სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ქედას მუნიციპალიტეტში, კომპანიამ „აჭარა თრეიდინგ გრუფი” პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოს მოსაწყობად 700,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 170,000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა.
„სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შესაფუთი მასალა; სწორედ ამ საწარმოში, მზადდება ის პოლიეთილენის ყუთები, რომლითაც საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადის ექსპორტზე“, – განაცხადა სოფლის განვითარების საგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ.
„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 30-ზე მეტი პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 5,5 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია.