საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამისათვის უნდა მისცენ საშუალება – თავისუფლად ჩავიდეს საკუთარ ქვეყანაში და ჰქონდეს ურთიერთობა მხარდამჭერებთან.
სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლას ეხმიანება და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე საუბრობს:
“პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა რომ მოხდეს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, საჭიროა, სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობებისთვის. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნიკა მელია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე იმ მოთხოვებით, რომელიც მან წამოაყენა და რომელიც არის კანონიერი, ბოლომდე დასაბუთებული. უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა უამრავი ადამიანის, მაგალითად, “ნამახვანის” აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმლაძის, უამრავი სხვა ადამიანის, რომელიც არის ამ დევნის ობიექტი, არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის არის ძალიან თავდადებული და საქართველოსთვის დამსახურებული ხალხი”. – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.
მისი თქმით, ყველა შემთხვევაში ჩამოვა საქართველოში და ქართველ ხალხს გვერდით დაუდგება:
“მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგმელი, რადგან მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში და ყველა შემთხვევაში დავუდგები ქართველ ხალხს გვერდით, რადგან ეს უმძიმესი კრიზისი გადასალახია. როდესაც ყველას აქვს თვალი გაქცევაზე, როდესაც ყოველდღიურად უარესდება ეკონომიკური მაჩვენებლები და სიღარიბემ ყველანაირ საზღვარს გადააჭარბა, არის მოუთმენელი, მიუღებელი და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ”. – თქვა სააკაშვილმა.
მან მოუწოდა პარტიებს, დადგნენ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და მოინდომონ ვითარების გამოსწორება:
“მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნუ ჩათვლით, რომ სააკაშვილი თუ ვერ შემოდის ქვეყანაში, ეს თქვენ გაგიადვილებთ ვითარებას, პირიქით გვიძნელებს. მიუხედავად იმისა, თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდით. მინდა, ეს ვითარება განიმუხტოს, მინდა, რომ ევროკავშირისა და სხვების შუამავლობის პროცესებს რეალური შედეგები მოჰყვეს, ამას განგრძობადი ხასიათი ჰქონდეს, ამისთვის საჭიროა, ყველამ მოვინდომოთ ვითარების გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ დადგება და ეს არ შედის არავის ინტერესში.” – თქვა სააკაშვილმა.