ცნობილი ფრანგი მსახიობის, ჯეინ ბირკინის საკუთრებაში არსებული პირველი „ბირკინის“ ჩანთა „ჰერმესის“ მიერ სპეციალურად 1984 წელს შეიქმნა. სწორედ ამ შავი ტყავის ჩანთამ ჩაუყარა საფუძველი „ბირკინის“ ლეგენდარულ ხაზს. ბირკინი ჩანთას ყოველდღიურად ატარებდა 1985-1994 წლებში, სანამ იგი საქველმოქმედო მიზნებისთვის აუქციონზე არ გაყიდა, გაყიდვიდან მიღებული თანხა შიდსის კვლევას მოხმარდა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, სწორედ ამ ჩანთამ კვლავ მოხიბლა აუქციონის მონაწილეები და სოტბის აუქციონზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა: ნივთი 10 მილიონ დოლარად იაპონელმა კოლექციონერმა შეიძინა. საწყისი ფასი 1 მილიონი ევრო იყო, ვაჭრობა კი მხოლოდ 13 წუთსა და 33 წამს გაგრძელდა.
მიუხედავად 20 მონაწილისა, საბოლოო ბრძოლა ორ პრეტენდენტს შორის წარიმართა. სოტბის ვებსაიტზე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ჩანთა უნიკალურია: მას განსხვავებული ზომა აქვს, ასევე სპეციალური ლითონის რგოლები, ვერცხლისფერი სამაგრი და უჩვეულო დეტალი, ფრჩხილის საჭრელი, რომელიც თავად ბირკინმა დაამატა. ცნობისთვის, აქსესუარების კატეგორიაში წინა რეკორდი ეკუთვნოდა ასევე „ჰერმესის“ ჩანთას – ნიანგის ტყავითა და ბრილიანტებით მოჭედილ „კელის“, რომელიც 513 ათას დოლარად გაიყიდა.


