8 ივლისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ თიკა ფაცაცია სტუმრობდა. გადაცემაში მომღერლის ახალი მუსიკალური ნამუშევრის – „ბედნიერების მჯერა“ რადიოპრემიერა შედგა.
თიკა, ძალიან ემოციური იყო შენი კლიპის პრეზენტაცია, მართლაც საოცარი სანახაობა იყო. როგორც ვიცი, ძალიან დიდი ხანი ემზადებოდი ამ ყველაფრისთვის. მოგვიყევი, როგორია შენი ემოციები?
ერთი კვირით ადრე დავიწყე კლიპის დაანონსება სოციალურ ქსელში, მანამდე, წელიწადი ჩუმად ვიყავი და ყველა მეუბნებოდა, როგორ გაძელიო. ეს ყოველდღიური გაზიარებები რომ დავიწყე, უკვე იმხელა ემოცია მოდიოდა, რომ ძალიან აჟიტირებული ვიყავი, ღამეები არ მეძინა, მაინტერესებდა, ვინ რას მწერდა. როგორც წესი, დილა-საღამოს სამუშაო რეჟიმი მაქვს და ამიტომ შუადღეს ვიძინებ, მაგრამ პრემიერა რომ მოახლოვდა, შუადღეს უკვე სტუმრების დაპატიჟება დავიწყე და მთელი კვირა ისეთი ემოციები ვხარჯე, რომ 7 რიცხვი რომ გათენდა, ზღვა რომ დამშვიდდება, ისეთი მომენტი მქონდა, ჩემი თავის მიკვირდა. თან ვფიქრობდი, ხალხს რომ ასეთი ძალიან მშვიდი დავხვდე პრეზენტაციაზე, არ მომეწონება-მეთქი და მერე, რაღაცნაირად ისევ დატრიალდა ეს ენერგია ჩემში და მართლა ყველა მოვაქციე ჩემი ენერგიის ქვეშ.
ამ ენერგიით შეიქმნა, ალბათ, ეს ყველაფერიც და ამან უბიძგა რუსასაც, რომ ეს სიმღერა დაეწერა, რადგან ჩვენ არ გვისაუბრია, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სიმღერა, მან, უბრალოდ, მითხრა, მე უნდა დაგიწერო სიმღერაო.
ძალიან ბევრი ჟანრის სიმღერა აქვს რუსას, მათ შორის, რამდენიმე ჟანრის მეც ვასრულებ, მაგრამ ეს კიდევ სულ სხვაა. ალბათ, მოუნდა, რომ ახალი თიკა ეჩვენებინა მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. მეც ძალიან მომეწონა ეს სიახლე, ის, რომ ახალი სათქმელით დავბრუნდებოდი. როცა ირინა სანიკიძეს ვთხოვეთ, რომ შემოგვმატებოდა, ტექსტის თვალსაზრისით, ვამბობდი, რომ ძალიან მინდოდა, ბავშვობას გამოვყოლოდი, სახლი, ჩემი პირადი სივრცე წარმომედგინა და ამას ხმამაღლა რომ ვეუბნებოდი ირინას, უცებ, „მე ბედნიერების მჯერა“ მე თვითონვე ვთქვი და მიხვდი, რომ ეს ფრაზა იყო, რაც მინდოდა.
ეს ფრაზა ამ სიმღერიდან, ალბათ ყველაზე, დასამახსოვრებელი და საკვანძოა. ირინას რომ შევხედე, მივხვდი, რომ ეს ის ფრაზა იყო, მაგრამ ირინამ მითხრა, აქ ერთი მარცვლით მეტია, ვიდრე რუსას მუსიკალური ნამუშევარი გვაძლევს საშუალებას და რუსა ასეთ რაღაცებს არ თმობს და რა ვიცი, თუ დაგითმობს, ჰკითხეო. რუსას ვუთხარი, ასე მემღერება ეს ფრაზა-მეთქი. რუსამ გაკვირვებულმა შემომხედა და თქვა, რა ვქნა, გოგოს თუ ბედნიერების სჯერა, იყოს ასეო. მოკლედ, რუსამ დამიტოვა ეს ფრაზა.
ფრაზებთან ერთად ვისროდი რაღაც ამბებს, რასაც ირინა ლამაზად ქარგავდა ტექსტად. გამოდის, რომ ჩემი სათქმელია, უბრალოდ, ლამაზად დავაწყვეთ ერთად. აღსანიშნავია ორკესტრი და მართლა გენიოსი, ნიკოლოზ რაჭველი. ზუსტად ვიცოდი, რაც იქნებოდა, ნიკას რომ ჩაბარდა ეს პროექტი. სტუდიაში რომ შევედი, რომ გადავხედე და მთელი „პალიტრა“ იყო, მთელი „ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი“, არ ვიცი, ასეთი ემოცია მე არ მახსენდება, ასეთი გაოგნების. ვფიქრობდი, ეს ყველა მუსიკოსი ახლა ჩემთვის დაუკრავს, ჩემს კომპოზიციას დაუკრავს-მეთქი. ასეთი გამაოგნებელი შეგრძნება, დიდებულების, აღმატებულების, პომპეზურობის არ მქონია. რომ ამბობენ, მსოფლიო დონის კომპოზიციააო, ეს ადამიანები მუშაობდნენ ამ კომპოზიციაზე.
ეს ყველაფერი რომ შეიკრა და რომ ვიცოდი, რომ რაღაც ზღაპრული პროდუქტი მქონდა, აშკარად, კლიპს ითხოვდა. ამ ყველაფრის ძალიან ჰარმონიული ასახვა უნდა მომხდარიყო. კლიპს უნდა გაემეორებინა სათქმელი და უნდა ყოფილიყო ესთეტიკური, აკადემიური და არა ზედმეტად გადაპრანჭული. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა და მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ფინანსურად უდიდესი ხარჯია, ამიტომ რამდენიმედღიანი გადაღება და სხვადასხვა ლოკაციის შერჩევა, ადვილი და შესაძლებელი არ იქნებოდა, შესაბამისად, ვიფიქრე, დავმჯდარიყავი და თავად, მარტო მომეყოლა ამბავი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ მყოფნიდა. მივხვდი, რომ მჭირდებოდა ადამიანი, ვინც ამას ჩემს ნაცვლად მოჰყვებოდა და მივხვდი, რომ ასეთი ადამიანი სახლში მყავდა, ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად იმეორებს ჩემს ნაბიჯებს. სახლში მყავდა მთავარი გმირი, მთავარი პერსონაჟი. მთავარი სენსიტივი ნინას უკავშირდება. რომ გავხედავ და ნინას კადრია, ვფიქრობ, შენ გენაცვალე…
როცა ეს იდეა გაჩნდა, მივხვდი, რომ ნინა უნდა დამეთანხმებინა გადაღებებზე, რაც არ გამიჭირდა. რომ ვუთხარი, თვითონაც ძალიან მოეწონა იდეა. იდეის ავტორი, რომ ნინა ჩემი ბავშვობა უნდა ყოფილიყო, მე ვარ, მაგრამ ის საკვანძო ადგილები კლიპში, სადაც თქვენ ხვდებით, რომ ნინა ჩემი ბავშვობაა, ის დახვეწილი, ძალიან დელიკატური ნიუანსები და მინიშნებები აჩიკო სოლოღაშვილის მოფიქრებულია.
ცხოვრებაში ბევრ რამეში გამიმართლა, ასე ვთვლი და ასე ვხედავ და გამიმართლა, ასეთი მეგობრები რომ მყავს გარშემო. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არჩილი როგორც საკუთარი თავისთვის გააკეთებდა, როგორც თავისი კლიპისთვის, ზუსტად ისე ჩაერთვებოდა ამ პროცესში. ყველაფერში ჩართული იყო, დილის 6 საათზე მიმიყვანა სალონში. ჩვენი წყვილის ხიბლი ის არის, რომ ერთნაირად ვხედავთ ყველაფერს, კადრში რომ ვდგავარ, ზუსტად ვიცი, ის ისეთ რაღაცას გააკეთებს, რაც მე მჭირდება. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ თვალდახუჭული ვენდობი.
არჩილი არის ვიდეოს კრეატიული დირექტორი. რეჟისორი არის მახო ყიფშიძე, რომელიც ამ მასშტაბური კადრების ნამდვილი ჯადოქარია.
„ბედნიერების მჯერა“