LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის მინდოდა ჩემი რუსთავისთვის სიმღერის მიძღვნა და ჩავთვალე, რომ სწორედ “ჩემო დაკარგულო” მოერგებოდა ყველაზე კარგად – დათო ნეფარიძე

8
nefaridzedato

8 ნოემბერს რადიო “არ დაიდარდოს” და ლაშა რამიშვილის გადაცემას “ღვინო, დუდუკი და ქალები” მომღერალი დათო ნეფარიძე სტუმრობდა, რომელთაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა და ახალი ნამუშევარი “ჩემო დაკარგულო” წარმოადგინა.

– დათო, შენი სიმღერები ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა პანდემიამ ყველას აურია გეგმები. რამდენად რთული აღმოჩნდა შენთვის შეზღუდვების და რეგულაციების პირობებში ცხოვრება და საქმიანობა?

– პანდემიამდე საკუთარი ჯგუფი შევქმენი და სიმღერა “თუთის ხესთან” ჩავწერე. მართლაც გრანდიოზული გეგმები გვქონდა, თუმცა გაკეთება ნაკლებად გამოგვივიდა, მხოლოდ ერთი ძველი სიმღერა “ჰარალე” ჩავწერეთ ახალი ვერსიით და კლიპიც გადავიღეთ. სხვათა შორის, პანდემია არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობას ზღუდავს, არამედ ეკონომიკაზე აისახება ნეგატიურად. შესაბამისად ჩვენც ძალიან ვწვალობთ, რადგან კარგი სიმღერის გაკეთებას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება. შესაძლოა, სწორედ მატერიალური პრობლემების ბრალია მუსიკალური პროდუქტის შემცირება და ხარისხის გაუარესება. პირადად მე არასდროს ვფიქრობ, რამდენად მომგებიანი იქნება სიმღერა კომერციულად, რადგან ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია საკუთარი სათქმელის მსმენელისთვის გაზიარება, ყველაზე სასიამო გრძნობა კი – საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილებაა, როცა იცი, რომ მაქსიმუმი გააკეთე და მართლა კარგი სიმღერა გამოვიდა.

– რა შთაგაგონებს ცნობილი სიმღერების საკუთარი ვერსიით გაკეთებაზე, არანჟირებას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებ, თუ მეგობრებთან ერთად მსჯელობას?

– სიმღერის არჩევისას პირველ რიგში ტექსტით ვინტერესდები, დიდი მნიშვნელობა აქვს მელოდიასაც. ზოგადად, მუსიკას ძალიან დიდი ძალა აქვს და ყოველთვის თან ახლავს ადამიანს განურჩევლად განწყობისა. ერთ-ერთმა მსმენელმა ისიც კი, მითხრა, თითქოს თავის მოკვლას აპირებდა და მხოლოდ ჩემმა სიმღერამ გადააფიქრებინა.

– მეტწილად ოთარ რამიშვილის შემოქმედებას მიმართავ და მისი სიმღერების შენეულ ვერსიას სთავაზობ მსმენელს. რით მოგხიბლა ბატონი ოთარის შემოქმედებამ?

– ბავშვობიდან ხრინწიანი ხმა მქონდა. ძალიან არ ვუყვარდი მასწავლებლებს, რადგან არასდროს გამომდიოდა ჩურჩული. 11 წლის ვიყავი, როცა პირველად მოვუსმინე ბატონ ოთარს და სწორედ ხრინწიანი ხმის წყალობით შევძელი მისი სიმღერების ინტერპრეტირება. ამასთანავე, ძალიან მომეწონა მისი ტექსტები, რადგან ჩემი აზრით ოთარ რამიშვილი ჯერ პოეტი იყო და მხოლოდ შემდეგ მუსიკოსი.

– როგორ შეიქმნა სიმღერა “ჩემო დაკარგულო”?

– მართალია, სიმღერა ნაკლებად ცნობილ ავტორს ილო წამალაშვილს ეკუთვნის, მაგრამ მე არასდროს ვაქცევ ყურადღებას სახელებს. ძალიან მომეწონა სიმღერის ოდნავ ნაღვლიანი ტექსტი, მისი ჩემეულად გაკეთება მომინდა და ჩავწერე კიდეც. ყოველთვის მინდოდა ჩემი რუსთავისთვის სიმღერის მიძღვნა და ჩავთვალე, რომ სწორედ “ჩემო დაკარგულო” მოერგებოდა ყველაზე კარგად, რადგან მანამდე არასდროს მომისმენია სიმღერა იაღლუჯის მთებზე.

 

დათო ნეფარიძე – ჩემო დაკარგულო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დათო ნეფარიძე – გული უმღერის გულს. Live

 

დათო ნეფარიძე – რა კარგი ხარ სიყვარულო. Live

 

დათო ნეფარიძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები