ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” გიორგი წერეთელი ესტუმრა, რომელმაც რადიოს ეთერში წაგვიკითხა ლექსი მეგობრობაზე და შემოგვთავაზა სიმღერა სახელწოდებით ,,მეგობრობა გზად და ხიდად”. ასევე მან მოგვიტანა ახალი სიმღერა ,,ნუ შეხედავ სხვას”.
გიორგი წერეთელი:
ჩემო მსმენელებო მოგესალმებით გულით და სულით, ყოველთვის მიხარია აქ მოსვლა, რადგან იგრძნობა ხასიათი, პოზიტივი და დრაივი. ჩვენს გარშემო იმდენი რამ ხდება და იმდენი სანერვიულოა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და ვთესოთ პოზიტივი. ცხოვრებაში რასაც გასცემ იმას ღებულობ ორმაგად. ყველაზე დიდი სიმდიდრე ის ადამიანია, ვისაც შენ უყვარხარ და შენ ვინც გიყვარს. პირველ რიგში მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ შენნაირი მეგობარი გამომიგზავნა, მეგობარი ჩემს ცხოვრებაში არის ღმერთის გზავნილი. ამიტომ მინდა დღევანდელი ჩემი გამოსვლა და ეს ეთერი ზუსტად ამ ლამაზ გრძნობას მივუძღვნა. სიმღერა, რომლის პრემიერა უკვე შედგა და რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ ცოცხლად, არის ჩემი და ლანდერ დევიძის დუეტი, ტექსტი და მუსიკა დაწერა მან, სიმღერის სახელწოდება კი გახლავთ ,,მეგობრობა გზად და ხიდად”.
4 მარტს შენი დაბადების დღეა, როგორ ხვდები ხოლმე ამ დღეს?
ეს არის ჩემი 44 წლის იუბილე, ამ დღეს ვხვდები ჩემს კოლეგებთან და საუკეთესო მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივ და უთბილეს გარემოში, რესტორან ,,სამ საუკუნეში”, ყოველგვარი რეკლამის გარეშე, ეს არის მეგობრობის თავშეყრის ადგილი. ეს დაბადებისდღე იქნება სიურპრიზებით აღსავსე, რომელზეც მუშაობს მთელი კოლექტივი.
მოგვიყევი იმ სიმღერაზე, რომელიც დღეს დაპრემიერდება ჩვენს ეთერში…
სიმღერის სახელწოდება გახლავთ ,,ნუ შეხედავ სხვას”, მუსიკა და ტექსტი მეკუთვნის მე, არანჟირება კი როგორც ყოველთვის დავით დავიდოვს. სიმღერა ჩაიწერა გიორგი დათიაშვილის სტუდიაში. სიმღერა არის ცოტა განსხვავებული ჟანრის, არის სიყვარულზე და ვიტყოდი, რომ ცოტა ესტრადულია, არა საქეიფო. ასევე ვაკეთებ ახალ ქალაქურ სიმღერას უნიჭიერეს ცირა ბზიშვილთან ერთად. ბოლო პერიოდში გადავწყვიტე, რომ მქონდეს გარდა საქეიფო სიმღერებისა, ისეთი სიმღერები, რომლებიც გულში მაქვს.
გიორგი წერეთელი – ნუ შეხედავ სხვას
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი წერეთელი – სამეგობრო დილა. Live
გიორგი წერეთელი – მეგობრობა გზად და ხიდად. Live
გიორგი წერეთელი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები