ახალციხეში გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეში ბრალდებული ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ საქმიანობას დაუბრუნდა.
ახალგაზრდა მედდის საქმეში ვიოლეტა ინასარიძის მიმართ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ექიმმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში განცხადება გააკეთა. ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული, მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენას “იმედის” კლინიკის ხელმძღვანელობას უკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე, სადაც მისი გათავისუფლების სარჩელს განიხილავდნენ, ვიოლეტა ინასარიძემ თქვა, რომ ტყუილი საავადმყოფოს ადმინისტრაციის დავალებით თქვა. დაასახელა კონკრეტული გვარებიც, მათ შორის იყო კლინიკური მენეჯერი მზია კაკოშვილი.
„მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ შოკში ვიყავი. როცა მზია კაკოშვილს [კლინიკური მენეჯერი] ვეკითხებოდი, რა უნდა მეთქვა, მეუბნებოდა, რომ რაც პროტოკოლში ეწერა ის თქვიო. იმ ინტერვიუშიც ეგ ვთქვი. როცა აზრზე მოვედი, მერე მივხდი, რომ სიმართლე უნდა მეთქვა, იმიტომ, რომ ყველაფერი, დავიბრალე მე, რაც არ გამიკეთებია. სრულ ჭკუაზე რომ ვყოფილიყავი, ასეთ სისულელეს ვიტყოდი ინტერვიუში იმ დღეს? დირექტორებმა გამომიძახეს და ის მათქმევინეს, რაც უნდოდათ რომ მეთქვა და ჩემს თავზე ამეღო ყველაფერი“ – აღნიშნავს ინსარიძე.
აბსურდული ბრალდება – ასე უწოდა ვიოლეტა ინასარიძის გუშინდელ განცხადებას ბრალდებების ერთ-ერთმა ადრესატმა. მზია კაკოიშვილი “კურიერთან” სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ შემთხვევის დროს ის კლინიკაში არ იმყოფებოდა, როდესაც დაბრუნდა და მეგი ბაქრაძის საქმეზე აუცილებელი დოკუმენტაცია მოითხოვა, საბუთები მას თავად ინასარიძემ გადასცა, უკვე შევსებული.
„ამ შემთხვევაში ვიოლა რას გულისხმობს, რომ მე რა ვაიძულე ვერ ვხვდები. მისი გადმოცემით დავდე ვაქცინაციის დრო, ცრუ დრო, იმ დროს აცდენა მოხდა. მისი გადმოცემით, რომ მომიყვა ჯერ დაეწყო პირველი ეპიზოდი, მერე იყო მეორე ეპიზოდი, ასე ვისუაბრე მეც და რა ვაიძულე ეგ ვერ გავიგე“, – პასუხობს კაკოშვილი ბრალდებას.
ცრუ ინფორმაცია ჩაიწერა პაციენტის ისტორიასა და ფორმა 100-ში. ერთი წლის წინანდელი კომენტარისგან განსხვავებით, ახლანდელ ჩვენებაში ინასარიძე განმარტავს, რომ სამედიცინო ისტორიაში, მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინის გაკეთების შესახებ ჩანაწერი მას არ შეუტანია.
„ისტორია შეადგინა კლინიკურმა მენეჯერმა, ვინც იყო რეანიმატოლოგი მან. მეც იქ ვიყავი და მომაწერინეს ხელი. ნუ გეშინია, მოაწერე, ჩვენ ყველა ვაწერთო და მეც მოვაწერე. ფორმა 100–საც მოვაწერე ხელი. ყველაფერი ავიღე ჩემს თავზე. 24 მარტს მე თავად მივმართე გამომძიებელს, რომ ხელახალი დაკითხვა მომხდარიყო ჩემი“ – აღნიშნავს ინსარიძე.
რაში დასჭირდა კლინიკა “იმედის” ხელმძღვანელობას შესაძლო ზეწოლა ვიოლეტა ინასარიძეზე, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს ბრალდებულის ინტერესების დამცველს. ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა მუდმივად მიმდინარეობდა.
„იქ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არავის დანაშაული და გადაცდომა არ ჩაუდენია. მაგრამ იმ პერიოდისთვის ისე იყო სიტუაცია დაძაბული, ალბათ სხვა რამე ვერ მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ რაღაც არასწორი ინფორმაცია გამჟღავნებულიყო. მაგრამ ეს არასწორი ინფორმაციაც არაფერს ემსახურება ფაქტობრივად“, – ბონდო ვათიაშვილი.
ამ დრომდე ელოდება კონრეტულ პასუხებს მეგი ბაქრაძის ოჯახი – ვისი გულგრილობის შედეგია ქალის გარდაცვალება და უნდა დადგეს თუ არა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ამაზე 27 წლის მედდის ახლობლები ამ ეტაპზე არ საუბრობენ. ბაქრაძეები გამოძიების მიმდინარეობას აკვირდებიან და ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.
„ერთმანეთს დაეტაკნენ, ვიოლეტას შეპირდნენ 5 ათას ლარს, ჩვენ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც შენ იტყვიო. ალბათ არ შეუსრულეს, რასაც ვიოლეტა ეუბნება, სამსახურის აღდგენას ითხოვს, და ვიოლეტა აქეთ ემუქრება“, – ამბობს მეუღლე მანუჩარ კობახიძე.
კლინიკა “იმედის” ექთნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება, ჩატარებულია ექსპერტიზები, შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. შესაძლოა, ექიმ ინასარიძის ჩვენების შეცვლის შემდეგ სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. პირველადი მონაცემებით, მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს, ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.
წყარო: რუსთავი 2