ლიზი კოტრიკაძე „რუსთავი 2“-ის პროექტის „საქართველოს ხმა“ ნამდვილი აღმოჩენა გახდა. გოგონამ პირველივე კასტინგზე დათო ფორჩხიძისგან ოქროს ბილეთი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფინალური ათეულის წევრი ავტომატურად გახდა.
მის შესრულებას „მე მზეს ვატან“ უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს სოციალურ ქსელში.
ლიზი ყოფილი ფეხბურთელია, ამჟამად ფასტ ფუდის კომპანიაში მუშაობს და ტკბება იმ პოპულარობით, რაც პროექტში პირველივე გამოჩენიდან მიიღო და დაიმსახურა, ხალხის სიყვარულთან და დადებით შეფასებებთან ერთად…
fortuna.ge-ს ის საინტერესო თემებზე ესაუბრა. 19 წლის გოგონამ ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან…
ლიზი, ელოდებოდი ასეთ გამოხმაურებას მას შემდეგ, რაც „საქართველოს ხმის“ პირველი კასტინგი გავიდა ეთერში და სოციალურ ქსელში შენი ნამღერი „მე მზეს ვატან“ განთავსდა?
„საქართველოს ხმა“ არის ძალიან მაგარი მუსიკალური პროექტი, რომელიც ყველას აძლევს შანსს, რომ გამოიჩინოს თავი და ამ ინდუსტრიაში საკუთარი თავი დაიმკვიდროს. კიდევ ერთი დადებითი ის აქვს, რომ ხალხის სურვილი შესრულდა, რადგან ახალგაზრდებს ამღერებენ ქართულ სიმღერებს. მგონია, რომ ქართული სიმღერის მიმართ სიყვარულს ჩვენს თაობაში კიდევ უფრო გაამყარებს.
რაც შეეხება მოლოდინს, არ ველოდი ასეთ გამოხმაურებასა და დიდ სიყვარულს, რომელიც მაყურებელმა გამოამჟღავნა ჩემ მიმართ. სხვათა შორის, ვიდეო რომ დაიდო, უკვე მეძინა (იღიმის). პროექტს რომ ვუყურე, ემოციებით ვიყავი დატვირთული და დამეძინა. მეორე დილას რომ გავიღვიძე, ვნახე, რომ სასწაული ხდებოდა. მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, რამდენი კომენტარიც დაიწერა, ყველას დიდი მადლობა…
როგორ შეგიყვარდა ქართული სიმღერა?
19 წლის ვარ და 14-15 წლის ასაკში ქართულ სიმღერებს არც ვუსმენდი და არც ვმღეროდი. სულ უცხოურ სიმღერებს ვუსმენდი და ვასრულებდი. არ მინდოდა ქართულის მღერა. დაახლოებით 17 წლის ვიყავი, როცა ქართულით დავინტერესდი. ირაკლი ჩარკვიანით დავიწყე, მერე სხვებზე გადავინაცვლე და დავინტერესდი, ვინ რას წერდა… ჩემი მუსიკის მასწავლებელმა, რომელთანაც რამდენიმე წელი დავდიოდი, ნანა ჟღერიამ, „საქართველოს ხმის“ ეთერში გასვლის შემდეგ დამირეკა და მითხრა, ხომ გეუბნებოდი, რომ შეგიძლია ქართული სიმღერის შესრულებაო.

ეს რატომ გითხრა?
ვეუბნებოდი, არასდროს მამღერო ქართული სიმღერა-მეთქი. რა თქმა უნდა, რაღაც-რაღაცებს მაინც მამღერებდა… ირაკლი ჩარკვიანის მერე მოვისმინე ცაბაძე, კახიძე, ყანჩელი და სრულად გადატრიალდა ჩემი ცხოვრება. ყველა ქართველი მუსიკოსი გენიალური და დასაფასებელია.
რადგან ყოფილი ფეხბურთელი ხარ, მინდა გკითხო, უფრო სიმღერა თუ უფრო სპორტი?
სიმღერა, რა თქმა უნდა.
ამას ახლა მიხვდი?
მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიცოდი, რომ სიმღერა იქნებოდა ის, რასაც გავაკეთებდი. ალბათ, 4 წლის ვიყავი, დამოუკიდებლად აზროვნება რომ დავიწყე და მივხვდი, რომ სიმღერა მინდოდა და ის იყო მთავარი.
ფეხბურთით როგორ დაინტერესდი?
ფეხბურთით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული. უბანში სულ ბიჭების გარემოცვაში გავიზარდე, ჩემს სამეგობროში არსებობენ ძმაკაცები და ერთი-ორი დაქალი. მყავს პატარა ძმა, რომელსაც ფეხბურთი მე შევაყვარე. უბნელები დამიძახებდნენ ხოლმე, ჩამოდი, ფეხბურთი ვითამაშოთო… კორპუსის გვერდით კედელზე მოვიწყვეთ კარი… ყველაფერს მე ვაორგანიზებდი. მერე გავიცანი ჩემზე დიდი ასაკის სპორტსმენები და გავიგე, რომ არსებობდა ქალთა ფეხბურთი. მაშინ არ იყო ასე განვითარებული. დედას რომ ვუთხარი, ფეხბურთზე შესვლა მინდა-მეთქი, 8-9 წლის ვიყავი. დედა გაგიჟდა, მამას გაეცინა, ქალი და ფეხბურთი ვერ წარმოედგინათ. როცა 18 წლის გავხდი, ჩემმა უახლოესი მეგობრები, ვერიკო და სალომე, რომლებიც ფეხბურთელები არიან, მივიდნენ გუნდში ბაჩა კალანდაძესთან… მეც მივყევი და შევაბიჯე დიდ ფეხბურთში. ბაჩა ძალიან მიყვარს… ფეხბურთში ნებისმიერ ემოციის გადატანა მოედანზე შეგიძლია, ბრაზი იქნება ეს თუ სიხარული. ამაში ბურთი გეხმარება. არის ძალიან დიდი გამოცდილება, რადგან სწავლობ გუნდურობას, იმას, რომ მარტო შენ არ ხარ მთავარი, თუ გუნდი არ არის კარგი, გამარჯვებას ვერ მოიპოვებ. მაისურზე გუნდის ლოგოა წინ და სახელი უკან, რადგან გუნდია მთავარი. ის ჩემთვის ოჯახივითაა. ახლა თავი დანებებული მაქვს, რადგან სამსახურს ვერ ვუთავსებდი. კონკურსზე ძალიან მგულშემატკივრობენ და უკან მიხმობენ, მეუბნებიან, რომ ფეხბურთს უნდა დავუბრუნდე…

ამჟამად სად მუშაობ?
ერთ-ერთ ფასტ-ფუდის კომპანიაში, სადაც თავიდან მეპიცე ვიყავი, მაგრამ ერთ პოზიციაზე ჩემთვის ყოფნა დიდხანს საინტერესო არ არის, მიყვარს, ბევრ რამეს რომ ვარ მიდებ-მოდებული (იცინის). ახლა დამაწინაურეს და გავხდი კონსულტანტი, ახლა კი კოორდინატორი ვარ. კარგია, როცა ხალხთან კომუნიკაცია მიწევს, მათ ვეხუმრები და ვაბედნიერებ. კომპანიიდან რამდენჯერმე წამოვედი, მაგრამ ახლა ისევ დავბრუნდი.
მთავარი მიზანი, როგორც აღნიშნე, სიმღერას უკავშირდება…
მე და ერეკლე თურქაძე, რომელიც „საქართველოს ხმაზე“ გავიცანი, ვაპირებთ ერთად ძალიან მაგარ რაღაცებს…
რას უპასუხებდი ადამიანებს, რომლებიც კითხულობენ, როგორ შეუძლია 19 წლის გოგონას ასე სიღრმისეულად სიმღერის გათავისება და შესრულება?
არ ვიცი, სიმღერაში თავისით მოდის გრძნობები და დანარჩენი ყველაფერი. თუ გაინტერესებთ, ვინმეს ვუმღერი თუ არა კონკრეტულად, არა, არავინ არსებობს. უბრალოდ, იმ მომენტში წარმოვიდგენ ხოლმე ადამიანს, ვინც ეს სიმღერა დაწერა, ვფიქრობ, ავტორმა როგორ დაწერა და რას განიცდიდა, ზოგჯერ მსმენელს, რომელსაც საკუთარი ისტორია შეიძლება აკავშირებდეს სიმღერასთან. ეგ არის მუსიკა, რა…
ლაშა ღლონტმა, რომელიც ასრულებს ნატო გელაშვილის სიმღერას „მე მზეს ვატან“, გააზიარა შენი შესრულება და შეგაქო…
ლაშა ღლონტის გამოხმაურებას მართლა არ ველოდი. ძალიან გამიხარდა და მგონი, სწორ გზას ვადგავარ.

მღერი, ფანდურზე უკრავ და ფეხბურთელი ხარ – ამ კომბინაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, შენს ხმასთან ერთად. ახლა ოჯახი როგორ უყურებს შენს გატაცებებს? დაარწმუნე, რომ სწორია შენი გზა?
კი, დედაჩემი დავარწმუნე… როდესაც ეროვნული გამოცდების ჩაბარების დრო დადგა, თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩავაბარე ილიაში, დედას უნდოდა, ისტორიკოსი ვყოფილიყავი და მქონოდა მასწავლებლის პროფესია. ილიას უნივერსიტეტში სულ ოთხჯერ ვიყავი (იცინის). თავიდანვე თეატრალურზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ოჯახისგან იყო არა… დედას სურვილი კი შევასრულე, მაგრამ მერე მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა და დამრთო ნება, რომ თეატრალურზე ჩავაბარო. ასე რომ, ვაპირებ ამ სურვილის ასრულებას. დედაჩემს სულ ვეუბნები, ხომ ხედავ, ის გავაკეთე, რისი გაკეთებაც მინდოდა-მეთქი. დიდი მეამბოხე ვარ… თუ სიმართლეა ის, რისი გატანაც მინდა, ბოლომდე მივაწვები რქებით. არსებობს პრიორიტეტები, რასაც არ გადავახტები. თვალს ვერ დავხუჭავ უსამართლობაზე.
ფეხბურთის თამაშთან ერთად, ვიცი, რომ კარგი მოცურავეც ხარ…
ძალიან მიყვარს ცურვა, ზღვა ჩემთვის სასწაულია, ვმშვიდდები და წყალში ბოლომდე თავისუფალი ვარ. ჩემი ძმა გამომყვა ერთხელ სიღრმეში და ვეღარ ახერხებდა ცურვას, იძირებოდა, უკან მოვბრუნდი და წყლიდან გამოვიყვანე. კიდევ კარგი, იქ ვიყავი. წყლიდან ამომიყვანია სრულიად უცნობი ადამიანებიც. ერთი გოგონა კამერიდან გადავარდა წყალში და ვეღარ ახერხებდა ამოსვლას, მე და ჩემმა მეგობარმა ძლივს გადავარჩინეთ.
როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 10 წელიწადში?
პიროვნულად, ჩემი აზრით, არაფერი შეიცვლება. ზუსტად ასეთივე ვიქნები, როგორიც ვარ, თავისუფალი და დამოუკიდებელი. თავი სცენაზე წარმომიდგენია და ვიცი, რომ აუცილებლად ასეც იქნება…
ფოტო: დათუნა აგასი