24 იანვარს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ კომპოზიტორ-შემსრულებელი ცირა ბზიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში თაკო მელიქიშვილის და ცირა ბზიშვილის მორიგი ერთობლივი ნამუშევრის, „უმისამართოდ“ პრემიერა შედგა.
ცირა, დღეს ჩემი ახალი სიმღერის „უმისამართოდ“ პრემიერა გვაქვს. ვისაუბროთ ჩვენს თანამშრომლობაზე
ცირა: ძალიან მიყვარს შენთან მუშაობა და ძალიან მიყვარს ის დიდი დოზით ნდობა, რომელიც ჩემდამი გაქვს. ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მომღერალი რამდენად პატრონობს თავის სიმღერას, რამდენად იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს. თუ ადამიანი სიმღერას ჩაწერს და თაროზე შემოდებს ან მხოლოდ ვიწრო წრეში შეასრულებს, ეს არაფრის მომტანია მომღერლისთვისაც და ავტორისთვისაც. ყველა სიმღერას თავისი დრო, თავისი აქტიური პერიოდი აქვს, როცა მსმენელთან უნდა მივიდეს და შენ ეს ძალიან კარგად იცი, ამიტომ ძალიან მიყვარს ის პროცესი, როცა უკვე შორიდან ვუყურებ სიმღერას, ისე უფრთხილდები, ისე პატრონობ და ზრუნავ მასზე, რომ ეს ჩემთვის ერთ რამედ ღირს.
სიმღერა დასრულებული არ იყო, გაპიარება რომ დავიწყე, ჯერ რაღაც ნაწილი „ტიკ ტოკზე“ დავდე, შემდეგ ჩემს „ფან ფეიჯზე“. ბოლოს მივხვდი, რომ უნდა შემესვენა, თორემ 24 იანვრამდე ყველა ფრაზა დადებული იქნებოდა და პრემიერასაც აზრი დაეკარგებოდა. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ როცა სიმღერას აკეთებ, ყველაზე დასაფასებელია, როცა სიმღერა პირადად შენთვის იწერება. ყველა სიმღერა, რომელიც გამაჩნია, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან ჩემზეა დაწერილი, ჩემს ისტორიაზეა და ჩემზეა მორგებული. როცა შენთვის შექმნილ სიმღერას დადებითი გამოხმაურება აქვს, ეს უფრო დასაფასებელია, ვიდრე იმ სიმღერებს, რომლებიც უკვე ყველამ, მთელმა ერმა იცის და არც აქვს მნიშვნელობა ვინ გააკეთებს, რადგან ყველას ყურში ჟღერს.
ცირა: ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან ბევრი მართლა კარგი, ძლიერი შესაძლებლობების მქონე მომღერალია, რომელთაც საავტორო სიმღერა არ გააჩნიათ და ეს ძალიან ცუდია, რადგან ვერ გაარკვევ, ვინ არის ის, რა ხაზი აქვს აღებული. ძირითადი ხაზი, მუსიკალური ხასიათი, შესაძლებლობები საავტორო სიმღერებში ძალიან მკაფიოდ ჩანს. მთავარია, შენს სახელს და გვარს, რა სიმღერები მოჰყვება უკან, რადგან სიმღერების დამახსოვრება, გაჰიტება, ადამიანების ყურებამდე მიტანა, შრომასთან არის დაკავშირებული და ეს შრომა არ უნდა დაეზაროთ მომღერლებს. მე თუ მკითხავთ, მომღერლები არიან ისინი, ვინც საკუთარი რეპერტუარით არიან წარმოდგენილნი.
რა ვითარებაში დაიწერა „უმისამართოდ“?
ცირა: ორი წლის წინ ჩაისახა ეს იდეა. მაშინ, ახალი გაკეთებული გვქონდა სიმღერა „მერე“ და დავიწყეთ ფიქრი, შემდეგი რა გაგვეკეთებინა. სიტყვა უმისამართოდ სიმღერასთან ერთად ჩაჯდა, პირველი ამ სიტყვამ დაიკავა ადგილი და შემდეგ მიება დანარჩენი სიტყვები. პანდემიის გათვალისწინებით, 2 წლის განმავლობაში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო და ისეთნაირად მოხდა, რომ 2023 წლის პირველი სიმღერა ჩემიც და შენი შემოქმედებიდანაც არის „უმისამართოდ“.
ვფიქრობ, სიმღერაში „უმისამართოდ“ ბევრი ადამიანი იპოვის საკუთარ თავს. თუ მოვახერხებ, ძალიან მინდა ვიდეორგოლის გადაღებაც. აქვე მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა გიორგი წიკლაურს, რადგან ეს ადამიანი ყოველთვის ალამაზებს ჩვენს ერთობლივ სიმღერებს. ასევე ძალიან დიდი მადლობა რეზო ბლიაძეს, რომელმაც სიმღერის ერთ-ერთი მონაკვეთი დაწერა. მადლობა ყველას ვინც მოიწონებს და შეიყვარებს ჩვენს ერთობლივ ნამუშევარს. ცირა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სიმღერა შენი სხვა სიმღერებისგან განსხვავდება.
ცირა: კი, ძალიან განსხვავებულია და მე მაინტერესებს, ჩვენი საერთო სიმღერებიდან რომელია შენთვის ყველაზე გამორჩეული და საყვარელი?
სცენაზე კომფორტულად „მერეს“ ვასრულებ, რადგან ძალიან მიყვარს სცენაზე აქტიური მოძრაობები, როცა სიტყვებს და მუსიკას გამოხატავ, მაგრამ ძალიან მიყვარს სხვა სიმღერებიც, ყველას თავისი ადგილი აქვს. არა ნაკლებ მიყვარს „ნუ მეტყვი“, ეს ჩვენი ერთობლივი, იმდენად საინტერესო პროექტია, რომ როგორ დავივიწყო, მას სხვა ემოციები მოჰყვება. რთულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ვთვლი, რომ ყველასთვის, ვინც ამ სიმღერაზე მუშაობდა, წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ძალიან მიყვარს „უბრალოდ მიყვარხარ“, სულ აღვნიშნავ, რომ ძალიან ლამაზი სიტყვები აქვს. მახსოვს, რომ შენი სიმღერის „არ დაგივიწყებ“ პრემიერაზე იმდენი ვიტირე, რომ ვთქვი, მსგავსი სიმღერა მინდა-მეთქი. სევდა მინდოდა და ძალიან გაამართლა. რაც შეეხება სიმღერას „მეგონა“ ბევრი რამ გავიარე ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი რამ მეგონა და მერე უკვე იყო სიმღერა „მერე“ და გაიცინა თაკომ, მიხვდა, რომ ჯობია, ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ. ვფიქრობ, რომ ყველა სიმღერით მოვუწოდებთ ხალხს, რომ მერე რომ გვიან არ იყოს, დღეს გვიყვარდეს, უბრალოდ გვიყვარდეს და გულწრფელები ვიყოთ.
ცირა: „მერე“-სთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ბევრჯერ შევესწარი ფაქტს, როდესაც შენ იწყებ ამ სიმღერას და აბსოლუტურად ყველა შენთან ერთად მღერის და ცეკვავს.
თაკო მელიქიშვილი – უმისამართოდ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ცირა ბზიშვილი & თაკო მელიქიშვილი. პრემიერა “უმისამართოდ” – “რადიო დუეტი”