“ყველას მოგიწოდებთ, 2 ოქტომბერს არჩევნებზე მოხვიდეთ და თქვენი არჩევანი დააფიქსიროთ.” – პრემიერ-მინისტრმა მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ საზოგადოებას დღეს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, როგორ განვითარდება შემდგომი წლები ქვეყანაში.
პრემიერმა თქვა, რომ მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდეს და აქვე აღნიშნა, რომ იქნებიან მობილიზებულნი, რათა ეს იყოს სამაგალითო არჩევნები:
“ყველაზე მთავარი ეს არის არჩევნების დღე. არჩევნების დღე დავნიშნეთ 2 ოქტომბერს, ყველას მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ, დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი, შესაბამისად ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდეს შემდგომი წლები ჩვენს ქვეყანაში.
მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაზე. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ.” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კვლევითი ორგანიზაციის IRI-ს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ შედეგებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პატივს სცემენ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, აქედან გამომდინარე, მისი თქმით, IRI-ს დაკვეთილი კვლევები არანაირ ნდობას არ იმსახურებს.
