ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება, სულ უფრო ცოტა დრო რჩება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, უკრაინაში ისევ რთული საომარი სიტუაციაა, თავის მხრივ პროცესები სრული სვლით ვითარდება ევროპაშიც…
სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ ყურადღება წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.
აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა.
ექსპერტების შეფასებით, ის ძალიან კულტურულ, ზრდილობიან და თავაზიან ატმოსფეროში ჩატარდა. მართალია იყო კრიტიკა, მაგრამ რესპუბლიკელების კანდიდატ ჯეიდი ვენსის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიული და ხისტი დამოკიდებულება არ გამართლდა.
შეიძლება ითქვას, რომ დებატები ფრედ დასრულდა. კანდიდატებს არაფერი გაუფუჭებიათ და არც განსაკუთრებული სიახლე ყოფილა.
ამასობაში უკრაინა განაგრძობს მოთხოვნას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რაკეტების გამოყენებზე ნებართვა მიიღოს და ასევე გაზარდოს დრონების წარმოება.
„აშშ-ში მთელი ყურადღება მიმართულია საპრეზიდენტო არჩევნებისკენ.
რიგ შტატებში უმწვავესი ბრძოლაა. კამალა ჰარისი მცირედი უპირატესობით უგებს დონალდ ტრამპს. სულ 7 მერყევი შტატია, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც წესი, სწორედ ეს შტატები ხდება გადამწყვეტი. ამ ეტაპზე ძალიან მყიფე უპირატესობა აქვს კამალა ჰარისს, პენსილვანიაში კი კანდიდატებს სულაც თანაბარი პროცენტები აქვთ.
ისრაელის ხელისუფლებას არ დაუმალავს, რომ ემზადებოდა ლიბანში ოპერაციის განსახორციელებლად. ბეირუთში მოკლეს „ჰეზბოლას“ პოლიტიკური ლიდერი ჰასან ნასრალა, რომელიც ირანის მოკავშირე იყო. ირანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განაცხადა, რომ ისრაელი ამაზე პსუხს აგებდა. 181 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ირანიდან ისრაელის მიმართულებით. ისრაელზე ასეთი მასშტაბის თავდასხმა არ ახსოვს ისტორიას. მოლოდინი იყო, რომ მსხვერპლი მეტი იქნებოდა. მხოლოდ ერთი პალესტინელია დაღუპულია.
ვიცით, რომ ისრაელს გვერდში უდგას სტრატეგიული მოკავშირე აშშ. რკინის გუმბათის გარდა, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით, ამერიკული საბრძოლო ხომალდები ირანული რაკეტების განადგურებაში ეხმარებიან.
ახლა ყველა ელის რა ტიპის და რა სიმძლავრის საპასუხო თავდასხმა იქნება. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანმა დაუშვა დრამატული, საბედიწერო შეცდომა და ამისთვის პასუხს აგებს და გადაიხდის ფასს. არის მსჯელობა რა მასშტაბის და რა ობიექტებზე შეიძლება იყოს თავდასხმა. პირველი რაზეც ვარაუდობენ, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თუ განხორციელდა იერიში. აშშ ღიად აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს ასეთ განვითარებას, რათა არ გამოიწვიოს კიდევ მეტი ესკალაცია და არ გადაიზარდოს ამ ორ ქვეყანას შორის ომში.
უკრაინაში მძიმე ბრძოლებია. თითქმის სამწლიანი ბრძოლის შემდეგ უკრაინელებს მოუწიათ მეშახტეთა ქალაქის უგლედარის დატოვება. განსხვებით ბახმუტის სიტუაციისგან, ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაეზოგათ ცოცხალი ძალა და გავიდნენ შედარებით უსაფრთხო პოზიციებზე. რუსეთის მხრიდან დაწოლა გრძელდება და სერიოზული ბრძოლები მიდის.
კურსკში კი ვითარება უცვლელია. პუტინი პრაქტიკულად არ იმჩნევს, რომ მის ტერიტორიაზე უცხო ძალები იმყოფებიან და აგრძელებს უკრაინის ტერიტორიებზე იერიშს.
ამასობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომი შესაძლოა დასრულდეს დასავლეთ გერმანული ვარიანტით: უკრაინამ მიიღოს ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობა და ცეცხლი შეწყდეს იმ პოზიციებზე, სადაც ახლა არის. რა თქმა უნდა, უკრაინამ არ აღიაროს ეს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად, არამედ აღარ გაგრძელდეს საომარი მოქმედებები და გაჩნდეს დაშორიშორების ხაზი“.
ფოტო: reuters
independent
hollywoodreporter
rferl