13 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემის ,,არტ-FM”-ის სტუმარმა ლელა წურწუმიამ თვითიზოლაციასა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც კარანტინმა შეუქმნა ქართულ შოუბიზნესს.
– ლელა, მართალია, კარანტინმა ყველას სერიოზული პრობლემები მოუტანა, მაგრამ განსაკუთრებით მაინც შოუბიზნესმა იზარალა…
– მართალია, შეზღუდვები რთული მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ გაგებით მოვეკიდე, რადგან ვიცოდი, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდებოდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მედიკოსებს და იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იზრუნა ჩვენზე და მართლაც გადაგვარჩინა, რადგან სხვა ქვეყნების ფონზე ჩვენ ყველაზე მსუბუქად დავაღწიეთ თავი ვირუსს. რა თქმა უნდა, ყველა რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ ყველაზე მეტად ხელოვანებს გაგვიჭირდა, რადგან ჩვენი საქმიანობა სწორედ ხალხმრავლობასა და მასიურ შეკრებებზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, ზაფხულში ბათუმში შევძლებთ საღამოების მოწყობას, სადაც ბევრად მეტი ღია სივრცეა და მსმენელიც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.
– როგორ შეცვალა თვითიზოლაციამ თქვენი ცხოვრება?
– როცა საყვარელ საქმეს ვერ აკეთებ, იძულებული ხდები სხვა თავშესაქცევი გამონახო. მართალია, კულინარია მანამდე ნაკლებად მიტაცებდა, მაგრამ ახლა საკუთარი თავის გამოცდა, იმ კერძების მომზადება გადავწყვიტე, რომლებიც მანამდე არასდროს გამიკეთებია და მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში ყველას მოეწონა, ვინც გასინჯა. ამასთანავე, მთელი ორი თვე აქტიურად ვურთიერთობდი ჩემს თაყვანისმცემლებთან, ვცდილობდი პოზიტიური განწყობის შექმნას და მათ დაიმედებას.
– როგორ შეხვდა კარანტინს თქვენი ქალიშვილი?
– მოზარდებისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა შეზღუდვების მიღება. უფროსებს მეტი მოთმინება გვაქვს და ბევრ რამეს უფრო გააზრებულად ვუყურებთ, ბავშვები კი მოუსვენრობენ, სულ მოძრაობა, აქტიურობა უნდათ. მარიამი ხან სახლში იყო, ხან ბებიას სტუმრობდა და ასე ცდილობდა ერთფეროვნების, მოწყენილობის დაძლევას.