ყველა პროცესი გეგმის მიხედვით ვითარდება და 2022 წლის ბოლომდე „კამექს ეარლაინსი“ ბაზარზე უკვე 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ ავიაკომპანია Camex Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ქართული ავიაკომპანიის Camex Airlines-ის პირველი ბორტი – Boeing737-800 BCF თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა უკვე მიიღო და ბორტმა პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც წარმატებით გაიარა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბორტის მიღებით დასრულდა მნიშვნელოვანი ეტაპი ოპერირების დაწყების გზაზე.
„ქართულ ავიაბაზარზე ახალი გადამზიდავი კომპანიის გამოჩენა შესაძლებელი გახდა ამერიკული საფინანსო კოორპორაცია Gazelle Finance-თან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად. დეტალური შესწავლის კვალდაკვალ, ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს ავიკომპანიის გუნდის შესაძლებლობები და პერსპექტივა და შედეგიც დადგა – პირველი ბორტი უკვე მივიღეთ“, – აღნიშნა გიორგი სეთურიძემ „ბიზნესპარტნიორთან“. მისივე ინფორმაციით, ამ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკას უკვე შეემატა 100 მლნ ლარის მოცულობის აქტივი.