3 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ „ქსოვრელების“ წევრები, გიორგი შოშიტაშვილი, გოგი მიქელაძე, თემურ ვარდიაშვილი და დიმიტრი კიკნაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში ახალი სიმღერის „ღამეა მშვიდი“ პრემიერა შედგა. „არ დაიდარდოს“ მსმენელისთვის „ქსოვრელებმა“ ცოცხლად შეასრულეს სიმღერა „ქსოვრელები მღერიან“.
როგორ ხართ, განწყობა როგორია?
გიორგი: კარგად, კარგად ვგრძნობთ თავს და შემართებით ვართ.
დღეს გვაქვს სიმღერის „ღამეა მშვიდი“ პრემიერა. ვის ეკუთვნის ეს სიმღერა და როგორ შეირჩა ეს ნამუშევარი?
გიორგი: ეს სიმღერა საკმაოდ ძველია და ბატონ ზაქარია ბასილაშვილს ეკუთვნის, ის გახლავთ ტექსტის და მუსიკის ავტორი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაქარიას, ასეთი ლამაზი სიმღერის შექმნისთვის. რაც შეეხება სიმღერის შერჩევას, ეს საერთო გადაწყვეტილება იყო, ყველას იმდენად მოგვწონდა ეს სიმღერა, რომ გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა და გაგვეახლებინა. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა, მას ეკუთვნის არანჟირება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. აუცილებლად ვგეგმავთ კლიპის გადაღებასაც. ახალი ნამუშევარი ძალიან მოეწონა ყველას, ვინც უკვე მოისმინა და რაც მთავარია, ძალიან მოგვეწონა ჩვენ. ძალიან სასიამოვნო იყო ამ სიმღერაზე მუშაობის პროცესიც.
ძალიან დიდი მუსიკალური ბაზა გაქვთ. მაინტერესებს, რომელი სიმღერაა ყველაზე მოთხოვნადი თქვენს რეპერტუარში?
გიორგი: რა თქმა უნდა, ყველაზე მოთხოვნადი მაინც „ქსოვრელები მღერიან“ არის.
ამ ეტაპზე რამდენად დატვირთული პერიოდი გაქვთ?
გიორგი: ძალიან დატვირთულები ვართ, გვაქვს სხვადასხვა გასვლები და ვგრძნობ, რომ კიდევ უფრო მეტად დატვირთული პერიოდი გველის წინ.
გიორგი შოშიტაშვილი & ქსოვრელები – ღამეა მშვიდი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ქსოვრელები – ქსოვრელები მღერიან. Live
ქსოვრელები. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი