ყოველთვის რუსთაველზე წყდებოდა საქართველოს ბედი და ესეც რუსთაველზე გადაწყდება, – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული, ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებლის ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა.
„შეიძლება მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდეს. თუ იმას ვერ მივაღწიეთ, რომ არჩევნები ბუტაფორიად იქცა და შედეგი არ გამოიღო, არაა გამორიცხული, შეიცვალოს მოთხოვნები. პირობითად: დე-ფაქტო, თვითმარქვია ხელისუფლების გადადგომაზე წავიდეს მოთხოვნები. შეიცვალოს შეძახილების და სკანდირების ფორმები.
პირობითად: დღეს თუ ვამბობთ, „არსად სამართალი, ყველგან პოლიცია”, ეს შეიძლება შეიცვალოს მოთხოვნით: „ქოცებო წადით”. ქუჩის პროტესტს ყოველთვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ყოველთვის რუსთაველზე წყდებოდა საქართველოს ბედი და ესეც რუსთაველზე გადაწყდება.
რაც შეეხება სასამართლოს საკითხებს, კარგად ვნახეთ, რომ სასამართლო არის აბსოლუტური ბუტაფორია. სასამართლოში არაფერი არ წყდება და სასამართლოს ნდობა არის ნულოვანი. ჩვენ ვნახეთ ზვიადის და მასთან დაკავშირებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი. მოსამართლე თითქოს უსმენდა, მიჰყვებოდა ლოგიკურ პროცესებს. მშვიდ გარემოში წარიმართა პროცესი, რამაც შექმნა მოლოდინი, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ყველას ვეუბნებოდი, ერთი წუთითაც არ ეფიქრათ, რომ მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.
სასამართლო ინსტიტუტი დღეს მომართულია, რომ დავალებები შეასრულოს. სხვა მეტი ფუნქცია სასამართლოს არ აქვს. აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება და დატოვა პატიმრობაში. ეს სასამართლო ყოველთვის დატოვებს მათ პატიმრობაში, რადგან ამ ახალგაზრდებს იმიჯი, საზოგადოებრივი ნდობა და ძალა ჩამოუყალიბდათ, ამ ძალას და თავიანთ ენერგიას ციხის კამერებიდანაც ასხივებენ. ამათი შიში გაუჩნდა უკვე დე-ფაქტო ხელისუფლებას და მარტო ამიტომაც არ გამოუშვებენ. წარმოიდგინეთ, 50 პოლიტპატიმარი რომ გამოუშვან და მათ მოწოდება გააკეთონ: ხვალ გამოდით და ხელისუფლებას სხვანაირად შევუტიოთ.
ხომ მიხვდით, რა რეაქცია მოჰყვება ამას?! გარდა იმისა, რომ სასამართლო მკვდარია, ამ ახალგაზრდების, ციხის კონტინგენტის გარეთ გამოშვების შიშიც აქვთ. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მოლოდინი არის ქუჩა. ეს ქუჩა პროცესებს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. ხალხი არის ხელისუფლების წყარო. ხალხი აიღებს პასუხისმგებლობას და მიიყვანს ამას ლოგიკურ დასასრულამდე“, – აცხადებს ზვიად ცეცხლაძე „ინტერპრესნიუსთან“.