“ყველა ოლიგარქს და ყველა რეჟიმს, რომელიც უპირისპირდება საკუთარ საზოგადოებას და უპირისპირდება საკუთარი საზოგადოების მოკავშირეებს თავისუფალ სამყაროში, ერთი და იგივე ბედი ელის – პოლიტიკურად ტრაგიკული ფინალი და ჩვენ ნანახი გვაქვს ოლიგარქები როგორ ამთავრებენ.” – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მისთვის კატასტროფული ნაბიჯი გადადგა და ამიტომ დღესვე გაიმართება პირველი საპროტესტო აქცია.
გიგა ბოკერია ამბობს, რომ საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ თემაზე, ეს არის პოლიტპატიმრების მელიას და რურუას გათავისუფლება და დევნის შეწყვეტა:
“სამ საათზე არის კანცელარიასთან აქცია, სადაც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი იკრიბება. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მოვიდნენ. უკვე დაიწყო კონსულტაციები ჩვენს შორის, ამის შემდგომი აქცია როდის და სად იქნება. გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება შემდგომი აქციები, საზოგადოებას ადგილზე, სამ საათზე შეკრების დროს გავაცნობთ, მანამდე იქნება კონსულტაციები, პოლიტიკური პარტიების შიგნით მობილიზაცია და იქნება ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია. გადაწყვეტილება შემდგომი აქციების შესახებ სამ საათზე გამოცხადდება.
ამ კატასტროფული ნაბიჯის შემდეგ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გადაგდა, კატასტროფული მისთვის და ძალიან დრამატულად საზიანო ქვეყნისთვის, ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოების მთავარი ინსტრუმენტი და ვალდებულება არის პროტესტის გამოთქმა ქუჩაში და რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების და მეგობრობის წნეხი, ქვეყნის გარედან.” – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, აქციები გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ ვითარება არ შეიცვლება, სანამ პოლიტპატიმრები არ იქნებიან თავისუფლები და სანამ არ იქნება სვლა ვადამდელ, ნორმალურ არჩევნებამდე.
შეგახსენებთ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ის რუსტავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ოპოზიციამ ამის შემდეგ გამოაცხადა, რომ დღეს სამ საათზე , პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს.