აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახების დასახმარებლად და იმისთვის, რომ უბედური შემთხვევის ადგილზე მცხოვრებმა პირებმა ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხოდ განაგრძონ.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, „მიმდინარეობს გამოძიება და ყველას, ვიცი პასუხისმგებლობაც არის, დაეკისრება პასუხისმგებლობა“.
„უმძიმესი დღეებია ჩვენი ქალაქებისა და ამ ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, მათ ახლობლებს, მეგობრებს. ახლა მიმდინარეობს ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავს დარჩენილი ობიექტის შემდეგი რისკების პრევენციას. ყველაფერი გაკეთდება, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს გარდაცვლილთა ოჯახებისთვის და მეორე მხრივ აქ მცხოვრებმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება.
ყველას, ვისი პასუხისმგებლობაც არის, რა თქმა უნდა, დაეკისრება პასუხისმგებლობა, მაგრამ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და არ შეიძლება იმ კონკრეტული ფაქტებითა და გარემოებებით საუბარი, რაც ჯერჯერობით არ არის საქმეში წარმოდგენილი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.