დღის აქტუალური თემები საიუბილეო, მე-60 ,,სუპერ ბოულს” უკავშირდება, რომელიც რამდენიმე საათის წინ კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარაში, Levi’s-ის სტადიონზე გაიმართა. ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ფინალში ერთმანეთს – ,,ნიუ ინგლენდ პატრიოტსი” და ,,სიეტლზ სიჰოქსი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
გასაკვირი არ არის, რომ ქსელში განსაკუთრებით რეზონანსულია მატჩის ტაიმებს შორის შესვენება, რომლის ჰედლაინერი, ბედ ბანი იყო.
პუერტო-რიკოელმა არტისტმა პირობა შეასრულა და მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, ასევე ვარსკვლავები ააცეკვა. შემსრულებელმა ენერგიული მუსიკითა და ცეცხლოვანი ცეკვებით, ,,სუპერ ბოულის” ტაიმ-აუტზე ლათინო ფართი მოაწყო. წარმოდგენაში მონაწილეობა ქარდი ბიმ, კაროლ ჯიმ, ჯესიკა ალბამ, პედრო პასკალმა, რიკი მარტინმა და სხვებმა მიიღეს, თუმცა საღამოს ,,ჰაილაითად” ტრიბუნის წინაშე ლედი გაგას გამოჩენა იქცა. ამ უკანასკნელმა ბრუნო მარსთან დუეტის – Die with a Smile სოლო ვერსია სალსას მოტივებზე იმღერა და ბედ ბანისთან წაიცეკვა კიდეც.
აღსანიშნავია, რომ ბედ ბანის წარმოდგენამ, რომელიც ერთიანობის იდეას მიეძღვნა და Benito Bowl ეწოდა, იქამდე გამართულ ,,სუპერ ბოულის ჰალფთაიმ შოუებს” შორის, ახალი რეკორდი დაამყარა. მომღერლის სანახაობა – ყველა დროის ყველაზე ყურებადი შოუ გახდა.
NBC-ის ინფორმაციით, მუსიკოსის გამოსვლას პირდაპირ ეთერში თვალი 135.4 მილიონმა მაყურებელმა მიადევნა. ამ შედეგით, მან კენდრიკ ლამარის სატელევიზიო აუდიტორიის რაოდენობას გადაუსწრო. შარშან, ლამარმა მაიკლ ჯექსონის 1993 წლის პერფორმანსის ნახვებს აჯობა და თემატური რეიტინგის პირველ ადგილზე მოექცა.
კენდრიკ ლამარის პერფორმანსის ნახვებმა ,,სუპერ ბოულზე” მაიკლ ჯექსონისას აჯობა
შეგახსენებთ, რომ ბედ ბანის დებიუტი Super Bowl-ზე 2020 წელს შედგა, როცა ის შაკირასა და ჯენიფერ ლოპესის წარმოდგენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით წარდგა. Bad Bunny პირველ ლათინოამერიკელ სოლო არტისტად იქცა, რომელიც Super Bowl halftime shows-ს ჰედლაინერად მოგვევლინა და სრულად ესპანურენოვანი სეტი წარადგინა.