LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა როლი და პერსონაჟი ძვირფასია ჩემთვის, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ზურიკელა მიყვარს დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“, რომელიც ახლაც ხშირად მესიზმრება” – ლეო ანთაძე „არტ-FM“-ში

242
ლეო-ანთაძე

26 სექტემბერს თათა სადრაძის გადაცემაარტ-FM“-ს ლეგენდარული მსახიობი, ბატონი ლეო ანთაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა.

ბავშვობაში არჩეული პროფესია – ბავშვობაში ნაყინზე, განსაკუთრებით ჯოხზე წამოცმულ ვერცხლის ქაღალდში გახვეულ „ესკიმოზე“ ვგიჟდებოდი, განუსაზღვრელი რაოდენობით შემეძლო მეჭამა და დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიზრდებოდი, აუცილებლად ნაყინის გამყიდველი გავხდებოდი, თუმცა მერე ნაყინსაც ვუღალატე და მენაყინეობასაც, რადგან თეატრმა გამიტაცა. მამა რეჟისორი იყო, დედა – მსახიობი, ბებია -ნინო ნაკაშიძე კი, მწერალი, სწორედ მათ შემაყვარეს ხელოვნება და პირველ რიგში თეატრი. დედას სპექტაკლებზე დავყავდი, მამა კი, ეპიზოდურ როლებს მანდობდა თავის ფილმებში და ძალიან მომწონდა.

ერთ დღეს სპექტაკლის დადგმა გადავწყვიტე, თვითონ დავწერე პიესა და გავანაწილე როლები ეზოს ბავშვებზე. უზარმაზარ ოთახში მოვაწყვეთ პრემიერა და უამრავ მაყურებელს ვუმასპინძლეთ მშობლების და მეზობლების ჩათვლით. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გადავწყვიტე მსახიობობა, მერე კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის, მაშინდელ პიონერთა სასახლეში მოვინდომე ცეკვაზე სიარული. ახლად მისულს „მოხულიგნო“ გარეგნობის ორი ახალგაზრდა შემხვდა, რომელთაც მათ ნაცვლად  ვახტანგ სულაქველიძის წრეზე ჩაწერა მთხოვეს. მივედი ბატონ ვახტანგთან და დანაბარები გადავეცი, მან კი ახალგაზრდებს გახედა, გარეგნობა დაუწუნა და მათ ნაცვლად მე მთხოვა გაკვეთილზე მისვლა. დავინტერესდი და მართლა მივედი, გალაქტიონის ლექსი „ჩვენ, პოეტები საქართველოსი“ წავიკითხე და ბატონი ვახტანგის წრის ახალგაზრდები, თუმცა უკვე გამოცდილი მსახიობები გავაკვირვე. მერე მონოლოგის მოყოლა მთხოვეს და ოტელოს მონოლოგი მოვყევი, ბოლოს კალამი ამოვიღე ჯიბიდან, გულში ჩავირტყი და მოწყვეტით დავეცი, ბევრი იცინეს, ყველა ძალიან გავამხიარულე. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო პიესა „თეთრა“ შავკანიან ბიჭუნაზე, რომელსაც თეთრკანიანები ჩაგრავდნენ. არ ვიცი, ოტელოს მონოლოგმა იმოქმედა თუ რაიმე სხვამ, მაგრამ ზანგი ბიჭის როლი კი მივიღე.

უნიკალური მეხსიერება – ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ მოვამზადე და დავდგი მარჯანიშვილის თეატრში, რეჟისორიც თვითონ ვიყავი და მხატვარიც, რეკვიზიტიც თვითონ შევარჩიე და მუსიკაც. მარჯანიშვილის თეატრის შემდეგ, სადაც სპექტაკლი ორი სეზონი იდგმებოდა, რეგიონებში გავემგზავრე. მახსოვს, ლანჩხუთში თითქმის ორი საათი ვკითხულობდი პიესას, პუბლიკა აღფრთოვანდა, წარმოდგენის შემდეგ ადგილობრივი ქალბატონები მოვიდნენ, გადამკოცნეს, მადლობა გადამიხადეს და მომიკითხეს, შევჩივლე: „ასაკის მატებასთან ერთად ცოტა მეხსიერება დამაკლდა-მეთქი“, და ძალიან გაიკვირვეს, „რას ამბობთ, ასეთი რთული პიესა მოგვიყევით უშეცდომოდ, თქვენ ნამდვილად არ უნდა უჩიოდეთ მეხსიერებასო“, ვუპასუხე: „ვაჟას ყველა პიესა ბრწყინვალედ მახსოვს, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, თქვენ გაკოცეთ თუ არა-მეთქი“, და ყველას გაეცინა.

საყვარელი როლი – ყველა როლი და პერსონაჟი ძვირფასია ჩემთვის, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ზურიკელა მიყვარს დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“, რომელიც ახლაც ხშირად მესიზმრება. სპექტაკლი ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ დადგა მარჯანიშვილის თეატრში, ზურიკელა კი, 600-ჯერ განვასახიერე, მოგვიანებით რუსთავში მოგვიწია გადასვლა და სამწუხაროდ სპექტაკლიც შეჩერდა, არადა ძალიან პოპულარული დადგმა იყო, მუდმივი მაყურებელიც გვყავდა, რომელიც ყოველდღე ესწრებოდა ჩვენს წარმოდგენას. სხვათა შორის, სწორედ ზურიკელას როლისთვის მივიღე რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 26 წლის ასაკში, რაც უნიკალურ შემთხვევად იქცა მთელ საბჭოთა კავშირში, რადგან წოდების ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გავხდი.

მართალია, ბრწყინვალე მეხსიერება მაქვს, მაგრამ სწორედ ზურიკელას ტექსტი დამავიწყდა. მაყურებელს ვესაუბრებოდი გრძელი მონოლოგით და ზუსტად იმ დროს დავინახე დარბაზში ჩემი შეყვარებული მეუღლესთან ერთად. ახალი გათხოვილი იყო, შევხედე და ისე ძალიან დავიბენი, სულ აბდაუბდა ვილაპარაკე.

საოცნებო როლი – ახალგაზრდობაში ხლესტაკოვის განსახიერება მინდოდა გოგოლის „რევიზორიდან“.  ნაწილობრივ ავისრულე ოცნება, რადგან ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტმა შევასრულე გოგოლის პერსონაჟი ნუგზარ გაჩავას საკურსო დადგმაში, მოგვიანებით კი, ვასო გოძიაშვილის საღამოზე ვთქვი მისასალმებელი სიტყვა ხლესტაკოვის როლში. მართალია, ახლა უკვე გვიანაა, ასაკი აღარ მიწყობს ხელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგ ცხოვრებაში აუცილებლად ავისრულებ ოცნებას და განვასახიერებ ჩემს საყვარელ პერსონაჟს.

უარყოფილი როლი – საოცარი სპექტაკლი დადგა ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმლის“ მიხედვით. ლიპარიტე კიკოტეს როლზე მუსკომედიის მსახიობი ნიკოლოზ მოსეშვილი მოიწვიეს, რომელმაც რამდენიმე წარმოდგენის შემდეგ უარი თქვა როლის შესრულებაზე და საერთოდ წავიდა თეატრიდან. სწორედ მაშინ მთხოვა ბატონმა გიგამ მთავარი როლის შესრულება და სპექტაკლის გადარჩენა. მართალია, დადგმაში მეც ვმონაწილეობდი და კარგი მეხსიერების წყალობით ყველა მონოლოგი ზეპირად ვიცოდი, მაგრამ მაინც უკან დავიხიე, რადგან საკმაოდ რთული  როლი იყო, თუმცა შეუძლებელი აღმოჩნდა სპექტაკლის გაუქმება და მეც დავთანხმდი. ღამით სკვერში გავედი და იქ ვიმუშავე ჩემს პერსონაჟზე, თუმცა პირველი სპექტაკლი მაინც ჩავაგდე, რადგან ძალიან დაძაბული ვიყავი, არადა კომიკურ პერსონაჟს პირველ რიგში სწორედ სიმსუბუქე სჭირდებოდა.

სირთულეების მიუხედავად, მაინც შევძელი როლის მორგება და იმდენად საინტერესო პერსონაჟი შევქმენი, რომ რეზო ჩხეიძის მოწონება დავიმსახურე. ბატონი რეზოს რეკომენდაციით შემომთავაზა მთავარი როლი გუგული მგელაძემ ფილმში „არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ“. ძალიან მომეწონა სცენარიც და ჩემი პერსონაჟიც, თუმცა კინოსტუდიაში მისულმა შემთხვევით სინჯების ფოტოები ვნახე. ერთ-ერთ ფოტოზე ჩემი პირველი მასწავლებელი, ბატონი ვახტანგ სულაქველიძე იყო, ჩავთვალე, რომ არასწორი იქნებოდა მისთვის როლის წართმევა, ამიტომ უარი ვთქვი ფილმში მონაწილეობაზე.

ოჯახი – მართალია, შვილებსაც ჰქონდათ არტისტული ნიჭი და შვილიშვილებსაც, მაგრამ მსახიობობა არავინ მოინდომა. ჩემი ვაჟი – გიორგი სამედიცინო ინსტიტუტში, ფარმაკოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ინსტიტუტში ხშირად დგამდა ნაწყვეტებს იუმორისტული სპექტაკლებიდან და პოპულარობითაც სარგებლობდა, თუმცა მაინც ბოლომდე უერთგულა საკუთარ პროფესიას და დღეს ერთ-ერთი წამყვანი ფარმაკოლოგია.

ასაკი – ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ზოგი ხასიათით და ქცევით ახალგაზრდობაშიც მოხუცს ჰგავს, რადგან მოწყენილობა, უნუგეშობა, პესიმიზმი იპყრობს და მუდამ უკმაყოფილოა ცხოვრებით. ვფიქრობ, მთავარი ოპტიმიზმია, თვითონ უნდა გაიხალისო ცხოვრება და ერთი დღე მეორეს არ უნდა დაამსგავსო. ძალიან საინტერესო პროექტი შეიქმნა ბებიებისთვის და ბაბუებისთვის, სიამოვნებით ვმონაწილეობ, ვეცნობი ისტორიულ, კულტურულ ძეგლებს და ვცდილობ ცხოვრება გავიხალისო. ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის სიახლეს, სილამაზეს ვეძებდი და ცხოვრების გაფერადებას ვცდილობდი. არ მიყვარს მოწყენილობა და უიმედობა, ადამიანებშიც მხოლოდ კარგს ვხედავ და შესაძლოა, სწორედ ეს მიხანგრძლივებს სიცოცხლეს. მთელი ცხოვრება სხვების გახარებას ვცდილობდი და ახლაც ასეა, მინდა მეტი სიამოვნება ვაჩუქო მაყურებელს ჩემი როლებით და ჩემი თამაშით. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ერთნაირად მომწონს კინოც, თეატრიც და მინდა ბოლომდე, მთელი გულით შევასრულო ჩემი საქმე.

ჯილდო – უამრავი პრემია მაქვს მიღებული, სულ ცოტა ხნის წინ კი, გავიგე, რომ თურმე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაზე ვარ წარდგენილი და თბილისობის დღესასწაულზე გადმომცემენ ჯილდოს. ძალიან დიდი პატივია ამგვარი წოდების ფლობა, რადგან ყველაზე ძვირფასი სწორედ ხალხის სიყვარულია, როცა აპლოდისმენტებით მაჯილდოებენ სცენაზე ან ქუჩაში მხვდებიან, ქათინაურს მეუბნებიან და ფოტოს გადაღებას მთხოვენ.

„უნიჭიერესი ადამიანი – დღეს 90 წელი შეუსრულდა!“ – „მარჯანიშვილის თეატრი“ ლეო ანთაძეს იუბილეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები