2 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მოცეკვავე, ,,სუხიშვილების” ყოფილი სოლისტი – თეა დარჩია სტუმრობდა, რომელმაც ისაუბრა კლიპის გადაღებაზე და თვითიზოლაციის დღეებზე.
მოგვიყევი, როგორ მოხდა იმ კლიპის გადაღება, რომელიც ყველამ ვიხილეთ სოციალურ ქსელში?
სახლში ვიყავი ტელევიზორთან და უცებ მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. უფროს ბიჭს ვთხოვე გაყოლა, რადგან გვიანი იყო და წავედით კლიპის გადასაღებად. ჩავრთეთ დინამიკი და იულია იღებდა ვიდეოს ტელეფონით. ზუსტად მეორე დღეს გამოცხადდა კომენდანტის საათი. საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი გადაღება, ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. დილის 5 საათზე დავბრუნდით სახლში დათრგუნულები, რადგან ძაღლები აგვეკიდნენ, მერე პოლიციამაც გაგვაჩერა. დილამდე ვამონტაჟეთ ტელეფონით მასალა და ავტვირთე ჩემს იუთუბ გვერდზე. მთელი ჩემი არსებით მინდოდა ეს ვიდეო მიმეძღვნა ილია მეორესთვის, ბევრ რამეზე ერთად ვფიქრობდი და ძალიან მტკივნეული იყო ეს ყველაფერი, თუმცა, ვცდილობდი ბავშვები არ შემეშინებინა. ვფიქრობდი, რომ ილია მეორე ამ ყველაფერს ისე გაიგებდა, რა ფორმითაც მე გადმოვეცი. თვითიზოლაციის პერიოდში დავრწმუნდი, რომ ყველაფრის გარეშე შემიძლია ცხოვრება, გარდა ცეკვისა, რომელიც ჩემი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ასევე დავრწმუნდი, რომ ქართველები ვყოფილვართ ძალიან მაგარი ერი, ძალიან დიდი ,,რესფექთი” გამიჩნდა საკუთარი წარმომავლობის.
როგორი იყო ოჯახური თვითიზოლაცია?
მარიამმა თავის თავზე აიღო ბავშვების და ოჯახის კვება, ამიტომ მე აღარ ჩავერიე. რამდენი შევედი სამზარეულოში, იმდენი უკან გამომიშვა. ისწავლა უგემრიელესი კერძების მომზადება. მამამ აიღო თავის თავზე ბავშვების ინტერნეტ განათლება, რადგან მე არ მესმის ამის არაფერი, ხოლო მე დავდიოდი სტუდიაში.
როგორია შენი სამომავლო გეგმები
ამ პანდემიამ მიმახვედრა, რომ სამომავლო გეგმები არ არსებობს. აზრი არ აქვს, უნდა ვიცხოვროთ ამ მომენტით. ექიმებს, მედდებს, ჯურნალისტებს ყველას მინდა გადავუხადო დიდი მადლობა პირველ ხაზზე ყოფნისთვის. შევკრიბე ბავშვები, რომლებიც თბილისში იმყოფებიან და ქალაქ გარეთ ვერ გადიან, ვატარებ რეპეტიციებს ღია სივრცეში, მაქვს მონიშნული მანძილი, ვინ სად უნდა იდგეს. ბათუმში მექნება მასტერკლასები, ვისაც მოუნდება მოსვლა თქვენს გვერდით მიგულეთ, ვიცეკვოთ გემრიელად, გავბედნიერდეთ და დავმშვიდდეთ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ.