LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი ხევსურეთში ვისწავლე, ცხენზე ჯირითით დაწყებული, შეშის დაჭრით დამთავრებული, ყველა ის საქმე, რაც ძველად ხევსურის ქალებმა იცოდნენ, მეც ვისწავლე, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მავალებდნენ საქმის კეთებას…“ – მარგარეტ დაიაურის ცხოვრება მთაში

1231
page

მარგარეტ დაიაური, თბილისში ცხოვრების შემდეგ, ისევ ხევსურეთს დაუბრუნდა და მიიჩნევს, რომ ამ მხარესთან, სადაც პირველად მაშინ წაიყვანეს, როდესაც თვეების იყო, კავშირი არასდროს გაუწყვეტია. მარგარეტი fortuna.ge-ს ესაუბრება ხევსურეთში არსებულ პრობლემებზე და თავის დიდ სიყვარულზე მის მიმართ.

თბილისში დროებით საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდით ხევსურეთს. ასე რატომ მოხდა და რა გააცნობიერეთ ყველაზე მძაფრად ქალაქში ცხოვრებისას?

მე ხევსურეთს არასდროს დავშორებივარ, თბილისში გადასვლის შემდეგაც, ყველანაირად ვახერხებდი რომ ხევსურეთში გადმოვსულიყავი, აბსოლუტურად ყველა სეზონზე, ზამთარში რომ მნახეს ხევსურებმა, ხევსურეთში უნდა გადავფრენილიყავი, გაუკვირდათ, ყველა მოდის ზამთარში ბარში და შენ იმ სიცივეში ისევ მთაში მიდიხარო? ამ დროის განმავლობაში ნარასდროს შემიწყვეტია ხევსურეთის პრობლემებისთვის ბრძოლა, მანამდე თუ მხოლოდ ინტერნეტით კომუნიკაცია შემეძლო, შემდეგ, თუ სადმე შემეძლო და არ შემეძლო, ყველა შეხვედრაზე დავდიოდი, როგორც საჯარო მოხელეებთან, ასევე პირადად ისეთ ადამიანებთან, ვისაც, ჩემი კუთხის უკეთესოვისკენ შეცვლა, თუნდაც მცირედით შეეძლოთ. არასდროს მეზარება და დამზარებია ხევსურეთის საკითხებზე სირბილი, რეკვა, ან შეტყობინებების წერა, რადგან ამას ჩემს მოვალეობად ვთვლი.

ხევსურეთში ცხოვრება ადვილი რა თქმა უნდა არ იქნება. რა არის პლუსები და მინუსები და როგორ უმკლავდებით არსებულ სირთულეებს?

ჩემთვის ძალიან ახლობელია ხევსურეთის ცხოვრება, არასდროს გამჭირვებია და დამიტოვებია იმის გამო, რომ უკეთეს კომფორტში და პირობებში მეცხოვრა, პირიქით, ბევრად მეტი მოტივაცია მიჩნდებოდა ყოველთვის, რომ თავად ხევსურეთში შეცვლილიყო ინფრასტრუქტურულად პირობები, რადგან მხოლოდ მე არ მეხებოდა, ეხებოდა მთლიან თემს, სადაც, მით უმეტეს, ბავშვებიც და ასაკოვანი ადამიანებიც იყვნენ, ბავშვობიდან ძალიან მებრძოლი ხასიათი მაქვს, ამიტომ, როცა ვიცი, რომ რაღაცის შეცვლა შემიძლია, წლები ვიბრძოლებ და მაინც შევცლი უკეთესობისკენ, შესაბამისად, პრობლემები, რაც ხევსურეთშია – საერთოა, მხოლოდ მე, ან ვინმე სხვას არ ეხება. მოსაგვარებელი საკითხებიდან განსაკუთრებით აღსანიშნია სამედიცინო პუნქტის არარსებობა, იყო შემთხვევები, როცა ადამიანებმა ამის გამო სიკვდილს თვალებში ჩახედეს და ზოგი ვერც გადარჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად ვერ აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. პრობლემაა ისიც, რომ ბევრ სოფელში მობილური არ იჭერს და ვინმეს რამე რომ დაემართოს, ელემენტარული დასახმარებლად ვერ დარეკავს, თუმცა რომ დარეკოს, შესაძლებელია, უამინდობას დაემთხვას და სამაშველო ვერ გამოფრინდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, ამიტომ უპირობოდ, ყველაზე მთავარი საკითხი სამედიცინო პუნქტი და ექიმია, რომელიც პირველად დახმარებას მაინც გაგიწევს და მიახლოებით მაინც გეტყვის, რა პრობლემა შეიძლება გქონდეს, რომ გადაჭრის გზებზე თავიდანვე იფიქრო. ბევრ სოფელში დღემდე არაა ელექტროენერგია, დღემდე არაა სამანქანო გზა, ახლაც ისეთი მდგომარეობაა, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო ხევსურეთში, როგორ შეიძლება, 21-ე საუკუნეში ელემენტარულ პირობებზე კიდევ ვლაპარაკობდე. ბევრს არ ესმის და ამბობს, სად იყო ადრე ხევსურეთში ან დენი, ან გზა, ან მობილური კავშირი, ავიდნენ და ისე იცხოვრონო, მათ არ ესმით, რომ ახლა სხვა დროა, ადრე მაგ ყველაფრის გამო ხალხი იღუპებოდა, დახმარებას ვერ ითხოვდა, პაპაჩემი კინაღამ ჩემ თვალწინ დაიღუპა, 12 წლის რომ ვიყავი, არც მეზობელი, არც მობილური კავშირი, არც გზა, არაფერი იყო ჩვენს მახლობლად, რომ ჩემებს დახმარებისთვის დაეძახათ. ახლა, -2 5 გრადუსში, თან როცა დენი არ გაქვს, მობილური არ იჭერს, ინტერნეტკავშირიც ამინდზეა დამოკიდებული, როცა შეშის ღუმელს ყველა ოთახში ვერ დადგამ, ბავშვს ვერ გაზრდი, ვერ გაიმეტებ იმ რისკისთვის, იმ უარაფრობისთვის, რასაც გადარჩენისთვის ბრძოლა ჰქვია. კი, ადრე ოჯახიც ბევრი იყო, შვილებსაც აჩენდნენ, თუმცა აჩენდნენ ბევრ შვილს, რადგან იცოდნენ, რომ უდიდესი რისკის წინაშე იდგნენ, ყველა ვერ მიაღწევდა ზრდასრულ ასაკამდე და ვერ გადარჩებოდა. ასაკოვანი ადამიანების უმეტესობას ხევსურეთში, ერთი ბავშვი მაინც ჰყავს დაღუპული, სწორედ ამ ინფრასტრუქტურული პირობების არარსებობის გამო, არ შეიძლება დღეს ადამიანებს მოსთხოვო და დაავალდებულო, იგივე გააკეთონ და შვილები შესაძლო სიკვდილისთვის გაიმეტონ.

პირველად როგორ მოხვდით ხევსურეთში და რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად?

პირველად რამდენიმე თვის ვიყავი, როცა ხევსურეთში წამიყვანეს, იქიდან მოყოლებული, ყოველ ზაფხულს და ზოგჯერ ზამთარსაც, ხევსურეთში ვატარებდი. ყველაფერი ხევსურეთში ვისწავლე, ცხენზე ჯირითით დაწყებული, შეშის დაჭრით დამთავრებული, ყველა ის საქმე, რაც ძველად ხევსურის ქალებმა იცოდნენ, მეც ვისწავლე, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მავალებდნენ საქმის კეთებას, მე ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა, რომ ყოველთვის ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად ვყოფილიყავი, არასდროს იცი ცხოვრებაში ვის შეიძლება დასჭირდეს შენი დახმარება, ან რა შეიძლება დაგჭირდეს თავად შენ. მთაში ყოველდღე სიკვდილთან ომი გაქვს, თუ საქმე არ იცი, ვერ იცხოვრებ, ვერ გაჩერდები, ვერ იარსებებ, ვერ გადარჩები, ყველაფერი შენით უნდა შექმნა, სულ მზად უნდა იყო, რომ არც შენ გაგიჭირდეს და არც სხვა დატოვო დახმარების გარეშე.

როგორია ის მამაკაცი, რომელიც თქვენ მოგხიბლავთ, რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს?

აუცილებლად ჯენტლმენი და ინტელექტუალი, კარგი იუმორის გრძნობით, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მაღალი ემოციური ინტელექტით, მენტალურად და ფიზიკურად ძლიერი, რომ მასთან ერთად, თავი დაცულად ვიგრძნო, ჩემზე უკეთესი უნდა იყოს ზრდილობაშიც, კულტურაშიც, მანერებშიც, ჩემთვის მაგალითი უნდა იყოს ადამიანურობის, თავმდაბლობის, სიკეთის, გულწრფელობისა და უშუალობის.

რა არის ის მთავარი, რაც ხევსურეთში ცხოვრებამ მოგიტანათ?

ადამიანების ცნობა მასწავლა, წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება დამიგროვა ამ კუთხით, უეცრად გამზარდა, მთელი სისწრაფით, ძალიან კარგი გაკვეთილები ჩამიტარა, რაც ვთვლი, რომ აუცილებელი და საჭირო იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g