„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩი რადიკალურ ოპოზიციას და მესამე სექტორს არის „გადაფარებული“.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, კელი დეგნანის ამ დამოკიდებულების გამო, ეჭვი გაუჩნდა, ელჩი „აკერმანის შეკრების“ მონაწილეც ხომ არ იყო:
„როცა ფაქტებით ვსაუბრობთ, ამ დროს კითხვებზე კელი დეგნანს პასუხები აქვს გასაცემი. მას არაერთხელ მივმართეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ოთხი დეპუტატის კითხვები, ეს არის საზოგადოების კითხვები. მისი მხარდაჭერა დაფიქსირდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რადიკალური ოპოზიციის მიმართ, ასევე „გავრილოვის ღამისა“ და პარალელური ხმების დათვლის უმნიშვნელო ცდომილებად მოხსენიება მოხდა.
არ გავჩერდებით, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ბევრი ინფორმაცია გვქონდა კულუარებში, რომ საშიშროება კვლავ გრძელდება საქართველოსთან მიმართებით. კელი დეგნანი იმდენად გადაფარებულია რადიკალურ ოპოზიციას და მესამე სექტორს, რომ ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ იყო მონაწილე თავად დეგნანი აკერმანის შეკრებისაც, სადაც იგეგმებოდა პროცესები, რომელიც ივნისში წარიმართა. მისი პასუხები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები იმდენად შერწყმულია, ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, მოძრაობა „ხალხის ძალამ“, რომლის ერთ-ერთი წევრი მიხეილ ყაველაშვილია, დღეს წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან.