LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი Toyota Prius-ის შესახებ: არ დაშალოთ აკუმულატორები, შეიძლება დენმა დაგარტყათ

972

გადაცემას “ავტოსერვისი“ კომპანია „ჰიბრიდ სერვისის“ წარმომადგენლები ვახტანგ კაპანაძე და ივანე ბოჭორიშვილი ესტუმრნენ.

საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ჰიბრიდული ავტომობილი შემოვიდა, გავარჩიოთ ისინი ბრენდებისა და მოდელების მიხედვით. ყველაზე პოპულარული არის „ტოიოტა პრიუსი“, რომელიც 1997 წლიდან სერიულად გამოდის მსოფლიო ბაზარზე, საქართველოში მისი სხვადასხვა თაობა შემოდის. როგორია თქვენი გამოცდილება ამ ავტომობილთან მიმართებაში?

ნამდვილად, მსოფლიოსა და საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილები ფართოდ არის გავრცელებული. მათგან ყველაზე მოთხოვნადი „ტოიოტა პრიუსია“. თუმცა შემოდის „ჰიუნდაის“, „შევროლეს“, „ფორდისა“ და სხვა ბრენდების ჰიბრიდული ავტომობილები. ძველი ავტომანქანების შემოყვანა უკვე ხარჯებთან არის დაკავშირებული, გაძვირდა განბაჟება, ამიტომ მოსახლეობა 2010 წლის ზემოთ ჰიბრიდებს ირჩევს. პირადად მეც, უპირატესობას მესამე თაობის „პრიუსებს“ ვანიჭებ. აქ ვგულისხმობ სავალ ნაწილს, ძრავს, ელემენტებს და ელექტროობას. წინა თაობაში ასეთი პრობლემები უფრო მეტია. როდესაც „ტოიოტა პრიუსის“ შეძენას გადაწყვეტთ, პირველ რიგში აკუმულატორებსა და ძრავს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ჩვენი გამოცდილებით, კოლოფი ძალიან იშვიათად ზიანდება. პრობლემა აქვს ასევე ABS-ს, ძირითადად მეორე თაობის “პრიუსებში”. ძრავის პრობლემა უყურადღებობის, ზეთის არგამოცვლის გამო წარმოიქმნება. ზამთრის პირობებში ხშირია, როდესაც ყველა შიდა წვის ძრავი ლიტრს, ლიტრ ნახევარ ზეთს იკლებს. უმრავლესობას სწორედ ზეთის გამოცვლა ავიწყდება. ძირითადად 0/20-ზეთს ასხამენ ახალ თაობაში. სავალ ნაწილს პრობლემა თითქმის არ აქვს. მათ, ვისაც „პრიუსი“ ყავს, ვურჩევ აკუმულატორები გაწმინდონ, გადატესტონ და ნახონ, რამდენად კარგია და ძლიერია, გაწმინდონ დროსელი და გამოცვალონ „სვეჩები“.

თუმცა ეს მარტივი გასაკეთებელი არ არის და საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი…

ბევრ ადამიანს შეუძლია თავადაც დაშალოს, მაგრამ, რადგან ძაბვასთან გვაქვს შეხება, 220 ვოლტია და თავისუფლად შეიძლება დენმა დაგარტყათ, თავისი სპეციფიკა აქვს აკუმულატორების გამოცვლას, უმჯობესია სპეციალისტს მიმართოთ.

აკუმულატორებს თავისი რესურსი აქვს. როგორ ხდება მათი შემოწმება, რა ტექნოლოგიური პროცესია?

ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტენდი. როდესაც მოვხსნით აკუმულატორს, ვდებთ სტენდზე და გვიჩვენებს რამდენად რესურსიანია ის, არის თუ არა დაზიანებული, ან რამდენი რესურსი აქვს დარჩენილი და ა.შ. თუკი სახლის პირობებში მოხსნით, იქ არის გადაბმის ადგილები – სპილენძის ფირფიტები, რომლებიც ფერს უცვლის და გამტარიანობა ამ დროს ნაკლებია. ზოგიერთი „შკურკავს“ და კვეთს ზომაში ამცირებს. ასე არ შეიძლება, სჯობს ისევ ისე დატოვოთ ვიდრე ბოლომდე შეამციროთ კვეთი. ის იწმინდება სპეციალურ სითხეში. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება გაუკეთო აკუმულატორს. მაგალითად “პრიუსს” 22 ცალი აკუმულატორი აქვს და გადაბმულია იმ სპილენძის ფირფიტებით, რაზეც ვსაუბრობდით. სტენდი გვიჩვენებს, რომელი მათგანია დაზიანებული და სწორედ იმას ვცვლით.
„ტოიოტა ქამრის“ 34 აკუმულატორი აქვს, სხვადასხვა მოდელს სხვადასხვა რაოდენობის აკუმულატორი აქვს. იმდენად ჭკვიანი კომპიუტერი უდგას ავტომობილს, რომ ის საზღვრავს პრობლემას და ბლოკავს, ავტომობილს ავარიულ რეჟიმში აგდებს, რომ დატვირთვა შიდა წვის ძრავზე მოხდეს. ასეთ დროს 220 ვოლტი აღარ წარმოიქმნება. ინვეტორს მიეწოდება 220 ვოლტი, გადაეცემა კოლოფს და კოლოფი გარდაქმნის ენერგიას და 380 ვოლტამდე წევს. „ტოიოტა პრიუსი“ იქოქება ჰიბრიდული აკუმულატორით. შიდა წვის ძრავი ასრულებს დინამოს როლს. როდესაც აკუმულატორი დაზიანებულია, მეორე თაობის „პრიუსებში“ გამოაქვს წითელი სამკუთხედი და სხვადასხვა პრობლემაზე მიანიშნებს, თუნდაც ABS-ზე ან ზეთის ნაკლებობაზე. კონკრეტულად რა სჭირს ავტომობილს, ეს დიაგნოსტიკაზე უნდა გამოჩნდეს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსულა ადამიანი და შეუცვლია კოლოფი, ძრავის დროსელი და ასე შემდეგ, როდესაც სულ სხვა პრობლემა ჰქონდა ავტომობილს. დიდი მნიშვნელობა აქვს კოდის სწორად წაკითხვას, შეიძლება ერთი კოდი რამდენიმე პრობლემას ჰქონდეს, მაგრამ ყველაზე მარტივიდან უნდა დაიწყო.

ახსენეთ მეორე თაობის „პრიუსებში“ ABS-ის პრობლემა…

დიახ, 70-80%-ს აქვს ABS-ის ცენტრალური ბლოკის პრობლემა. მესამე თაობას ეს პრობლემა მოხსნილი აქვს. პრობლემა გამოიხატება იმაში, რომ აქვს საშინელი ხმა, მუხრუჭი საერთოდ არ არის და ანთებს სხვადასხვა ელექტრონული უსაფრთხოების მაჩვენებელი. მესამე თაობა ამ მხრივ ძალიან დახვეწილია. რემონტს აღარ ექვემდებარება ABS, იმდენად რთული სქემაა.

რამდენად პრობლემურია გადაცემათა კოლოფი?

მეორე თაობაზე ხშირად ფუჭდება. ელექტრო გენერატორია ასე ვთქვათ, ორი კბილანაა და მეტი არაფერი. მაგნიტის ელექტრო კოჭა დგას. ასევე პრობლემურია ძველი მოდელების ძრავი, თუ ზეთი ერთ ლიტრამდე იკლებს, ნორმაა, მაგრამ ორ ლიტრზე მეტს თუ იკლებს შეცვლიდან შეცვლამდე, ეს ნიშნავს, რომ ძრავს პრობლემა აქვს.

ძირითადად დამტვრეული ან ჩაძირული ავტომობილები შემოდის საქართველოში. რას უნდა მიაქციოს მყიდველმა ყურადღება?

დიახ, ძირითადად სადაზღვევო აუქციონებზე შეძენილი ავტომობილები შემოდის და ხშირად არავინ იცის, რა სჭირს ავტომობილს მანამ, სანამ არ ჩამოვა. ტეხასიდან და ფლორიდიდან ბევრი ჩაძირული ჰიბრიდი შემოვიდა. გაითვალისწინეთ, რომ რადგან უსაფრთხოებას ეხება საქმე, ბოლომდე შეამოწმეთ ყველა დეტალი, ყველა სადენი და ა. შ. ძრავის, სალონის განყოფილება, თითოეული ბლოკი – უნდა შემოწმდეს. ძირითადად, ელექტროობის 70%-ის შეძენა უწევს მძღოლს, მაგრამ მაინც უღირს. თუ არის საშუალება, გირჩევთ, ფიზიკურად დაზიანებული ავტომობილი შეიძინოთ, ვიდრე ჩაძირული და არ იცით სინამდვილეში რა სჭირს. „პრიუსის“ შემთხვევაში, სადაც არ უნდა იყოს დაზიანებული, ნაწილებისა და დეტალების პრობლემა არ არის. უმჯობესია გვერდიდან იყოს დარტყმული, თუ წინიდან არის დაზიანებული, მეტი ხარჯი აქვს მყიდველს ვიდრე მაშინ, თუ გვერდიდან არის დაზიანებული.

რამდენიმე რჩევა მივცეთ მძღოლებს, რა უნდა გაითვალისწინონ ექსპლუატაციისას?

ყველას, ვინც გეგმავს „პრიუსი“ შეიძინოს, ან უკვე აქვს, ყურადღება მიაქციეთ აკუმულატორების სისტემას, ძრავის სისტემას, აალების სანთლებს და დროსელის გაწმენდას. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს წვაზე. თავის დროზე გამოცვალეთ ზეთი ძრავსა და კოლოფში.

თქვენი კოორდინატები?

გურამიშვილის N28. ტელეფონი: 596 10 10 96 / 571 48 25 25.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები