LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ უბედურების წინააღმდეგ, რასაც სხვა ადამიანის პირადი ცხოვრებით მანიპულირება ჰქვია – თეა წულუკიანი

139
თეა წულუკიანი

პირად ცხოვრებას იცავს კონსტიტუცია, კანონი და ისღა დაგვრჩენია, თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები მსგავს ფაქტებთან მიმართებაში დროულად უნდა რეაგირებდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოები რეაგირებდნენ მოკლე ვადებში, როდესაც ასეთი რამ ხდება. დღეს ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ არა მხოლოდ გამოძიებაა დაწყებული, არამედ შესაბამისი პირიც, ვისზეც ეჭვი არსებობს, რომ ღამით გაავრცელა კადრები, დაკავებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვხედავთ ადამიანებს, როგორიც არ უნდა იყოს მათი ასაკი, განათლების დონე ან რამდენი მეგობარიც არ უნდა ჰყავდეთ, ყველამ ვუთხრათ ამ ადამიანებს, რომ ეს არის დანაშაული და საზოგადოებამაც გაკიცხოს ეს საქციელი, რადგან პირადი ცხოვრება არის დაცული ღირებულება. ამას იცავს კონსტიტუცია, იცავს ჩვენი კანონი და ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, როდესაც არ ხდება პირადი ცხოვრების უფლების დაცვა ინდივიდების მიერ, ასეთ შემთხვევაში, საქმეში ერევა საგამოძიებო ორგანო, ხდება დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა.

„ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ უბედურების წინააღმდეგ, რასაც ჰქვია სხვა ადამიანის პირადი ცხოვრებით მანიპულირება და მასზე კადრების გავრცელება,” – აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით ვიდეოკადრების გავრცელების მორიგ ფაქტზე არასრულწლოვანია დაკავებული.

magti 5g