LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი 2002 წელს „თეატრალური ინსტიტუტის“ კიბეებზე დაიწყო… 20 წლის ვხდებით და გრანდიოზულ საიუბილეო საღამოს ვგეგმავთ“ – „თეატრალურის კვარტეტი“ „არდაიდარდოში“

86
თეატრალურის-კვარტეტი

19 სექტემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ „თეატრალურის კვარტეტი“ სტუმრობდა. კვარტეტის წევრებმა სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს და მსმენელს ახალი სიმღერა „ორი ქოთანი“ წარუდგინეს.

გაიხსენეთ „თეატრალურის კვარტეტის“ პირველი წლები.

ლაშა: ეს ყველაფერი 2002 წელს „თეატრალური ინსტიტუტის“ კიბეებზე დაიწყო. როდესაც უფრო სერიოზულ ეტაპზე გადასვლის სურვილი გაგვიჩნდა, ჩემს დეიდაშვილს, ზურას დავუკავშირდი, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში „რუსთავი“ მღეროდა და ვთხოვე, რომ ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან დავეკავშირებინეთ და როგორმე შევეხვედრებინეთ, რომ ჩვენთვის მოესმინა. მაშინ, 14-15 ბიჭი ვიყავით. ზურამ მოახერხა ეს ყველაფერი და ბატონ ანზორთან რეპეტიციაზე მივედით. რომ მოგვისმინა, ძალიან მოეწონა, ჩვენც რაც ვიცოდით და არ ვიცოდით, ყველაფერი ვუმღერეთ. შემდეგ გოგიტა ბუგიანიშვილს სთხოვა, რომ ანსამბლი ჩამოეყალიბებინა „თეატრალურ უნივერსიტეტში“. ერთი წლის თავზე, ბიჭებს ქალაქური სიმღერის, ახალი გამოწვევების სურვილი გაგვიჩნდა და ეს იდეა დათო არჩვაძეს გავანდე. აღნიშნული სურვილი მე, ოთოს და კობას გვქონდა. დათომ მითხრა, ტრიო ძალიან კარგია, მაგრამ კვარტეტი ჯობია, უფრო მდიდარია ჟღერადობითო. შემდეგ კი უკვე ირაკლი გამოვიძახეთ და ვთხოვეთ დახმარება.

ირაკლი: მე ამ დროს გივი წულუკიძესთან ვემზადებოდი. იმთავითვე ვიცოდი, რომ ქალაქური სიმღერა ჩემი იყო და ჩემთვის ყველაფერი იყო. ვთქვი, რომ სხვა არაფერი მინდოდა და პირდაპირ ამ საქმეს მივაწვებოდი.

როგორ დაიწყო თქვენი და დათო არჩვაძის ერთობლივი მუშაობა? მახსოვს, კონცერტიც გქონდათ ერთად.

კობა: როცა ქალაქური სიმღერის სურვილი გაგვიჩნდა, ლაშამ მოიწვია დათო და გაგვაცნო. ამის შემდეგ ერთად დავიწყეთ რეპეტიცია.

ვისაუბროთ თქვენი და დათოს ერთობლივ ნამუშევარზე „ფარვანა“.

ლაშა: ამ სიმღერის მღერა ძალიან რთული იყო, რადგან მას უდიდესი მომღერალი, ნუგზარ აფხაიძე ასრულებდა. სოლოდ ამის შესრულება არ გამოვიდოდა, ამიტომ დათომ შემოგვთავაზა ერთად ვიმღეროთო. არაჩვეულებრივი ნამუშევარი გამოვიდა. სიმღერა ნანა მესხს ეკუთვნის, ლექსი გია გალოგრეს. ამ სიმღერას მოჰყვა ქალბატონი ნანას მეორე სიმღერა, „აღმა დაღმა“, რომლის ლექსის ავტორიც მამუკა შალამბერიძე გახლავთ. ეს იყო პირველი ნამუშევარი და კლიპი, რომელიც ფართო საზოგადოებამ იხილა.

ამის შემდეგ იყო სოლო კონცერტი…

ლაშა: კი, ზუსტად ამის შემდეგ იყო 5 წლის იუბილე. კონცერტი „ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში“ ჩატარდა. ღონისძიება ქალბატონ მაია დათუნაშვილს მიჰყავდა. რაღაც განსაკუთრებული ემოცია იყო ჩვენთვის ეს კონცერტი, რადგან დარბაზში იჯდა ყველა, ვინც კი ქართულ სიმღერას ემსახურებოდა, გამოცდის ჩაბარებასავით იყო. ამის შემდეგ დაიწყო დიდი მეგობრობა კომპოზიტორებთან, სოლო მომღერლებთან და ანსამბლებთან.

დღეს გვაქვს სიმღერის „ორი ქოთანი“ პრემიერა, როგორია მისი ისტორია?

ლაშა: ძალიან გვინდოდა, რომ რაღაც მხიარული კარგი, გემრიელი სიმღერა ჩაგვეწერა. სულ გვიტრიალებდა ფრაზა „ჭინჭრაქადან“ „მაღლა ცაში ამაფრინე, ვაი, ვაი“ , მაგრამ სპექტაკლში იმდენად მწირია ეს მონაკვეთი, რომ რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა და ძალიან ცნობილი და ძალიან კარგი პოპური მივაბით და ასე ავაგეთ სიმღერა. სიმღერაზე ქეთი გაბისიანმა იმუშავა. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. სიმღერა რომა გიორგაძის სტუდიაში ჩაიწერა.

როგორია სამომავლო გეგმები, თუ გეგმავთ კონცერტს?

ოთო: 14 ოქტომბერს გვექნება კონცერტი „ოტიუმში“.

ლაშა: ჩვენ არაჩვეულებრივი კონცერტი ჩავატარეთ დავით მაზანაშვილის ბენდთან ერთად ბათუმში. კოვიდ პანდემიით გამოწვეული 2-3 წლიანი პაუზის მერე პირველად ვიმღერეთ ამხელა სცენაზე და მართლა განსაკუთრებული მუხტი ჰქონდა ამ კონცერტს. ძალიან ბევრი კონცერტი გავმართეთ რეგიონებშიც და ახლა გვსურს, რომ თბილისშიც გავაკეთოთ ერთი კარგი საღამო. აღნიშნულ საღამოს აჩიკო ნიჟარაძესთან და დავით მაზანაშვილის ბენდთან ერთად ვაკეთებთ. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი, ძალიან საინტერესო და მაგარი საღამო გამოვა.

ოთო: ასევე გრანდიოზულ საიუბილეო საღამოს ვგეგმავთ, რომელიც შემდეგ წელს გაიმართება. 20 წლის ვხდებით. ძალიან საპასუხისმგებლო კონცერტი იქნება და ყველანაირად ჩართულები ვართ, ვშრომობთ და ვემზადებით.

 

თეატრალურის კვარტეტი – ორი ქოთანი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

თეატრალურის კვარტეტი – წვიმა. Live

 

თეატრალურის კვარტეტი – მრავალჟამიერი. Live

 

თეატრალურის კვარტეტი. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები