უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად, საუდის არაბეთში გაიმართა ოფიციალური მოლაპარაკებები რუსეთისა და შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს შორის. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი შედეგი: შეთანხმება დიპლომატიური მისიების სრულფასოვანი მუშაობის განახლების შესახებ.
შეხვედრაზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი წარმოადგენდნენ, ხოლო ამერიკულ მხარეს – აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
შეხვედრაზე კიევის წარმომადგენლები არ მიუწვევიათ. როგორც ვაშინგტონში განაცხადეს, უკრაინასთან მოლაპარაკებები მომდევნო ეტაპზე გაიმართება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ უკრაინა არ ცნობს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებებს კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე.
თავად ზელენსკი საუდის არაბეთში ოთხშაბათს, 19 თებერვალს უნდა ჩასულიყო. უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ ვიზიტი დიდი ხნის წინ დაიგეგმა ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში (ის ორშაბათს ეწვია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს) და უბრალოდ დაემთხვა ამერიკელებისა და რუსების შეხვედრას რიადში.
თუმცა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან საუდის არაბეთში ვიზიტი 10 მარტამდე გადადო.
მე შემიძლია ეს ომი დავასრულო
ერ-რიადში 4,5 საათიანი შეხვედრის დროს რუსეთმა გაამკაცრა მოთხოვნები და განაცხადა, რომ არ მოითმენს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს და სავარაუდოდ პუტინს თვის ბოლომდე შეხვდება.
„რუსეთს რაღაცის მიღწევა სურს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პალმ ბიჩში (ფლორიდა), – „ვფიქრობ, მე შემიძლია დავასრულო ეს ომი“, – დასძინა ტრამპმა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ომი სამუდამოდ უნდა დასრულდეს და აღნიშნა, რომ ეს მოითხოვს მოლაპარაკებებს ტერიტორიულ საკითხებზე.
„პრაქტიკული რეალობა არის ის, რომ იქნება დისკუსიები ტერიტორიებზე და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე“, – განაცხადა მან.
აშშ-ს ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ისინი ამ შეხვედრას არ განიხილავენ როგორც „მოლაპარაკებების“ დასაწყისს, არამედ როგორც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბრის გაგრძელებას.
კიევი და ევროპაც ჩაერთვებიან
მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა ყველა მხარისგან დათმობებს მოითხოვს და დასძინა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვებიან კიევი და ბრიუსელი. ასევე შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაზე და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში „გაღიზიანების აღმოფხვრის აუცილებლობაზე“.
AP-სთან ინტერვიუში რუბიომ თქვა, რომ საუდის არაბეთში გამართული შეხვედრა იყო „პირველი ნაბიჯი გრძელ და რთულ გზაზე“ და დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები მზად არის დაამყაროს გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობა უკრაინაში.
უკრაინისა და ევროპის შეშფოთებაზე საპასუხოდ, რუბიომ თქვა, რომ „არავინ დარჩება განზე“ და ნებისმიერი გამოსავალი ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ მჭიდრო ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის „შესაძლებლობების შესწავლაზე“.

ამასობაში ევროპაში
პარიზში უსაფრთხოების სამიტი გაიმართა და სამსაათიანი საგანგებო მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები და მათი პარტნიორები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, გაგზავნონ თუ არა სამშვიდობო ძალები უკრაინაში იქ მშვიდობის შესანარჩუნებლად (ბრძოლის შეწყვეტის შემდეგ). გერმანიის კანცლერმა შესთავაზა არ გაიქცნენ ლოკომოტივის წინ.
გერმანიას ასევე მიაჩნია, რომ რეგიონში ნებისმიერი მისია უნდა დაიგეგმოს შეერთებული შტატების მონაწილეობით, მაგრამ, რაც მთავარია, თავად უკრაინის ჩართულობით.
საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და შვედეთი უკრაინაში საკუთარი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის შესაძლებლობას უშვებენ, სხვა ქვეყნებმა კი, მაგალითად პოლონეთმა, განაცხადეს, რომ არ განიხილავენ ამ ვარიანტს ან ნაადრევად მიიჩნევენ.
„მე მზად ვარ განვიხილო ბრიტანული ჯარების გაგზავნა სხვებთან ერთად, თუ სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა, – თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, მაგრამ ამავდროულად, იქ აშშ-ს მხარდაჭერაა საჭირო, რადგან მათი უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა, რომ რუსეთმა უკრაინაზე ხელახლა შეტევა არ დაუშვას“.
პარიზული სამიტის წინა დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ტრამპს 20 წუთის განმავლობაში ესაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები არ გახმაურებულა.

გამოყენებულია ევრონიუსის, bbc-სა და ამერიკის ხმის მასალები
ფოტო: reuters
theguardian
yahoo