ბევრი პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს განსაკუთრებული შანსი აქვს ევროპასთან კიდევ მეტი ინტეგრაციისთვის და რომ მსგავსი შანსი აქამდე არ ყოფილა. თავის დროზე, ახალგამოცხადებულ დამოუკიდებელ საქართველოს სხვა პრობლემები აწუხებდა, იმ პერიოდში დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება არ ყოფილა მარტივი საქმე და მაშინ მიდგომები და შეხედულებაც განსხვავებული იყო. ამჟამად კი გეოპოლიტიკური ვითარება შეცვლილია.
ევროპის მნიშვნელობასა და ევროინტეგრაციის საკითხებზე ვესაუბრებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიას, რომელიც თავადაც იყო პოლიტიკაში და მოგეხსენებათ ასევე გახლავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი.
ბატონო კონსტანტინე, ევროპის უპირატესობებზე რომ ვისაუბროთ როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ისე სოციალურ -ეკონომიკური თვალსაზრისით…
თავისთავად შეკითხვა არ არის მარტივი. ზოგადად ევროპა მაინც უფრო კომპლექსური და რთული ფენომენია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მართლაც რა არის ევროპა? ეს არის მაღაროებით გამოხრული, რკინიგზებით დაქსასული, ელექტროსადენებით გადავსებული კონტინენტი თუ რაღაც სხვაც არის? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა არის უდიდესი ტრადიციები, ბევრი კულტურის ძეგლი, მუზეუმები, მათზე იქმნება საინტერესო და შინაარსიანი ლიტერატურა და ისწავლება უნივერსიტეტებში მაღალ დონეზე.
მეორეს მხრივ, თანამედროვე ევროპა არის 27 ქვეყნის გაერთიანება თავისი პოლიტიკური ცენტრით და ერთმანეთთან საკმაოდ დაახლოებული საგარეო პოლიტიკით, ეკონომიკით, პოლიტიკური სისტემით. უმთავრესი აქ არის დემოკრატიული სისტემა, არის რესპუბლიკანიზმი, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც გვაქვს მონარქია, იქაც რესპუბლიკური წყობაა და მონარქია უბრალოდ წარსულის ძეგლია.
ევროპა არის უნივერსალისტური მოდელი იმ გაგებით, რომ მიმდინარეობს მოდერნიზაცია და ემყარება აზრობრივ თვითგამორკვევას. მოდერნიზაცია სხვადასხვა დარგში საკმაოდ ჩქარდება და იგი წარმოადგენს ერთგვარ აღმატებულ პარადიგმას და მას სხვა ქვეყნებაც უნდა მისდიონ.
ახლა დასავლეთი საკმაოდ აქტიურია ჩვენს მიმართ. 1990-იან წლებში რატომ დაიხია უკან სსრკ-ს დანგრევის შემდეგ, ან მაშინ, რომ მეტი მხარდაჭერა ყოფილიყო, დღეს რა გეოპოლიტიკური ვითარება იქნებოდა?
ევროკავშირის ქმნადობა და სსრკ-ს დაშლა თითქმის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ევროკავშირი ამას დამოუკიდებლად ალბათ ვერ შეძლებდა. იგი ძალიან ძლიერად იყო დამოკიდებული ამერიკელ მოკავშირეებზე და რეალურად გადაწყვეტილებასაც ისინი იღებდნენ, ამერიკელები და ბრიტანელები. შემდეგ უკვე, მათთან ერთად გადაწყვეტილებებს იღებდნენ პარიზი და ბერლინი.
მაშინ ზოგადად სულ სხვა მიდგომა იყო გაბატონებული და მათ შორის ამერიკულ პოლიტიკაში. მაინც მიაჩნდათ, რომ საბჭოთა კავშირი რაღაც ფორმით შენარჩუნდებოდა და მხარსაც კი უჭერდნენ. მათი საყვედურები, ამერიკის ლიდერშიპის, ზვიად გამსახურდიას მიმართაც ასეთი იყო – მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ. რას ნიშნავს დინება? რომ საბჭოთა კავშირი გარკვეული ფორმით უნდა შენარჩუნდეს და ეს არის აშშ-ს ინტერესებშიც.
სამწუხაროდ, დასავლეთს მაშინ არ ჰქონდა მკაფიო და რეალისტური კონცეპტი საბჭოთა კავშირის სივრცესთან და რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. ვერ აცნობიერებდა, რომ ე.წ. დიფ სტეიტი, სიღრმისეული სახელმწიფო საბჭოთა კავშირისა დარჩა და ჩამოიშალა მხოლოდ ფასადი, რუსეთის ფედერაციაში დარჩა ეს ღრმა სახელმწიფო, რომელიც განაგრძობდა არსებობას.
დასავლეთის პარადიგმა გულისხმობდა თანაარსებობას ამ საბჭოთა კავშირთან, მაგრამ უკანასკნელ ხანს გამოიკვეთა, რომ ეს შეუძლებელია. ყოფილი საბჭოთა სივრცე რუსეთთან ერთად არ არის მზად, რომ მოითმინოს დასავლეთი და ყოველთვის გააგრძელებს დაპირისპირებას და საფრთხეს შეუქმნის მას.
მაშინ მართალია სხვა საკითხები იყო პრიორიტეტული, მაგრამ ბატონ ზვიადს როგორ წარმოედგინა ევროპასთან ურთიერთობა?
ეს ჩანს საგარეო პოლიტიკიდან. კერძოდ, მისი პრეზიდენტობის დროს დელეგაცია ჩავიდა აშშ-ში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პარლამენტის თავჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა საფრანგეთსა და გერმანიაში, მაგრამ დიდი წარმატებით ეს მისიები არ გამოირჩეოდა, რადგან დასავლეთი ერიდებოდა პირდაპირ კავშირებს საქართველოს დამოუკიდებელ ხელისუფლებასთან.
თუმცა იყო გარკვეული წარმატებები, რუმინეთის მიერ საქართველოს აღიარება რაღაცას ნიშნავდა. ხოლო 1992 წლის დადგომისთანავე საქართველო ცნო 28 ქვეყანამ. მათ შორის აშშ-მაც. ამ პოლიტიკამ გამოიღო შედეგი და ეს იყო აღიარება.
დასავლეთმა მაინც მთლიანდ არ შეიცვალა დამოკიდებულება, რაც მანამდე ჰქონდა, მაგრამ ეს დამოკიდებულება იცვლებოდა დროთა განმავლობაში, აღარ რჩებოდა იგივე და ეს განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოჩნდა.
რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ ევროპას ისეთი, რომ არა დროებითი ინტერესის საგანი იყოს, არამედ გრძელვადიანი ხანგრძლივი საჭიროება დავანახოთ?
გეოგრაფიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დახედეთ რუკას. ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანიდან ჩამოყევით არაბეთის ზღვამდე. საკმაოდ დიდი მანძილია, ერთადერთი საჰაერო დერეფანი არის საქართველო და კავკასია, სხვაგან ფაქტობრივად თვითმფრინავები უბრალოდ ვეღარ იფრენენ. სხვა შემთხვევაში მოუწევთ აფრიკაზე გადაფრენა, ეს კი არის გრძელი და მოვლითი გზა. სხვაგან ფაქტობრივად შეუძლებელია მოძრაობა. საქართველო-აზერბაიჯანი – ეს არის ის დერეფანი, რომელიც მსოფლიოს ორ ნახევარსფეროს ერთმანეთთან აერთებს, დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია.
შემდეგ მოდის ისრაელი-პალესტინა-ირან-ერაყის ზოლი და აქაც ვერ იფრენს. შემდეგ მოდიან ჰუსიტები, ესენი ესვრიან კომერციულ გემებს და არ არის გამორიცხული მომავალში თვითმფრინავებსაც.
საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთი არის ერთგვარი ვიწრობი, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს.
ესეც რომ დაიხუროს, ვთქვათ დესტაბილიზაციის გამო, ჩათვალეთ რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი გაგლეჯილია ერთმანეთისგან.
რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს რუსეთ-უკრაინის ომზე და რა ვითარებას მივიღებთ ომის შემდეგ რეგიონშიც, ევროპაში, მსოფლიო რუკაზე?
ეს ცხადია დამოკიდებულია იმაზე როგორ დასრულდება და რა პირობებით დასრულდება. უკრაინამაც უნდა გააგრძელოს არსებობა და რუსეთიც თავისთავად გააგრძელებს. ვნახოთ როგორ გადანაწილდება ეს ტერიტორია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, რომ უკრაინამ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში საქართველოც შეძლებს ტერიტორიების აღდგენას და ეს პრეცედენტი არ იქნება დაშვებული, რომ რომელიღაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მეზობელმა ქვეყანამ დაარღვიოს უხეში ძალით, აგრესიითა და თავდასხმით.
ვფიქრობ, რომ შეუძლებელია კონფლიქტის გაყინვა, ამას არცერთი მხარე არ დაუშვებს. ალბათ უნდა გამოიკვეთოს გამარჯვებული და არც თუ დამარცხებული.