინჯანიც ზედმეტია და შეიძლება გამოიწვიოს გულისცემა, შფოთვა ან უძილობა. „მთავარია საკუთარი სხეულის მოსმენა. ზოგისთვის ორი ფინჯანი იდეალურია, ზოგისთვის კი ზედმეტი“ – აღნიშნავს რაუთენშტეინი.
აღსანიშნავია, რომ ხუთ ფინჯანზე მეტმა რაოდენობამ დღეში შეიძლება გაზარდოს ქოლესტერინის დონე და გამოიწვიოს დისლიპიდემია. სამაგიეროდ ორი ფინჯანი ყავა დღეში იწვევს ღვიძლის ფუნქციების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. მათ შორის, C ჰეპატიტით დაავადებულებში ფიბროზისა და ციროზის პროგრესირება მნიშვნელოვნად შენელდა. ასევე, შემცირდა ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარების რისკი. ყავის რეგულარულმა მოხმარებამ დაარეგულირა ღვიძლის ფერმენტების დონე, რაც მიანიშნებს უკეთეს ფუნქციონირებაზე.
აღმოჩნდა, რომ ყავის მოყვარულები 29%-ით ნაკლებად არიან მიდრეკილნი მეტაბოლურ ცხიმოვან ღვიძლის დაავადებისკენ. ასე რომ, ყავა შეიძლება გახდეს მარტივი, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი დიეტური ჩარევა, რომელიც დაეხმარება ღვიძლის დაავადებების პრევენციასა და მართვას.
მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა მეტი კლინიკური კვლევა, დღეს უკვე ნათელია, რომ ყავა არა მხოლოდ ენერგიის წყაროა, არამედ დამხმარე საშუალება თქვენი ღვიძლისთვის.
															