LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველწლიურად 50-70 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას – ეკონომიკის მინისტრი

I-Need-A-Job

“2025 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად 50-70 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სამ მიმართულებას: სამუშაო ადგილების შექმნა, ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარება, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაო ადგილების შექმნა მხოლოდ ლოზუნგი არ არის.

„ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, ვიცით, რომ უმუშევრობის დონე იკლებს, მაგრამ მაინც ძალიან მაღალი რჩება, რაც ჩვენი სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შეიქმნას სამუშაო ადგილები“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

რაც შეეხება ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებას, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს საქონლის ექსპორტი.

„საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველაფრის წარმოებას, შესაბამისად, ყოველთვის გვექნება იმპორტი, ამიტომ ექსპორტიც უნდა გავაძლიეროთ. მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ საექსპორტო პოტენციალი, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით საქონლის ექსპორტი – მომსახურების მიმართულებით არცთუ ცუდი პროგრესია. თუ საექსპორტო პოტენციალს არ განვავითარებთ, საქართველოს ეკონომიკის ზრდას სერიოზული პრობლემები ექნება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g