„რაც შეეხება ჩემს ხარჯებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
ამ განცხადებით კალაძემ „TV პირველის“ შეკითხვას უპასუხა, რომელიც მის დეკლარაციაში ძვირადღირებული საათების ასახვას ეხებოდა.
დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა მისი დეკლარაციები და შესაბამისი უწყების მხრიდან კითხვები არ გაჩენილა, რადგან დოკუმენტაციაში ყველაფერი ასახულია.
მისივე თქმით, „ყველა ხარჯი, ყველა ტრანზაქცია, ყველა საბანკო ანგარიში ნაჩვენებია ანტიკორუფციულ ბიუროში და ნაჩვენებია გასავალში, რაც მითითებულია დეკლარაციაში“
„თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, გაჯერებული სიცრუით. იცით, რომ მე, როგორც პოლიტიკოსს, მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ცდილობთ, როგორმე მოატყუოთ ხალხი, შეცდომაში შეიყვანოთ. სხვათა შორის, წაგებული გაქვთ სასამართლო პროცესი ყველა ინსტანციაში და აუცილებლად მოგიწევთ რეაგირება ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ჩემს ხარჯებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. იმასაც გეტყვით, რომ ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა ჩემი დეკლარაციები და არანაირი კითხვა არ არსებობდა, იმიტომ, რომ ყველაფერი არის ასახული. ყველა ხარჯი, ყველა ტრანზაქცია, ყველა საბანკო ანგარიში ნაჩვენებია ანტიკორუფციულ ბიუროში და ნაჩვენებია გასავალში, რაც მითითებულია დეკლარაციაში“ – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, „TV პირველს“ მოუწევს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
„სანამ რაიმეს იტყვით, უნდა გააცნობიეროთ, რომ ხართ ტელევიზია და გაქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა. მას შემდეგ, რაც მე მოვიგე სასამართლო პროცესი, თქვენ მიერ იყო გასაჩივრებული ყველა ინსტანციაში, გაქვთ წაგებული და ამ ხნის განმავლობაში თქვენგან იყო ნული რეაგირება, არავის მოუსმენია უარყოფა იმ სიბინძურის და ტყუილის, რაც იკადრეთ. შესაბამისად, გიწევთ პასუხისგება. თქვენ შეგიძლიათ განცხადების შეტანა დააკავშიროთ ყველაფერს, ისევე როგორც ჩიტაძის ქუჩის მოწესრიგება დავიწყეთ და აქციებს დააკავშირეთ, პარლამენტის წინ ტერიტორიის მოწესრიგება დავიწყეთ და ასევე აქციებს დააკავშირეთ. ეს თქვენი უფლებაა. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. პირველ რიგში უნდა უარყოთ და მოიხადოთ ბოდიში, რომ საზოგადოებას მიაწოდეთ ცრუ ინფორმაცია, დანარჩენზე ვიფიქრებთ” – განაცხადა კახა კალაძემ.