ალბათ ბევრ თქვენგანს ხშირად უთქვამს ან მოგისმენიათ ფრაზა, რომ ყველა დღე ისედაც დედისაა და საჭირო არ არის კონკრეტული თარიღი. მიუხედავად ამისა, უკვე 29 წელია, ყოველ 3 მარტს, გაზაფხულის მესამე დღეს, განსაკუთრებულად გამოვხატავთ სითბოს, სიყვარულსა და ყურადღებას.
საქართველოში დღეს დედის დღეს აღნიშნავენ.
დედის დღე საქართველოში ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
ახალმა დღესასწაულმა ფაქტიურად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც ისევე როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა. თუმცა ათი წლის შემდეგ 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი.
საქართველოში დღეს ქალებს და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი და ორივე არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.
3 მიზეზი, რატომ უნდა იმოგზაუროთ ყოველ წელს დედასთან ერთად
უმეტესმა ჩვენგანმა პირველად დედასთან ერთად ვიმოგზაურეთ, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ამას იშვიათად ვაკეთებთ.
დედის დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია. დღესასწაულები სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს. მაგალითად, ძველი ბერძნები მიწის ქალღმერთს გეას სცემდნენ თაყვანს. ძველი რომაელები, თავიანთი ღმერთების დედას -კიბელას.
აშშ-ში დედის დღე მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოიღეს. 1907 წლის მაისში მასწავლებელმა გრაფტონიდან ენი ჯარვისმა დასავლეთ ვირჯინიაში საკუთარი გარდაცვლილი დედის ხსოვნის აღსანიშნავად საზეიმო ცერემონია მოაწყო.
დედის დღე ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ამ დროს სატელეფონო ხაზები გადატვირთულია, საბარათე გაყიდვები პიკს აღწევს და რესტორნები სრული დატვირთვით მუშაობენ.
კვლევების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი სატელეფონო ზარი სწორედ დედის დღეს ხორციელდება, რაც ხშირად იწვევს ტრაფიკის შემცირებას 37%-ით.
აღსანიშნავია, რომ 30 ქვეყანაზე მეტი დედის დღეს სხვა რიცხვებში ზეიმობს. მაგალითად, ტაილანდში დედის დღეს აგვისტოში, ხოლო ეთიოპიაში შემოდგომაზე აღნიშნავენ.
დედის დღის ტრადიციები ძირითადად მოიცავს საუზმეს საწოლში, ყვავილების თაიგულს, ღია ბარათებს ან სხვა საჩუქარს.
საქართველოში კი იების თაიგულის გარეშე დედის დღე წარმოუდგენელია. თითქმის ყველას გვახსენდება გიორგი ლეონიძის სიტყვები “ნატვრის ხე”-დან:
“დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო! ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში, ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულზედ ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე. მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტინათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში..”
და ბოლოს, გთავაზობთ, ფოტოგრაფ პასკალ მენერტსის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გადაღებულ ფოტოებს, იმის დასამტკიცებლად, რომ დედის დღის აღნიშვნას ნამდვილად არ სჭირდება კონკრეტული რიცხვი.
ყოველ დღე უნდა ვუთხრათ მას, როგორ გვიყვარს…