LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველ წამს მეგონა, რომ მოვკვდებოდი.. პირველად სწორედ კლინიკაში განვიცადე პანიკური შეტევა, მივხვდი, რომ არ მინდოდა სიკვდილი..“ – გოგო, რომელმაც ანორექსია დაძლია, საზოგადოებას მიმართავს

256
მანუ

არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave-ი საკუთარ ფეისბუკგვერდზე გვიზიარებს მანუ თავაძის ისტორიას, რომელმაც ანორექსია დაძლია.

მანუ თავაძე ფიქრობს, რომ დღევანდელი თაობა განსაკუთრებით არის კვებითი აშლილობების საფრთხის ქვეშ, თუმცა, ვერ წარმოიდგენდა, რომ თავად მოუწევდა ანორექსიისგან თავის დაღწევის ისტორიის მოყოლა.

მანუ დეტალურად იხსენებს თავის მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ „ყველაფერი საინტერესო, რაც ცხოვრებაში ხდება, შიშის გარეშე არ არსებობს“ და ადამიანებმა პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა შეიყვარონ.

გთავაზობთ მანუ თავაძის ისტორიას, რომელსაც თავად უზიარებს საზოგადოებას:

„დავდიოდი ბალეტზე, ვადარებდი ჩემს თავს სხვა ბავშვებს, იმდენად ჩვევაში გადამივიდა ეს, რომ ვისთან ერთადაც არ უნდა ვყოფილიყავი ყველას ვადარებდი ჩემს სხეულს. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ თავი საფრთხეში არ ჩავიგდე.

როდესაც სიმპტომები დამეწყო 17 წლის ვიყავი, აბიტურიენტი, და გაუთავებელი დავალებებისა და სტრესის გარდა, დავიწყე ჩემ გარშემო გამხდარ ადამიანებზე დაკვირვება. როგორ იკვებებოდნენ, დავაფიქსირე, რომ ყველას რატომღაც იმ ადამიანთან სურდა ურთიერთობა, ვინც გამხდარი იყო. დავიჯერე, რომ საზოგადოებისთვის მისაღები და საინტერესო რომ ვყოფილიყავი, მეც მათ უნდა დავმსგავსებოდი. ნელ-ნელა დავიწყე ჩემს რაციონში საკვების შემცირება და თავს ვაჯერებდი, რომ ეს ჩემთვის საკმარისი იყო. ჩემს თავს რიტუალები დავუწესე, რაც შეიცავდა საჭმლის გარკვეული რაოდენობის მიღებას კონკრეტულ დროს. მათი შესრულებისას ყოველ დღე თავდაჯერება მემატებოდა, მაგრამ ამავდროულად, ვსუსტდებოდი.

ვგრძნობდი, რომ შიმშილისგან თავბრუ მეხვეოდა და ხელები მიკანკალებდა, მაგრამ თავს ვაჯერებდი, რომ ეს გადატანილი კოვიდის ბრალი იყო. საწყის ეტაპზე კონცენტრაცია მიჭირდა, რადგან საჭმელზე ფიქრობდა ჩემი ტვინი, მაგრამ ამ აზრებს ვთრგუნავდი.

დაიწყო დეპრესია, შემიწყდა მენსტრუაცია. შემდეგი ეტაპი უკვე ის იყო, რომ ტვინი ვეღარ აღიქვამდა საფრთხეს, გული შენელებული მქონდა და ყოველ წამს მეგონა, რომ მოვკვდებოდი. მაგრამ ეს დაავადება გაჯერებს, რომ იმისთვის იწვალე ამდენი, რომ ზუსტად ასეთი განსხვავებული ყოფილიყავი. ასე გაგრძელდა 2021 წლის დეკემბრამდე, სანამ კლინიკაში არ ამოვყავი თავი.

2021 წლის დეკემბერში ჩემმა ექიმმა ანალიზების პასუხები რომ ნახა, თვალებზე ცრემლები მოადგა. მიხვდა, რომ შეუქცევადი პროცესები იწყებოდა და კლინიკაში დაწოლის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობდა. პირველად სწორედ კლინიკაში განვიცადე პანიკური შეტევა და მივხვდი, რომ არ მინდოდა სიკვდილი.

დავიწყე ჩემი თავის გვერდიდან აღქმა, როგორ დავეხმარებოდი ჩემს თავს სხვა რომ ვყოფილიყავი. ჩემი ორგანიზმის გვერდიდან დანახვა ვისწავლე. საწყის ეტაპზე ყველაზე რთულია ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ იმისთვის არიან სპეციალისტები, რომ გითხრან ეს სირთულე როგორი ბუნებრივია. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ სახლში გავაგრძელე ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ამ პრობლემასთან გამკლავება. ყოველ ლუკმაზე ჩემი ხელი ეჭირათ და ყოველი ტირილის დროს ზუსტად იმას მეუბნებოდნენ, რაც მჭირდებოდა, რომ მომესმინა. გამოჯანმრთელება ხანგრძლივი პროცესია. შენს თავს ებრძვი ყოველ პატარა ნაბიჯსა და გამოწვევაზე.

სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს კვებითი აშლილობების სპეციალიზებული კლინიკა, რაც უდიდეს პრობლემად მიმაჩნია. ამ კლინიკებში ხდება კვებითი აშლილობის დიაგნოზიანი ადამიანების მუდმივი მონიტორინგი, რაც აუცილებელია. მე გამიმართლა, რომ ჩემს გარშემო ძალიან კარგი ექიმების ჯგუფი შეიკრა, რათა გამოვჯანმრთელებულიყავი, თუმცა მსგავსი კლინიკების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოში კვებით აშლილობებზე არ ლაპარაკობენ, ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებული თემაა და შესაბამისად მე იმ პერიოდში ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა იყო ის, რომ ვინმეს ჩემი მდგომარეობა ზუსტად გაეზიარებინა და ეთქვა, რომ მარტო არ ვარ. გამოსავალი მხოლოდ შენში არსებობს, უბრალოდ უნდა იპოვო ძალა, რომ საყვარელი ადამიანებისთვის, საქმიანობისთვის, ინტერესებისთვის, შინაური ცხოველისთვის ან თუნდაც იმიტომ გააგრძელო სიცოცხლე, რომ სხვა ადამიანებისთვის მაგალითი იყო. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივაცია ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო.
რაც ყველაზე მთავარია, აუცილებელია, რომ უცნაურ ჩვევებს და კვებით დარღვევებს თავიდანვე სერიოზული ყურადღება მივაქციოთ, რადგან მერე და მერე უფრო რთულდება ამ ჯურღმულიდან ამოსვლა.

სექტემბერში, როდესაც ციკლი აღმიდგა, სხეული უკვე კარგად ფუნქციონირებდა. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ყველაფერი ამით არ გვარდება, მაგრამ დროსთან ერთად იწყებ შენი ორგანიზმის მექანიზმის დაფასებას და აღიქვამ, თუ რამდენს შრომობს იმისთვის, რომ იცოცხლო. ახლა ბედნიერი ვარ და რაც მთავარია ტყუილების გარეშე ვარ ის, ვინც ვარ და ისეთი ადამიანები მყავს გვერდით, რომლებსაც უპირობოდ ვუყვარვარ და ვჭირდები.

სხვა ვერავინ გიშველის, თუ არა შენი თავი. და საკმარისად უნდა გვიყვარდეს ჩვენი თავი, რომ ამ ურთულესი გზის გადალახვის შემდეგ მივხვდეთ, რომ ძლიერები ვართ. ყველა კვებით აშლილობას კომფორტის ზონის დარღვევის სიძნელე ახლავს. უბრალოდ ცვლილების გეშინია და გგონია, რომ ასე უფრო მშვიდად ხარ, ცვლილებები კი აგრევს. სწორედ ცვლილებები და შიშისთვის თვალის გასწორებაა ხსნა, რადგან ყველაფერი საინტერესო, რაც ცხოვრებაში ხდება, შიშის გარეშე არ არსებობს“, — მანუ თავაძე

 

წყარო: GrlzWave
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g