LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველამ ყველაფერი იცის ისედაც” – გამოკითხვის შემდეგ ჩირგაძე ამბობს, რომ გაჩუმებას აპირებს

76
1

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე, რომელიც არჩევნების დროს “ქართული ოცნების” წარმომადგენლის მხრიდან მუქარაზე საუბრობდა, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრობს.

ჩირგაძეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ახლობლები სამი დღე ეძებნენ, როგორც აღმოჩნდა ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც იზა ჩირგაძე აცხადებს, სამართალდამცველებმა მას ჰკითხეს, ხომ არ ხორციელდებოდა მის მიმართ ზეწოლა და ხომ არ იყო საფრთხეში. 

ჩირგაძე მობილური ტელეფონის გამორთვის მიზეზზეც საუბრობს და ამბობს, რომ სანამ გამოკითხვა დასრულდებოდა გამორთო, რადგან მისი მისამართით ბევრი შეურაცხყოფა და ლანძღვა იყო:

“წამიყვანეს იმის მხრივ, რომ ხომ იყო ყველანაირად მშვიდობა – დამუქრების მხრივ. პოლიციის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ვეულებრივ იკითხეს, ვინმემ რამე ზეწოლა ხომ არ განახორციელა, ან საფრთხეში ხომ არ ხარო, არანაირი სიტუაცია არ იყო ზედმეტი.

ტელეფონი საერთოდ გამორთული მქონდა, “ფეისბუქიც”, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ სანამ გამოვრთავდი, ძალიან ბევრი შეურაცხყოფა იყო, ძალიან ბევრი ლანძღვა იყო და მერჩივნა, რომ ეს ყველაფერი მშვიდად, წყნარ ვითარებაში დამთავრებულიყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის…

საზოგადოებას მოვუწოდებ, ტყუილს არავინ ამბობს და შეეშვან ყველას ლანძღვას, ყველამ მიხედოს საკუთარ თავს და საკუთარი ოჯახის წევრებს.

რაც იყო, დავტოვოთ ისე. ყველამ ყველაფერი იცის, არც ზედმეტს დავამატებ. ყველამ იცის, რა სიტუაცია იყო რაც მოხდა. ვაპირებ, რომ გავჩუმდე, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის ისედაც”, – განაცხადა ტელეკომპანიასთან საუბრის დროს ჩირგაძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” შტაბის წევრები და კოორდინატორები აღარ დაჰკავშირებიან:

“არც მოსვლა, არც შეწუხება, არც მუქარა”, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, 1 ნოემბერს ქუთაისში ენმ-ის ოფისში ხატია დეკანოიძემ საუბნო კომისიის წევრთან ერთად ბრიფინგი გამართა.

აღნიშნულ ბრიფინგზე ქუთაისის 90-ე კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი აიძულებდა უბანზე ხმის უფლება მიეცა პირისთვის, რომელსაც სხვა პირადობა ჰქონდა. მისი თქმით, მან არ შეასრულა დავალება, რის გამოც დაემუქრნენ.

გუშინ განხდა ასევე ცნობილი, რომ ჩირგაძე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g