„მთავარმა არხის“ მიერ გამოქვეყნებული სპეცრაზმელების სიაში მყოფი ერთ-ერთი სპეცრაზმელის დედა ამბობს, რომ შესაძლოა მის შვილს მონაწილეობა არ მიუღია დარბევაში. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობს ასე, ის პასუხობს:
„ჩემი შვილი გორშია. გადაამოწმეთ თუ გინდათ. ყოველთვის იმას მეუბნება, რომ მე შენ თავს არასდროს არ დაგახრევინებო და იმედი მაქვს მე ჩემი შვილის. შვილი გავზარდე ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს ემსახუროს. ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა რაც ხდება ქვეყანაში. იმედი მაქვს მალე დამთავრდება ეს ყველაფერი და მშვიდობა იქნება, სიკეთით დასრულდება. კაცთმოყვარედ ვზრდიდი ჩემს შვილს, ადამიანურად გავზარდე და ვთვლი, რომ ძალიან კარგი ადამიანია და სხვანაირად არ შემიძლია.
მე ეს სიტყვები ყოველთვის მიტრიალებს თავში, მე შენს თავს არასდროს არ დაგახრევინებო და მაშინ გამოვა, რომ სულ თავჩაქინდრულმა უნდა ვიარო“, – ამბობს „მთავარ არხთან“ სპეცრაზმელის დედა.