LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყელის ტკივილი, ტემპერატურა და ხველა – თამარ მეტრეველი გვირჩევს, როგორ ვუმკურნალოთ სამ ყველაზე ცნობილ პრობლემას ბავშვებში

131
tamar-metreveli

გადაცემის ლაივი LIVE

კოვიდი ბავშვებში, რა გამოხატული სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს, როგორ ვმართოთ სახლის პირობებში შეუპოვარი ხველა და ცხელება და რა დროს უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია – ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კლინიკა “ციტოს” პედიატრი თამარ მეტრეველი უპასუხებს.

-თამარ, ომიკრონ შტამით ინფიცირებულ ბავშვებში ყველაზე ხშირი და გამოხატული სიმპტომი მწვავე ყელის ტკივილია. რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს ამ დროს საქმე და არსებობს თუ არა ამ სიმპტომის შემამსუბუქებელი რაიმე საშუალება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ბინის პირობებში ვმართოთ დაავადება?

-მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ინფიცირების შემთხვევები შედარებით შემცირებულია, კოვიდ-19 და ომიკრონი მაინც აქტუალურ თემად რჩება, რადგან ბავშვებში კვლავ ძალიან ბევრი აქტიური შემთხვევაა. სწორად აღნიშნეთ, ბავშვებში ომიკრონით ინფიცირებისას ერთ-ერთი გამოხატული და საკმაოდ გავრცელებული სიმპტომი ყელის ტკივილია, განსაკუთრებით ავადობის მიმდინარეობის პირველი 2-3 დღის პერიოდში. ომიკრონით გამოწვეული ყელის ტკივილის სამკურნალო რაიმე განსაკუთრებული საშუალება ან მედიკამენტი არ არსებობს, მკურნალობისას ზუსტად იგივე მიდგომაა, როგორიც სხვა რესპირაციული ანუ სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებისას. ექიმებმაც და მშობლებმაც კარგად ვიცით, რომ ყელის ტკივილის ერთი უნივერსალური და უნიკალური პრეპარატი არ არსებობს და ყელის ტკივილის მართვისას უპირატესობა ენიჭება სისტემური გამოყენების მედიკამენტებს, როგორიცაა აცეტამინოფენი ანუ პარაცეტამოლი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი იბუპროფენი. ამ ორ მედიკამენტს პედიატრები ხშირად იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას და ასევე, გამოიყენება ყელის ტკივილის დროსაც. ზოგიერთი კვლევის შედეგად იბუპროფენი უფრო შედეგიანია, ამიტომ უპირატესობა მას ენიჭება. მკურნალობისას, პირველ რიგში, სისტემური მედიკამენტების გამოყენება არის რეკომენდებული, თუმცა არსებობს სხვა ალტერნატიული მეთოდებიც, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხალხური მეთოდი გახლავთ თბილი ჩაი თაფლით და ლიმონით, რომელიც საკმაოდ ეფექტურია, თუმცა ამ მეთოდის გამოყენება 2 წლის ასაკიდან შეგვიძლია, ვინაიდან თაფლის მიცემა ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის კატეგორიულად აკრძალულია. ზოგადად, თბილი სითხეების მიღება ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვანია.

ყელის ტკივილისას ძალიან ეფექტურია ცივი საკვების ზომიერი მიღებაც, შეგიძლიათ მიირთვათ ნაყინი ან ჩაწუწნოთ ყინული. ცივი საკვები ამცირებს ადგილობრივ შეშუპებას, ყელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში სწორედაც რომ შეშუპებაა. ყელის ტკივილი ყოველთვის ინფექციით არის გამოწვეული, ცივი საკვები არ იწვევს არც გაციებას და არც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ გააუარესებს.

რეკომენდებულია მარილიანი წყლის სავლებიც, 250 მლ თბილ წყალს ვუმატებთ ნახევარ ჩ.კ. მარილს, ეს მეთოდი გამოიყენება 7 წლის ასაკიდან, რადგან არ უნდა მოხდეს მარილიანი წყლის გადაყლაპვა. უფრო მცირე ასაკის ბავშვებში მოწოდებულია საწუწნი კანფეტების გამოყენება, რომელიც აძლიერებს ნერწყვ დენას და ამ გზით ამცირებს ტკივილს. საწუწნი კანფეტები შეგიძლიათ გამოიყენოთ 4 წლიდან, როდესაც გადაცდენის რისკი ნაკლებია. უფრო მცირე ასაკის ბავშვებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯოხიანი საწუწნი კანფეტები, ცხადია, რეკომენდაციას ვუწევთ უშაქრო კანფეტებს, რომ არ მოხდეს შაქრის დიდი დოზით მიღება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფორმის მედიკამენტებიც არსებობს, რომელიც ურეცეპტოდ შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში. ბავშვებში არ არის რეკომენდებული ისეთი გავრცელებული მეთოდების გამოყენება, როგორიცაა იოდინოლი, იოდიანი ხსნარი, სოდიანი წყალი.

-მეორე გავრცელებული სიმპტომი, რომელსაც ხშირად უჩივიან ომიკრონით ინფიცირებული ბავშვების მშობლები შეუპოვარი ცხელებაა, როდესაც ტემპერატურა არ ექვემდებარება სიცხის დამწევს. რამდენად შემაშფოთებელია ასეთი ტიპის ცხელება და რა სახის გამოსავალი არსებობს ასეთ დროს ?

პირველი სამი დღის განმავლობაში მაღალი ცხელება ომიკრონ შტამისთვის დამახასიათებელია, ამ დროის განმავლობაში თითქმის არ არის უსიცხო პერიოდი ან ძალიან ხანმოკლეა. ტემპერატურის მატების მშობლებს ძალიან ეშინიათ, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობს, რადგან ტემპერატურა ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა ვირუსზე, ეს არის სწორი ბიოლოგიური პასუხი. 38,5 გრადუს ტემპერატურამდე სიცხის დამწევი პრეპარატის მიცემა რეკომენდებული არ არის, 38,5 გრადუსზეც კი უნდა დავაკვირდეთ ბავშვის ზოგად მდგომარეობას და იმის მიხედვით განვსაზღვროთ წამლის მიცემის აუცილებლობა. თუ ბავშვი აქტიურია და თამაშობს პრეპარატის მიღების საჭიროება არ არსებობს, ასეთ დროს, უბრალოდ უნდა ვაკონტროლოთ ტემპერატურა ყოველ 20-30 წუთში, თუ ტემპერატურა უცვლელია ან ქვევით მიიწევს პრეპარატს არ ვიყენებთ. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს აზიანებს და შეიძლება ტვინის დაზიანებაც კი გამოიწვიოს, 38,5-39 გრადუსი ტემპერატურა ჯანმრთელი ბავშვის ორგანიზმს არ დააზიანებს, ამიტომ უნდა დავაცადოთ მას გაუმკლავდეს ვირუსს. თუ ტემპერატურა გადასცდება 38,5 გრადუს და აგრძელებს მატებას ამ შემთხვევაში გამოიყენება სიცხის დამწევი მედიკამენტი, რომლის დოზის შერჩევაც ინდივიდუალურად, წონაზე გამოანგარიშებით ხდება. სიცხის დამწევი საშუალების მიღებისას, დოზებს შორის ინტერვალი უმჯობესია 4 საათი იყოს. ხშირად, არასწორი მოლოდინი გვაქვს, როდესაც ბავშვს სიცხის დამწევ საშუალებას ვაძლევთ, თუ ბავშვს 39,5 აქვს ტემპერატურა, არ უნდა ველოდოთ, რომ 36 გრადუსამდე ჩამოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტემპერატურა დამწევს არ ემორჩილება. თუ ტემპერატურა 3-4 გრადუსით მაინც იწევს ქვევით ეს ნიშნავს, რომ სიცხე დამწევს ემორჩილება.

ბავშვებში დამწევი პრეპარატის მიცემა ძირითადად სიროფის სახით ხდება, უფრო მოზრდილებში ტაბლეტირებული ფორმით, ასეთი ტიპის სიცხის დამწევები კი მოქმედებას დაახლოებით 30 წუთის შემდეგ იწყებენ, ამიტომ თუ ტემპერატურას 15 წუთში გადავზომავთ, რა თქმა უნდა, ცვლილება არ იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეპარატი არ მოქმედებს. თუ წამლის მიღების შემდეგ ტემპერატურამ იკლო, მაგრამ მაინც მაღალია, ასეთ დროს, შეგვიძლია ისეთ მეთოდებს მივმართოთ, როგორიცაა ორგანიზმის გაგრილება ოთახის ტემპერატურის წყლით ან გრილი შხაპი. ტილო ან პირსახოცი უნდა დავასველოთ ოთახის ტემპერატურის თბილი წყლით და ბავშვს დავუზილოთ მაგისტრალური სისხლძარღვების საპროექციო ადგილები, როგორიცაა იდაყვები, იღლია, მუცელი, ბარძაყები, მუხლქვეშა არე, კისრის მიდამო. მართალია, გრილი შხაპის მიღებას ხანმოკლე ეფექტი აქვს, მაგრამ მაინც ძალიან შედეგიანია. არ უნდა მივმართოთ ისეთ რადიკალურ მეთოდებს, როგორიცაა ცივი შხაპი, ყინულების დადება, ცივი საფენების დადება და გაჩერება, ასე შეიძლება ბავშვის მდგომარეობა გავაუარესოთ და ორგანიზმი გადავაციოთ. ასევე, არ არის რეკომენდებული კომბოსტოს საფენები, ძმრიანი წინდები და სპირტიანი წყალხსნარით ბავშვის დაზელა. რა თქმა უნდა, კომბოსტოს ფოთლებს არანაირი ზიანი არ მოაქვთ ბავშვისთვის, მაგრამ საკმაოდ არაკომფორტული პროცესია და შედეგიც არ აქვს თბილი წყლით გაგრილებაზე უკეთესი. რაც შეეხება, ძმარს და სპირტს, ეს შეიძლება ზიანის მომტანიც გახდეს, რადგან შესაძლოა მექანიკურად დააზიანოს და გააღიზიანოს კანი, საფენების დადების შედეგად შეიძლება განვითარდეს კონტაქტური დერმატიტი, ასევე შეიძლება განვითარდეს გარკვეული პრობლემები, რადგან კანის ზედაპირიდან ამ ნივთიერებების შეწოვა ხდება.

როდესაც ცხელება არ ემორჩილება დამწევს, მშობლები ბავშვის კლინიკაში გადაყვანაზე და გადასხმაზე იწყებენ ფიქრს. რა ტიპის პროცედურაა გადასხმა და რამდენად ეფექტურია?

რა თქმა უნდა, თუ სიცხე არ ექვემდებარება დამწევს, საერთოდ არ ხდება ტემპერატურის ცვლილება, ბავშვი მივარდნილია, მოთენთილია, ვერ იღებს სითხეს და საკვებს, ასეთი ბავშვი აუცილებლად გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უნდა იყოს გადაყვანილი. კლინიკაში ექიმი გასინჯავს ბავშვს, შეაფასებს მის მდგომარეობას და ამის შემდეგ გადაწყვეტს მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია თუ კვლავ ბინაზე გაგრძელდეს მკურნალობა. რაც შეეხება გადასხმას, გადასხმის ქვეშ იგულისხმება ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზია. ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმას თავისი ჩვენება აქვს და ინიშნება იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ვერ იღებს ან კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს, აქვს შეუპოვარი ღებინება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, 4-5ჯერ და მეტჯერ დღეში, აღენიშნება დიარეა, აქვს მაღალი ცხელება ან თუნდაც ძლიერი ყელის ტკივილი, რის გამოც ვერ იღებს საკმარის სითხეს, ასეთ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმის, ექიმი შეაფასებს პაციენტს აქვს თუ არა დეჰიდრატაციის ანუ გაუწყლოების ნიშნები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს  სჭირდება თუ არა ბავშვს ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა. გადასხმა არის ალტერნატიული გზა, რომ ბავშვი სითხით შევავსოთ. შეიძლება ბავშვი არ იღებდეს საკვებს ინფექციის პერიოდში, მაგრამ თუ იღებს საჭირო რაოდენობით სითხეს გადასხმის საჭიროება არ არსებობს. გადასხმის გადაწყვეტილება აუცილებლად ექიმმა უნდა მიიღოს და თუ საჭიროა ინფუზია ან ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ვენასთან არის დაკავშირებული და ინტრავენურად უნდა მოხდეს ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა იქნება ეს თუ სხვა მედიკამენტის, აუცილებლად უნდა მოხდეს სტაციონარში და არავითარ შემთხვევაში ბინის პირობებში.

-როგორ უნდა შეაფასოს მშობელმა ბავშვს აქვს თუ არა გამოხატული სისუსტე ავადმყოფობის პერიოდში და რამდენად საყურადღებოა ეს სიმპტომი?

-სისუსტე ავადობის პერიოდში ძალიან გავრცელებული სიმპტომია და ვირუსის თანმხლები მდგომარეობაა. ცხადია, რომ ბავშვებში სისუსტე ტემპერატურის მატების ფონზე უფრო მეტად არის გამოხატული ვიდრე უსიცხო პერიოდში. ზოგადად, ინფექციის პერიოდში და ავადობის პერიოდში ისინი ნორმალურ მდგომარეობასთან შედარებით უფრო სუსტად არიან, უფრო მეტს ჭირვეულობენ და სახეზე გვაქვს ხასიათის ცვლილებაც, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სიმპტომებით, როგორიცაა ყელის ტკივილი, სურდო და სხვა. სისუსტე საყურადღებოა თუ ის აღენიშნება ბავშვს უსიცხო პერიოდში და გამოხატულია ძლიერი სისუსტე, არ შემოდის კონტაქტში, წამოწოლილია, მივარდნილია, სითხეს და საკვებს არ იღებს, ასეთ დროს, სასურველი და აუცილებელია ბავშვის მდგომარეობა ექიმმა შეაფასოს. სხვა შემთხვევაში ზოგადი სისუსტე, თუნდაც უსიცხო პერიოდში, ვირუსული ინფექციის დროს სავსებით ნორმალურია.

-რა უნდა იცოდეს მშობელმა, როდესაც სახეზეა მწვავე, შემაწუხებელი, შეუპოვარი ხველა, როგორ უნდა განასხვაოს ერთმანეთისგან კრუპი და ბრონქოსპაზმი და მკურნალობისას თუ აქვს მნიშვნელობა ვიცოდეთ რა ტიპის ხველასთან გვაქვს საქმე?

კრუპიც და ბრონქოსპაზმიც ხშირად ახლავს კოვიდ ინფექციას. გამომდინარე იქიდან, რომ ომიკრონი უფრო მეტად ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს, უფრო მეტად კრუპის სინდრომით ვლინდება, თუმცა გააჩნია ასაკობრივ ჯგუფსაც. წლამდე ასაკის ბავშვებში ის შეიძლება ბრონქოსპაზმით და წვრილი ბრონქების ანთებით ან ბრონქიოლიტით გამოვლინდეს. მშობლისთვის მნიშვნელოვანია მოახდინოს ხველის დიფერენცირება, რომ საავადმყოფოში მისვლამდე პირველადი დახმარება აღმოუჩინოს ბავშვს. კრუპი ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა ე.წ ხორხის ანთება, ლარინგიტი. ფართოდ გავრცელებული ტერმინებია კრუპი, ვირუსული ცრუ კრუპი და რეალური კრუპი და ეს ყველაფერი ერთ სინდრომს აღწერს, აქვს ძალიან დამახასიათებელი კლინიკური მიმდინარეობა, იქნება ეს ომიკრონით გამოწვეული თუ სხვა ვირუსული ინფექციით. უმეტესად ვლინდება ღამის საათებში, დღის განმავლობაში ბავშვს თითქოს მსუბუქი, მარტივად მიმდინარე ინფექცია აქვს, ძალიან მსუბუქი სიმპტომებით, შესაძლოა ტემპერატურის მატებაც კი არ აღინიშნებოდეს, მაგრამ ღამე საშინლად ჩახლეჩილი ხმით იღვიძებს, აქვს მყეფარე ხასიათის ხველა, ხმაურიანი სუნთქვა.  ჩასუნთქვის ფაზაში არის ძალიან სპეციფიკური ხმა, რაც ხშირად მშობლებში პანიკის მიზეზი ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია ასეთ დროს მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, რომ ბავშვიც უფრო არ ანერვიულდეს და გაღიზიანდეს, რადგან ეს მეტად გააღრმავებს ბავშვის მდგომარეობას და კიდე უფრო გააუარესებს კრუპის შეტევას. მნიშვნელოვანია, ბავშვი დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ და სხვა რამეზე გადავატანინოთ ყურადღება. კარგი იქნება თუ  ფანჯარას გამოვაღებთ და ცივ ჰაერს შემოვუშვებთ, რაც საგრძნობლად დაეხმარება ბავშვს. ასეთ დროს, აუცილებელია პედიატრთან კომუნიკაცია ან სასწრაფოს გამოძახება.

არსებობს კრუპის მართვის მეთოდები, რომელიც ბინაზე შეიძლება გამოვიყენოთ, ეს არის საინჰალაციო საშუალება ან ერთჯერადი ჰორმონოთერაპია, თუმცა ეს საკითხები აუცილებლად ყველა მშობელმა ინდივიდუალურად უნდა გაიაროს პედიატრთან, რომ იცოდეს როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს, რა მედიკამენტი გამოიყენოს და რა დოზით. ჰორმონოთერაპიის ერთჯერადად გამოყენება სრულიად დასაშვები და უსაფრთხოა, თუმცა დოზის განსაზღვრა უნდა მოხდეს წონის და ასაკის შესაბამისად, ამიტომ ინდივიდუალურად უნდა მოხდეს პედიატრთან ამ საკითხის გავლა. როგორც წესი, მძიმე კრუპი უფრო იშვიათად გვხვდება და მხოლოდ მძიმე კრუპი არის ჩვენება, რომ მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, სხვა შემთხვევაში მკურნალობა ბინაზე ხდება. რაც შეეხება ბრონქოსპაზმს, ეს არის უფრო მეტად ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების გამოხატული პრობლემა, ამიტომ ბრონქოსპაზმი უფრო კოვიდის წინა შტამებს ახასიათებდათ, ვინაიდან ომიკრონი უფრო ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს. რა თქმა უნდა, წლამდე ასაკის ბავშვებში უფრო ხშირია ბრონქოსპაზმი და წვრილი ბრონქების ანთებით მიმდინარე კოვიდ ინფექცია, რომელიც ბრონქიოლიტის სახელით არის ცნობილი და ასეთ შემთხვევაში ბავშვებს აქვთ შეტევითი ხასიათის ხველა, ამ დროს ხმის ტემბრის ცვლილება ნაკლებად გვხვდება. მშობელმა შეიძლება მსტვინავი ხმიანობაც  მოისმინოს, ძლიერი ბრონქოსპაზმის შემთხვევაში ბავშვს შეიძლება შევნიშნოთ ცხვირის ნესტოების ბერვა, რადგან დამხმარე კუნთები ერთვება სუნთქვაში, შეიძლება ნეკნთაშუა არეების მკვეთრი შეკუმშვა დაფიქსირდეს. ასეთ დროს, წლამდე ასაკის ბავშვი განსაკუთრებით საყურადღებოა და უნდა მოხდეს მისი სტაციონარში გადაყვანა. თუ პაციენტს აქვს მორეციდივე ბრონქოსპაზმები ან ხშირად აქვს სპაზმით  მიმდინარე ვირუსული ინფექციები ან აქვს ბრონქული ასთმა და ისედაც იღებს საინჰალაციო მედიკამენტებს, შეიძლება ასეთი პაციენტი არ საჭიროებდეს კლინიკაში გადაყვანას, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ სატელეფონო კონსულტაცია შეიძლება გაიაროთ პედიატრთან, რომ მოხდეს წამლის დოზის კორექცია.

-ხშირად მშობლები ინჰალაციას მედიკამენტებს ამჯობინებენ. თუმცა ექიმებისგან ხშირად გვესმის, რომ  ხველის საწინააღმდეგო სიროფის გამოყენება, განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში არ არის ეფექტური. თქვენი დაკვირვებით რომელი მკურნალობის მეთოდი უფრო ეფექტურია?

-ზოგადად, ხველა არის უბრალოდ სიმპტომი და ხველის მიღმა არის უამრავი დაავადება, უამრავი მდგომარეობა, ამიტომ მკურნალობისას მნიშვნელოვანია ხველის გამომწვევი მიზეზის დადგენა. ზოგ შემთხვევაში არც საინჰალაციო და არც დასალევი სიროფი ეფექტური არ არის. ბრონქოსპაზმით მიმდინარე მდგომარეობების დროს ან ძალიან ბევრი ინფექციური პროცესების დროს საინჰალაციო საშუალებებით მიღებული მედიკამენტების ეფექტურობა ბევრად უფრო მაღალია ვიდრე სიროფის. საინჰალაციო მედიკამენტები სულ სხვა ჯგუფის ნივთიერებებს შეიცავს, სიროფი კი სხვას, ამიტომ ასე ვერ ვიტყვით რომელი უფრო ეფექტურია, პრეპარატი ხველის გამომწვევი მიზეზის შესაბამისად ინიშნება.

-როდესაც ვსაუბრობთ ომიკრონზე, ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ წლამდე ასაკის ბავშვები უმჯობესია გადავიყვანოთ კლინიკაში. რატომ არ შეიძლება ბინაზე ვუმკურნალოთ 6 თვემდე ბავშვს თუ ის არის პრაქტიკულად უსიმპტომო ან აქვს მინიმალურად გამოხატული სიმპტომები?

თუ 6 თვემდე ბავშვს დაუდასტურდა ომიკრონი და მას არ აქვს ჩივილები ან აქვს ძალიან მსუბუქად გამოხატული სიმპტომები, ასეთი ბავშვი შეიძლება იყოს ბინაზე, მაგრამ მშობელს და ექიმს შორის უნდა იყოს ძალიან ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია, ვინაიდან 6 თვემდე ასაკის ბავშვი არამარტო ომიკრონის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი ინფექციის შემთხვევაში ძალიან საყურადღებოა, თვითონ ასაკი უკვე რისკ ფაქტორია და ძალიან ხშირად სწორედ ეს არის ჰოსპიტალიზაციის წინა პირობა. ამ ასაკის ბავშვებში დაავადება შეიძლება ძალიან სწრაფად პროგრესირდეს, მდგომარეობა შეიძლება ძალიან სწრაფად გაუარესდეს, დილის საათებში შეიძლება ძალიან მსუბუქი სიმპტომები იყოს, მაგრამ საღამოს საათებში უკვე მკვეთრად იყოს გამოხატული. თუ ჩვენ 6 თვემდე ასაკის ბავშვს ბინაზე დავტოვებთ აუცილებლად მშობელს და პედიატრს შორის დღეში რამდენჯერმე უნდა მოხდეს სატელეფონო კომუნიკაცია და მუდმივად უნდა ფასდებოდეს ბავშვის მდგომარეობა, დედას კარგად უნდა განემარტოს რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მან სასწრაფოდ სტაციონარს. 6 თვემდე ასაკის ბავშვები, თუნდაც საშუალო სიმპტომებით აუცილებლად სტაციონარში უნდა იყვნენ განთავსებულნი, რადგან მათ არ აქვთ ვირუსთან გამკლავების ისეთი ძლიერი მექანიზმი, როგორც მოზრდილ ბავშვებს და ადამიანებს. 6 თვემდე ასაკის ბავშვების ჰოსპიტალიზაცია არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რადგან  მათში დაავადება სწრაფად პროგრესირებს, მდგომარეობა  უცბად შეიძლება დამძიმდეს. ჩვილ ბავშვებში სიმპტომებთან ერთად 6 თვემდე ასაკი უკვე ერთ-ერთი კრიტერიუმია იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

-კოვიდმა მართალია ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც დატოვა ბავშვებში გარკვეული ტიპის გართულებები და გამოხატული სიმპტომები, მაგალითად სუბფებრილური ტემპერატურარა ტიპის გართულებები არის საყურადღებო?

– გართულება არის სხვა და კოვიდის შემდგომ გამოხატული სიმპტომები, მაგალითად როგორიც თქვენ ახსენეთ სუბფებრილური ტემპერატურა, სხვა. ეს არ არის გართულება, ეს არის აღწერილი შემთხვევა, რომელიც შეიძლება შეგხვდეს კოვიდის შემდგომ, თუმცა არა ომიკრონის შემდგომ. ომიკრონის შემდგომ გართულებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ეს შტამი შედარებით ახალი გამოვლენილია  და ჯერ არც ისეთი დიდი დროა გასული, რომ ჩვენ ამაზე ვიმსჯელოთ. კოვიდის წინა შტამებს ნამდვილად ახასიათებდათ გახანგრძლივებული სიმპტომები, მაგალითად დაბალი ცხელება 37,5 გრადუსამდე განსაკუთრებით საღამოს საათებში, მშრალი ხველა, რომელიც არ არის შემაწუხებელი, საერთო სისუსტე. სხვათა შორის, ბავშვთა ასაკში ხშირია კოვიდის გახანგრძლივებული ჩივილები, მაგრამ რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ნამდვილად არ საჭიროებს. რაც შეეხება გართულებას ანუ პოსტკოვიდურ სიმპტომს, აქ იგულისხმება სისტემური ანთებითი რეაქცია, რომელიც მწვავე ინფექციის გადატანიდან 3-დან 8 კვირამდე პერიოდში ვლინდება და ეს არის მულტისისტემური ანთებითი რეაქცია, კლინიკური გამოვლინებაც ძალიან მრავალფეროვანი აქვს, თუმცა 100 %-ით უნდა იყოს ცხელება, აუცილებლად უნდა აღენიშნებოდეს პაციენტს ცხელება, რომ ეს დიაგნოზი დაისვას. ასევე გვხვდება გასტროინტესტინალური ანუ კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიც არის დიარეა, ღებინება, შეიძლება იყოს კანზე გამონაყარი და სხვადასხვა ორგანოთა სისტემების ჩართვა, არ არის აუცილებელი, რომ ყველა სისტემა ერთად იყოს მოცული. საბედნიეროდ, ეს გართულებები იშვიათია, თუმცა ვლინდება და ამიტომ საყურადღებოა

-როგორც მსმენელი მსმენელი გვწერს, ბავშვი 5 დღის განმავლობაში იწვა კლინიკაში ბრონქიოლიტით,  გამოწერეს 26 თებერვალს და 2 მარტს ისევ დაეწყო ხველა და ჩაეხლიჩა ხმა. ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, უნდა გადაიყვანოს თუ არა ბავშვი ისევ სტაციონარში?

-ასეთ შემთხვევაში, ბავშვი აუცილებლად პედიატრმა უნდა შეაფასოს. ბრონქიოლიტი ანუ წვრილი ბრონქების ანთება არის ხანგრძლივი ინფექცია, რომელიც გრძელდება 7-დან 21 დღემდე, ამიტომ საავადმყოფოში პაციენტი ამდენი ხანი ცხადია ვერ დარჩება. გარკვეული პერიოდის შემდეგ პაციენტები ბინაზე აგრძელებენ მკურნალობას და იტარებენ ინჰალაციურ თერაპიას, მაგრამ თუ გაწერის დროს ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, არ ჰქონდა ხველა და ახლა თავიდან დაეწყო, ეს შესაძლოა იყოს ახალი, სხვა ინფექცია, ამიტომ აუცილებელია მდგომარეობა პედიატრმა შეაფასოს.

ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს D ვიტამინთან დაკავშირებით, თუმცა ვიცით, რომ D ვიტამინი ყოველთვის ინიშნება ვირუსულ ინფექციის დროს და ხშირად პროფილაქტიკის მიზნითაც იყენებენ. რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა D ვიტამინის მიღება?

-საერთოდ, ნებისმიერი ვიტამინის მიღება საჭიროა იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ამ ვიტამინის დეფიციტი აქვს. მხოლოდ და მხოლოდ, 2 წლამდე ასაკში D ვიტამინის გამოყენება ხდება პროფილაქტიკური მიზნით ანუ არ საჭიროებს არანაირ წინასწარ კვლევას. მთელს მსოფლიოში, ყველა ბავშვს ორ წლამდე ეძლევა D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა. სხვა შემთხვევაში, პროფილაქტიკური დოზა ან სამკურნალო დოზა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს თუ პაციენტს აქვს ჩივილები, რაც მიანიშნებს D ვიტამინის დეფიციტზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც ლაბორატორიულად უნდა დადასტურდეს დეფიციტი  და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს შესაბამისი დოზით მკურნალობა. ის, რომ ყველა ადამიანმა, რომელსაც დაუდასტურდება კოვიდ-19 უნდა მიიღოს D ვიტამინი, ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს. მართალია ვიტამინები აძლიერებენ ჩვენს იმუნურ სისტემას და გვეხმარებიან ინფექციასთან ბრძოლაში, მაგრამ D ვიტამინის რუტინულად გამოყენება, თუ საჭიროება არ მოითხოვს, მიზან შეწონილი არ არის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები