20 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი გიორგი წიკლაური სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერის „თბილისური ამქარი“ ახალი ვერსია წარუდგინა.
გიორგი, სიმღერა, რომელიც დღეს მოგვიტანე, ყველამ კარგად იცის, რადგან მას მაია კვატაშიძესთან ერთად ასრულებდი.
კი, ასეა და სხვათა შორის, ამ სიმღერას უცნაური ისტორია აქვს. ეს სიმღერა 2000 წელს ჩაიწერა. იმ დროს დისკები და კასეტები იყიდებოდა, ყველამ იცოდა ეს სიმღერა, მაგრამ რატომღაც კრებულზე არასდროს ეწერა ხოლმე ჩემი სახელი და გვარი.
არ ბრაზდებოდი და არ გწყინდა შენი სახელი და გვარი მითითებული რომ არ იყო?
თავიდან მქონდა ხოლმე რაღაც რეაქციები, მაგრამ მერე რაღაცნაირად მივეჩვიე, რამდენჯერ უნდა გავბრაზებულიყავი, არასდროს არაფერზე ეწერა.
ვისი იდეა იყო, რომ სიმღერის „თბილისური ამქარი“ ახალი ვერსიის გაკეთება?
3-4 წლის წინ მივედი ცირა ბზიშვილთან ამ იდეით, ვუთხარი, რომ ამ სიმღერის გაკეთება მინდოდა. ცირამ დღეს-ხვალ, დღეს-ხვალო და საბოლოო ჯამში, ეს წლები არ მოხერხდა ამ სიმღერის გაკეთება. შემდეგ, ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნით, მივედით ცირასთან და ვუთხარით, რომ საბოლოოდ გადავწყვიტეთ ამ სიმღერის გაკეთება. ვიტყვი სიმართლეს, ცირამ ასეთი რაღაც გვითხრა, ეს სიმღერა თუ გაარტყამს და პოპულარული გახდება, ჩემი ბრალი იქნებაო, თუ ჩავარდება და არ გაამართლებს, თქვენი ბრალი იქნებაო და ახლა გადაწყვიტეთ, გავაკეთო თუ არაო. მეც ვუთხარი, გააკეთე, თანახმა ვარ-მეთქი და ასეთი გამოვიდა. მე ძალიან მომწონს ახალი ვერსია. ახალი თანამედროვე მიმართულებით გაკეთდა, დღევანდელ დღეზეა მორგებული. მუსიკა და ტექსტი მაია კვატაშიძეს ეკუთვნის. დასანანია, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ჩვენს გვერდით აღარ არის.
ვიდეორგოლის გაკეთებას თუ აპირებ?
ვიდეორგოლზე მიფიქრია, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არ მაქვს.
როგორია სამომავლო გეგმები, თუ გაქვს დაგეგმილი ღონისძიებები?
ზაფხულის პერიოდში დაგეგმილია რამდენიმე გასვლა საქართველოდან, პატარ-პატარა ღონისძიებები საქართველოშიც არის.
გიორგი წიკლაური – თბილისური ამქარი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი წიკლაური. ვიდეო კოლაჟი