პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ კახეთში, კერძოდ, ყვარელში პროევროპული საინფორმაციო კამპანიის დროს „ქართულმა ოცნებამ მათ ორგანიზებული, აგრესიული ჯგუფი დაახვედრა, რომელთა შორის პოლიციის უფროსიც იყო“.
ჯაფარიძის თქმით, თავდამსხმელთა ვინაობა ცნობილია და ჯგუფში შედიოდნენ ქართული ოცნების შტაბის წევრები, საჯარო სამსახურში დასაქმებულები, ყვარლის პოლიციის უფროსი, ასევე მისი მოადგილე.
ლელოს ლიდერი განმარტავს, რომ მათი ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშაული და პარტია კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაბიჯს გადადგამს.
„გვქონდა შეხვედრა ყვარლის მოსახლეობასთან, იმისთვის რომ გაგვეცნო მათთვის ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები და ჩვენ დაგვხვდა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ამ შეხვედრისთვის, მიზანდასახულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით, ამავდროულად უნდა ითქვას, რომ პირდაპირ აგრესიული, გამომწვევი ქცევა თითოეული მათგანის, ვინც ცდილობდა რომ შეხვედრა არ შემდგარიყო, ყველანი არიან იდენტიფიცირებულები, ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და ქართული ოცნების შტაბის აქტიური წევრები, სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ რომ ხელი შეუშალეს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას. ეს ყველაფერი აღწერილია, აღნუსხულია, დოკუმენტირებულია“. – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.