LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი პერიოდით საქართველოში აშშ-დან შემოსული ვიზიტორები ჩერდებიან, 14 დღეზე მეტი

95
toursits-in-tbilisi-by-alavidze

2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, იმატა საერთაშორისო ფრენების რაოდენობამაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 270%-ით, რაც ჯამში მოიცავს 3,000-ზე მეტ ფრენას. 285%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი, რომელიც შეადგენს 489,000-ზე მეტ მგზავრს. აქედან, ყველაზე მეტი წილი მოდის თურქეთიდან (21.1%), მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები (13.5%) და ისრაელი (8.3%),- ამის შესახებ Mastercard და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის პირველი კვარტალის ტურიზმის ტენდენციებშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საქართველოში დაგეგმილი მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა არის 7.8 დღე, ყველაზე დიდი პერიოდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული ვიზიტორები ჩერდებიან – საშუალოდ 14.7 დღე, მას მოჰყვება გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსული ვიზიტორები 9.4 დღით.

„2021 წელს საქართველოში შესრულებული ვიზიტებიდან „მასტერქარდის“ ბარათით განხორციელებულმა საშუალო დანახარჯმა 400 აშშ დოლარი შეადგინა, ყველაზე მაღალი დანახარჯი ერთ ვიზიტზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსულ ვიზიტორებს ეკუთვნით – საშუალოდ 611$, ამ მაჩვენებლით მოჰყვება ისრაელი – 574$ და არაბთა გაერთიანებული საამიროები 564$. ასევე დიდია ვიზიტორთა დაინტერესება ტურისტულ პროდუქტებზე, უმეტესი წილი მოდის კვებასა და სამზარეულოზე (40%), მას მოჰყვება აქტიური ცხოვრების წესი (სათავგადასავლო) (18%), ხელოვნება და კულტურა (17%). ტურისტული პროდუქტებზე პროცენტული გადანაწილებით ყველაზე მეტად ინტერესდებიან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოსული ვიზიტორები(47%), შემდეგ მოჰყვებიან მას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ვიზიტორები. კვებასა და სამზარეულოდან გამოირჩევა ღვინის ინტერესი, რომელიც მთლიან ვიზიტორთა 70%-ს აჭარბებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ Mastercard-მა ახალი ტურისტული პარტნიორობა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან 2020 წლის სექტემბერში დააანონსა. პარტნიორობა მიზნად ისახავს სექტორში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას, მათ დახმარებას ახალი აუდიტორიის მოზიდვასა და ტურისტული სეზონისთვის მომზადებაში.

„თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი, მთავრობებისთვის, კერძო კომპანიებისა და მცირე მეწარმეებისთვის, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, არის მონაცემების ანალიზი. მომხმარებლები საშუალოდ 38 სამოგზაურო გვერდს იყენებენ, ხოლო მოგზაურობის დაგეგმვას ხუთი კვირით ადრე იწყებენ – ეძებენ რჩევებს სოციალურ მედიაში, აქვეყნებენ შვებულების ფოტოებს, მოგზაურობის მიმოხილვებს და ციფრულად იხდიან მოგზაურობის ხარჯების დიდ ნაწილს. ეს წარმოქმნის მონაცემთა უზარმაზარ, ახალ ბაზას – მაგრამ შესაბამისი ინფორმაციის თავმოყრა, რომელიც არა მხოლოდ მოგზაურებს მიაწვდის ინფორმაციას, არამედ ტურიზმის სფეროს ინვესტიციების წარმართვაში დაეხმარება, მოითხოვს გამოცდილებას და მონაცემთა გაფართოებულ ანალიტიკას. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, Mastercard Tourism Insights-მა საშუალება მისცა გამოიყენოს გადახდის მონაცემები მომხმარებელთა ქცევის, განწყობებისა და ხარჯვის ჩვევების გამოსავლენად, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, მიიღონ უკეთესი ბიზნესგადაწყვეტილებები. მონაცემები, რომელიც მიღებულია საძიებო სისტემებიდან, Mastercard-ის ტრანზაქციებიდან, სოციალური მედიიდან და ჯავშნის მონაცემებიდან, ზომავს ვიზიტორთა საერთო კმაყოფილებას ყველა ასპექტში – ამინდიდან დაწყებული, საცხოვრებელი და უსაფრთხოების კომპონენტების ჩათვლით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g