რუსა მორჩილაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეუღლე მას ხშირად უწყობდა სიურპრიზებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
– რამდენი წლის გათხოვდი?
– 28 წლის, შეგნებულ ასაკში გავთხოვდი. თუმცა, მანამდე, ბევრი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, სულ ერთად ვიყავით და დღემდე ერთად ვართ. ვხუმრობ ხოლმე: იმდენი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, როდის გავთხოვდი, აღარ ვიცი-მეთქი (იცინის).
– სულ გასტროლებზე რომ გიწევდა სიარული, ქმარი როგორ ეგუებოდა ამას, საყვედურებს არ გეუბნებოდა?
– მართალია, სულ გასტროლებზე დავდიოდი და ჩემს ქმარს თვითონ მივყავდი და მოვყავდი. სხვათა შორის, სანამ ცოლად გავყვებოდი, შეყვარებულობის პერიოდში, გასტროლებზე მატარებლით რომ მიწევდა წასვლა, მაშინ ღამით ბევრგან ჩერდებოდა მატარებელი და ყველა სადგურზე მხვდებოდა მისი გამოგზავნილი საჩუქრები. ვიღაც ამოდიოდა და მოჰქონდა ან ხილი, ან ყვავილები, ან შოკოლადები (იცინის).
– მართალია, რომ საკონცერტო დარბაზებს ხურავდა, რომ შენთვის მხოლოდ მას მოესმინა?
– (იცინის). დიახ, რამდენჯერმე, ყველა ბილეთი იყიდა და თვითონ და მისი ძმაკაცი ისხდნენ დარბაზში, მე სცენაზე ვიდექი და კონცერტს მხოლოდ მათ ვუტარებდი. ერთხელ საჩხერეში მოხდა ეს ამბავი და მეორედ – ჭიათურაში. ასე რომ, ჩემს მეუღლეს პერსონალურ კონცერტებს ვუტარებდი (იცინის).