რა მითებს და სტერეოტიპებს ვაწყდებით „ინ ვიტრო“ განაყოფიერების შესახებ, რას გულისხმობს საკვერცხის სტიმულაცია, რამდენად არის პაციენტის ასაკი დაკავშირებული ,,ინ ვიტრო” განაყოფიერების ეფექტურობასთან – ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს, გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მრავალპროფილური კლინიკა ,,ლიდერ მედის” რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ვალენსიის უნივერსიტეტის მაგისტრი – ქეთევან ქანთარია პასუხობს.
–ქეთევან, ბევრი მითი არსებობს „ინ ვიტრო“ განაყოფიერების შესახებ. ყველაზე ხშირად რა კითხვებით მოგმართავენ პაციენტები, რომელთაც „ინ ვიტრო“ განაყოფიერების პროცედურის ჩატარება სურთ?
-კარგია, როდესაც პაციენტი გათვითცნობიერებულია და ფლობს გარკვეულ ინფორმაციას „ინ ვიტრო“ განაყოფიერების შესახებ. ეს მეთოდი უკვე ძალიან პოპულარულია, მსოფლიოში „ინ ვიტრო“ განაყოფიერების პროცედურის შედეგად უკვე 10 მილიონზე მეტი ბავშვია დაბადებული, ეს კი ძალიან დიდი ციფრია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ჩატარებული ინ ვიტრო ციკლების რაოდენობამ 5-10 %-ით მოიმატა. მთლიანად ჩატარებული „ინ ვიტრო“ ციკლების რაოდენობას თუ დავთვლით, 50 % ევროპაზე მოდის, დანარჩენი წილიდან ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს იაპონიას და ამერიკას. ამბობენ, რომ ძალიან დიდი პროცენტია ჩინეთშიც, უბრალოდ, იქ სტატისტიკა დახურულია და ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ. საგულისხმოა ისიც, რომ მსოფლიოში ჩატარებული „ინ ვიტრო“ ციკლების მხოლოდ 70 % აღირიცხება.
„ინ ვიტრო“ განაყოფიერების მეთოდი ძალიან დაიხვეწა და ის მითები, რომელიც შეიძლება წლების წინ ჩვენც გვითქვამს პაციენტისთვის, კვლევებით დასტურდება, რომ მცდარია. მეთოდის დახვეწასთან ერთად დაიხვეწა პრეპარატებიც, რომელთაც საკვერცხეების სტიმულაციისთვის ვიყენებთ, არაფერს ვამბობ, თვითონ „ინ ვიტრო“ ლაბორატორიაზე, საჭირო აღჭურვილობაზე და იმ ნიადაგების ხარისხზე, სადაც უშუალოდ ინ ვიტრო პროცედურა თუ ემბრიონის კულტივაცია მიმდინარეობს.
რაც შეეხება ყველაზე აქტუალურ კითხვებს, პაციენტები ხშირად ინტერესდებიან, საკვერცხეების სტიმულაცია ხომ არ ამცირებს არსებული ფოლიკულების მარაგს. სტიმულაციაში იგულისხმება სპეციალური პრეპარატების ინექციები კანქვეშ, რაც აიძულებს საკვერცხეს, მოამწიფოს არა ერთი, არამედ რამდენიმე ფოლიკული, რადგან ჩვენ ბევრი ფოლიკული გვჭირდება. ზოგიერთ პაციენტს სტიმულაციის რამდენიმე მცდელობა სჭირდება, რადგან არის შემთხვევები, როდესაც პირველ მცდელობაზე საერთოდ ვერ მიიღება კვერცხუჯრედი ან მიიღება, მაგრამ უხარისხო, შესაძლოა, საერთოდ ვერ მოხდეს განაყოფიერება ან ვერ მოხდეს ემბრიონის ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ ეს პრეპარატი არსებული ფოლიკულების მარაგის შემცირებას ვერანაირად ვერ გამოიწვევს. ჩვენ იმ ერთი ციკლის განმავლობაში, ფოლიკულებს, რომლებიც თავისით, ბუნებრივად არ გაიზრდებოდნენ, ვაიძულებთ გაიზარდონ. მეორე აქტუალური კითხვა გახლავთ, სტიმულაცია ხომ არ გააფუჭებს კვერცხუჯრედის ხარისხს. რა თქმა უნდა, სანამ ამ თემასთან დაკავშირებით კვლევები დაიდებოდა, იყო შემდეგი კითხვები, მოქმედებს თუ არა ეს მძლავრი ჰორმონალური სტიმულაცია თვითონ კვერცხუჯრედის ხარისხზე, ხომ არ მიიღება უფრო მეტად უხარისხო კვერცხუჯრედები, ხომ არ ამცირებს ინ ვიტრო განაყოფიერებით მიღებული ორსულობის შანსს. ყველა ქალს, ნებისმიერ ასაკში, ფიზიოლოგიურად ისედაც აქვს ისეთი კვერცხუჯრედები, რომლებიც არ არიან ისეთი ხარისხის, რომ ისინი თუნდაც ბუნებრივ ციკლებში დაორსულდნენ. როდესაც ერთი სტიმულაციის ფარგლებში შესაძლოა 15-18 ფოლიკული მომწიფდეს, რა თქმა უნდა, ასეთ დროს, მივიღებთ როგორც ხარისხიან კვერცხუჯრედებს ანუ მომწიფებულს, მოუმწიფებელსაც და სხვა სტადიაზე მყოფსაც. შესაბამისად, ეს არ არის წამლის ბრალი, ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ცოტათი შევეწინააღმდეგეთ ფიზიოლოგიას და საკვერცხე ვაიძულეთ უფრო მეტად ემუშავა. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ ისეთ მძიმე გენეტიკურ მუტაციებს, რომელიც საკვერცხის დონეზე შეიძლება თანდაყოლილად ჰქონდეს პაციენტს და ყოველთვის უჭირდეს ხარისხიანი კვერცხუჯრედის მიღება, ან საერთოდ ცარიელი ჰქონდეს ფოლიკულები. როდესაც ისედაც პრობლემურია საკვერცხე იქ შეიძლება რამდენიმე სტიმულაციითაც კი ვერ მოხდეს კვერცხუჯრედის მიღება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, სტანდარტულ სიტუაციაში, სტანდარტული სტიმულაციები და პრეპარატები არ აფუჭებს კვერცხუჯრედის ხარისხს.
–ფოლიკულების მისაღებად ყოველთვის საჭიროა შესაბამისი სტიმულაციის ჩატარება თუ არის შემთხვევები, როდესაც ამ პროცედურის გარეშე იგეგმება ინ ვიტრო განაყოფიერება?
-ძირითად შემთხვევაში საკვერცხეების სტიმულაცია მიმდინარეობს, რათა გაიზარდოს შანსი ხარისხიანი კვერცხუჯრედის მიღების, მაგრამ არის ინდივიდუალური შემთხვევები, გამომდინარე სამედიცინო ჩვენებებიდან, როდესაც საკვერცხეების ჰორმონალური სტიმულაცია უკუნაჩვენებია, რადგან გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
ასეთი ჩვენებებია: ფარისებრი ჯირკვლის გარკვეული პრობლემები, სარძევე ჯირკვალში არსებული სხვადასხვა კვანძოვანი თუ სტრუქტურული წარმონაქმნები, სისხლის შემადედებელ სისტემაში არსებული პრობლემები. ასეთ დროს, შესაძლებელია კვერცხ უჯრედი მივიღოთ მსუბუქი სტიმულირებით, ანუ გამოვიყენოთ პრეპარატის ძალიან მცირე დოზა ან ყველანაირი სტიმულაციის გარეშე ნატურალურ ციკლში მოხდეს კვერცხუჯრედის აღება, თავისით როდესაც გაეზრდება ქალს ფოლიკული.
1978 წელს, როდესაც ,,ინ ვიტრო” განაყოფიერების შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა, კვერცხუჯრედი არასტიმულირებულ ციკლში იყო მიღებული, ერთ ბუნებრივ ფოლიკულზე. როდესაც ქალს უშვილობის პრობლემა აქვს და წინასწარ ვიცით, რომ ხარისხიანი კვერცხუჯრედის მიღების ალბათობა ნაკლებია, გვჭირდება სტიმულაცია, რომ რაც შეიძლება მეტი ფოლიკული წამოვიდეს, რომ მოხდეს კვერცხუჯრედის აღება. როდესაც ხდება ფოლიკულების აღება და ემბრიონების მიღება, ხშირად დგება ხოლმე საკითხი, უმჯობესია იმავე ციკლში, მაშინე მოხდეს გადატანა თუ მოხდეს შენახვა და შემდგომ გადატანა. როდესაც ექიმი პაციენტს სხვა ციკლში ურჩევს გადატანას, ამას თავისი მიზეზები აქვს. ასეთ დროს, პაციენტს ყოველთვის უჩნდება კითხვა, ხომ არ გაფუჭდება ემბრიონი, რამდენად გაუძლებს გაყინვა-გალღობის პროცეს. ტექნოლოგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ახლა უმეტესწილად ხდება ვიტრიფიკაცია. თუ პროტოკოლი ბოლომდე იქნება დაცული, გაყინვა-გალღობის ამ მეთოდის გამოყენებისას, დაზიანების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი. გაყინული ემბრიონის ტრანსფერი არა თუ ამცირებს, არამედ რიგ შემთხვევებში ზრდის კიდეც ორსულობის მიღების შანსებს. სანერვიულო არ არის, თუ ექიმმა პაციენტს გარკვეული კრიტერიუმებით შეფასების შემდგომ, ემბრიონის გაყინვა და შემდგომ ციკლში გადატანა შესთავაზა. ქალს ფიზიოლოგიურად ერთი ფოლიკული უმწიფდება, დატვირთვა საშვილოსნოზე ამ ფოლიკულის მიერ გამომუშავებული ქალის ჰორმონის ანუ ესტროგენული დატვირთვა საშვილოსნოსთვის ფიზიოლოგიურია და გათვლილია იმ ერთ ფოლიკულზე. როცა სტიმულაციის შედეგად მოდის 5,15,18 ფოლიკული, ჰორმონალური დატვირთვაც მეტია საშვილოსნოზე. ეს არ არის საშვილოსნოსთვის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და მთელი რიგი გენეტიკური ტესტებითა და კვლევებით დასტურდება, რომ ასეთ დროს გენები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ემბრიონის მიმაგრებაზე, იმპლანტაციაზე საშვილოსნოს ღრუში, განიცდიან დისრეგულაციას. საშვილოსნოში გენურ დონეზე ირევა სიტუაცია, რადგან საშვილოსნო გრძნობს, რომ ეს არ არის მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. ჩვენ თუ ავდგებით და ამ დროს გადავიტანთ ემბრიონს, როდესაც ძალიან არაფიზიოლოგიურია ჰორმონთა დონე სისხლში, შეიძლება უკვე მომზადებული იმპლანტაციური ფანჯარა დაიხუროს და საერთოდ არ იყოს მზად ემბრიონის მისაღებად.
რადგანაც ძალიან დაიხვეწა ტექნოლოგია, ჩვენ უკვე ვიცით როდის მოგვცემს შედეგს „ფრეშ“ ემბრიონის გადატანა და როდის არა. როდესაც ექიმი მთელი რიგი კრიტერიუმების გათვალისწინებით სთავაზობს პაციენტს სხვა ციკლში გადატანას, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ ექიმსაც სურს იმ ერთ ციკლზე გათვლით მაქსიმალურად ოპტიმალური შედეგი მიიღოს. შესაძლოა საშვილოსნო იდეალურად გამოიყურებოდეს, ენდომეტრიუმის სისქეც კარგი იყოს, მოცულობაც და არაფერი თვალხილული მიზეზი პაციენტისთვის არ იყოს საიმისოდ, რომ მოხდეს სხვა ციკლში გადატანა, მაგრამ რეალურად საჭირო იყოს. ჩვენი პაციენტები ძალიან სენსიტიურები არიან, მათ ძალიან ბევრი ახსნა სჭირდებათ, თითოეული დეტალის განხილვა სურთ, ამიტომ ექიმმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წინასწარ. მნიშვნელოვანია გადატანილი ემბრიონების რაოდენობა, ადრე უფრო ხშირად ხდებოდა 2-3 ემბრიონის ტრანსფერი, ახლა მსოფლიო ტენდენცია აბსოლუტურად შეცვლილია. მაგალითად, შვედეთს საერთოდ ეკრძალება ერთზე მეტი ემბრიონის გადატანა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მრავალნაყოფიანი ორსულობების პროცენტი, მართვის სირთულის გამო, როგორც დედის, ასევე ახალშობილის მხრივ გართულებების თავიდან ასაცილებლად. გადატანილი ემბრიონების რაოდენობა ორსულობის შანსს არ აორმაგებს და არ ასამმაგებს. გასაგებია, რომ ორი ან სამი ემბრიონის გადატანის შემთხვევაში იმპლანტაციის შანსი იზრდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მიზანი მხოლოდ ორსულობის დადგომა არ არის და მიზანი ორსულობის ბოლომდე მიყვანაა, პრიორიტეტულია დედის და ბავშვის ჯანმრთელობა. ქალის ასაკის, მისი წინა ისტორიის, თანმხლები გინეკოლოგიური თუ არა გინეკოლოგიური დაავადებების მიზეზით მრავალნაყოფიანმა ორსულობამ შესაძლოა დაამძიმოს გამოსავალი, შეამციროს ცოცხალშობადობის რისკი, გაზარდოს ნაადრევი მშობიარობის რისკი და ა.შ. როდესაც თავისით, ბუნებრივად ხდება ტყუპით ორსულობა ეს გასაგებია, მაგრამ სხვა შემთხვევაა, როდესაც ექიმის ჩარევით ხდება. მცდარია, რომ რაც მეტი ემბრიონია გადატანილი, მეტია ორსულობის შანსი.
მცდარია შეხედულებაც, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების პირველ მცდელობაზე უფრო მეტია დაორსულების შანსი ვიდრე მეორეზე. საშუალო სტატისტიკურად თუ დავთვლით მთლიანად ჩატარებულ ციკლებს, ორსულობის დადგომის ყველაზე დიდი შანსი, პირველი, მეორე და მესამე მცდელობისას არის, თუმცა პირველ მცდელობაზე ნაკლებად დგება შედეგი, უფრო მეტად მეორეზე.
-ყოველთვის ეფექტურია თუ არა სტიმულაცია და მისი შედეგიანობა რამდენად არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე?
-სამწუხაროდ, ყოველთვის ეფექტური არ არის და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკვერცხეს ზოგად ანამნეზზე, ხომ არ არის ჩატარებული ოპერაციები, ხომ არ არის ენდომეტრიოზი, ხომ არ არის ხშირად გადატანილი ანთებითი პროცესები, ხომ არ არის გარკვეული გენეტიკური ცვლილებები, რომელმაც ისე გააფუჭა საკვერცხის შესაძლებლობა, რომ ვერ რეაგირებს გარედან შეტანილ პრეპარატზე. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს აზრი სტიმულაციის ჩატარებას. ჩვენ უნდა ვცადოთ სტიმულაცია, რომ იმ ერთი ციკლის ფარგლებში გავზარდოთ შანსი კვერცხუჯრედების მაქსიმალური რაოდენობის მიღების, თუმცა ეს პროცედურა არ არის გარანტი იმის, რომ აუცილებლად მივიღებთ კვერცხუჯრედებს. ის, რომ ერთ ციკლში ვერ მივიღეთ ფოლიკული, არ გაიზარდა ფოლიკული, გაიზარდა მაგრამ შიგნით არ იყო კვერცხუჯრედი ან არასრულფასოვანი იყო, არ ნიშნავს, რომ ყველა ციკლის დროს ასე იქნება. ასეთი შემთხვევების შემდეგ ექიმები ვცვლით ხოლმე მიდგომას და ვცდილობთ პაციენტს მოვარგოთ სტიმულაციის პროტოკოლი ან საერთოდ არასტიმულირებულ ციკლში ვეცადოთ კვერცხუჯრედის მიღებას. ასაკი ძალიან დრამატული ფაქტორი არის რეპროდუქციული ფუნქციის აღსრულების თვალსაზრისით. ოპტიმალურად და სწრაფად უნდა მოხდეს რეპროდუქციული ფუნქციის აღსრულება, რადგან წამმზომი საკვერცხისთვის ნამდვილად ჩართულია. სხვათა შორის, ევროპაში ,,ინ ვიტრო” ციკლების უდიდესი ნაწილი 30-39 წლის ქალბატონებზე მოდის, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია. ამას ორი მიზეზი განაპირობებს, პირველი, რომ დროულად ხდება დიაგნოსტიკა და სხვა არასაჭირო მეთოდებზე და მკურნალობაზე დრო არ იკარგება და მეორე ის, რომ განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ინ ვიტრო განაყოფიერების არა ერთი მცდელობა ფინანსდება. ჩვენთან ძირითადად 39 წელს ზემოთ ქალბატონები მიმართავენ ,,ინ ვიტრო” განაყოფიერებას. ხშირად ეს ქალბატონები არაფრის მომცემი ანალიზების კეთებასა და მკურნალობაში კარგავენ დროს ან იციან, რომ სჭირდებათ ინ ვიტრო განაყოფიერება, მაგრამ ფინანსების გამო ვერ ახერხებენ.
– როდესაც ვსაუბრობთ ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ვიცით, რომ 35 წლამდე ასაკი უფრო ოპტიმალურია ორსულობისთვის, რადგან ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ორსულობის შანსიც. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს თუ აქვს ასაკს მნიშვნელობა?
-ასაკი, როგორც ბუნებრივი გზით დაორსულების, ისე ინ ვიტრო განაყოფიერებით მიღებული ორსულობის შანსებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. 40 წლის ზემოთ ჩატარებული ინ ვიტრო განაყოფიერების მოსალოდნელი შედეგი ნამდვილად არ არის ის, რაც სურს პაციენტს და ექიმს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, დროულად უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს, დაცდის დრო არ არის, შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ საერთოდ აღარ დარჩეს ქალს საკვერცხეში ფოლიკულების მარაგი. ჩვენ ასეთ პაციენტებს ყველაზე მაღალ შანსიან მეთოდს, ინ ვიტრო განაყოფიერებას ვთავაზობთ უშვილობის პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ 100 %-ით ვპირდებით ორსულობას. ჩვენ გადავლახავთ მილისმიერი ფაქტორით და მამაკაცის ფაქტორით გამოწვეულ ორსულობის შეფერხებას, უკვე მზა ემბრიონს ვახვედრებთ საშვილოსნოში და ამით ვზრდით ორსულობის შანსს. ინ ვიტრო განაყოფიერება არის დამხმარე ტექნოლოგია და არა გარანტირებული მეთოდი, ვეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში. სამწუხაროდ, საკვერცხეების ფოლიკულების მარაგის გამრავლება მედიკამენტური მკურნალობებით თუ სხვადასხვა მეთოდებით ჯერ-ჯერობით არ დასტურდება. რა თქმა უნდა, ვნიშნავთ კონკრეტულ დამხმარე პრეპარატებს, მართალია მათი ეფექტურობა ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ რიგი კვლევებით ფიქსირდება, რომ თითქოს აუმჯობესებს კვერცხუჯრედის ხარისხს, ერთით ან ორით მეტი კვერცხუჯრედის მიღების ალბათობას იძლევა. არსებობს გარკვეული მანიპულაციებიც და მთელი რიგი ტექნოლოგიები, რომლებიც თითქოს საკვერცხის სტრუქტურის გაუმჯობესებას, შიგნით ფოლიკულების მარაგის გაუმჯობესებას იწვევს. ამ მეთოდების დანერგვა რთული ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ეს მეთოდები ჯერ-ჯერობით ექსპერიმენტულია და ღიად ვერ ვთავაზობთ პაციენტებს. დროში გადავადება ამცირებს ინ ვიტრო განაყოფიერებით მიღებული ორსულობის შანსსაც. ინ ვიტრო განაყოფიერების კიდევ ერთი ბენეფიტი გახლავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გენეტიკურად შევისწავლოთ ემბრიონი, მანამ, სანამ ის საშვილოსნოს ღრუში მოხვდება. მაღალ ასაკში მნიშვნელოვნად იზრდება ქრომოსომური პათოლოგიების რისკი, რაც დიდ წილად კვერცხუჯრედის დაბერებით არის გამოწვეული, ეს მეთოდი კი იძლევა საშუალებას, საშვილოსნოს ღრუში აღმოვაჩინოთ ისეთი ემბრიონი, რომელიც არ არის მატარებელი ქრომოსომური პათოლოგიების, ეს კი პაციენტს ორსულობის შეწყვეტის შანსებს შეუმცირებს. მნიშვნელოვანია, ემბრიონის გენეტიკური ტესტირება და ისე გადატანა მოხდეს საშვილოსნოში, თუ პაციენტის ასაკი მაღალია, უკვე დიდი ხანგრძლივობა აქვს უნაყოფობის, ხშირად ჰქონია ,,ინ ვიტრო” განაყოფიერების წარუმატებელი მცდელობა. ეს პროცედურა ზრდის წარმატებული ორსულობის შანსს, რადგან შეწყვეტილი ორსულობების უდიდესი ნაწილი ქრომოსომური პათოლოგიებით არის გამოწვეული. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ გენეტიკურად შესწავლილ ემბრიონს გადავიტანთ საშვილოსნოს ღრუში, ორსულობა 100 %-ით დადგება.
-,,ინ ვიტრო” განაყოფიერების პროცედურის ჩასატარებლად ადამიანები ხშირად უცხოეთის კლინიკებს ანიჭებენ უპირატესობას. რით შეიძლება იყოს განპირობებული მათი არჩევანი?
-ალბათ უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, თუმცა პაციენტს ყოველთვის აქვს იმისი უფლება, რომ მეორე აზრი მოიძიოს, იკითხოს, გადაამოწმოს, გაიგოს ყველაფერი სწორად მიდის თუ არა მის მართვაში, მკურნალობაში. არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ 20 წელზე მეტია, რაც ქალბატონ ნატალია ხონელიძის, ბატონ გია ცაგარეიშვილის და ემბრიოლოგ მაია ქოიავას თაოსნობით ინ ვიტრო ტექნოლოგია დაინერგა საქართველოში და წარმატებითაც ხორციელდება. არ ვსაუბრობ მხოლოდ „ლიდერმედის“ გუნდზე, ჩვენი კლინიკის გარდა, 15-ზე მეტი ინ ვიტრო კლინიკაა საქართველოში და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს დარგი ცუდად არის ჩვენთან განვითარებული და აუცილებელია უცხოეთში წასვლა. შეიძლება, ინ ვიტრო განაყოფიერების, უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უკეთესი სერვისიც კი მიიღოს პაციენტმა აქ. ჩვენ მუდმივად დავდივართ სხვადასხვა შეხვედრებზე და ვეცნობით სიახლეებს. ამ დარგში ნამდვილად არაფერია ისეთი, რაც საქართველოში არ კეთდება, ფეხდაფეხ მივყვებით ტექნოლოგიებს. ყოველთვიურად ვამოწმებთ ჩვენს თავს, ვსხდებით ემბრიოლოგებთან ერთად და განვიხილავთ ყველა შემთხვევას და პრობლემას. ევროპის მონაცემებით, საშუალო სტატისტიკურად, ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგიანობა 39-49 %-ის ფარგლებში მერყეობს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ იმ ევროპაშიც, რომლისკენაც ჩვენ ასე მიგვიწევს სულ გული და გვგონია, რომ იქ კეთდება ყველაფერი და ჩვენთან არა, იქაც ვერ ასცდა ინ ვიტრო განაყოფიერების მოსალოდნელი შედეგები ამ პროცენტს, მიუხედავად ტექნოლოგიის ასეთი დახვეწისა და განვითარებისა. მე, როგორც ამ დარგში მომუშავეს, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდებოდა, რომ 80-90 %-ით ვპირდებოდეთ პაციენტებს შედეგს.
-ინ ვიტრო განაყოფიერებით დამდგარი ორსულობისას პაციენტი განსაკუთრებულ მეთვალყურეობას და სპეციფიკურ მართვას საჭიროებს?
–მეტ მეთვალყურეობას მოითხოვს არა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ორსულობა, არამედ ზოგადად უნაყოფობის მკურნალობის შედეგად მიღებული ორსულობა, იქნება ეს ჩვეულებრივი მედიკამენტური მკურნალობით მიღებული თუ ქირურგიული გზით. პაციენტების ამ პოპულაციას ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებათ. განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი 12 კვირა, ამ პერიოდში ძალიან დეტალურ მეთვალყურეობას საჭიროებს პაციენტი. განსაკუთრებით ჰორმონალური პროფილის მხრივ მინდა გავაკეთო აქცენტი, რადგან რიგ შემთხვევებში ჩვენ ისეთ სიტუაციებშიც ვიღებთ ორსულობას, როდესაც საკვერცხე საერთოდ აღარ ფუნქციონირებს, ფიზიკურად არ აქვს ქალს ოპერაციის შემდგომ. ექიმმა ისე უნდა უზრუნველყოს ქალის მთავარი ორი ჰორმონის ესტრადიოლისა და პროგესტერონის ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება სისხლში, რომ შეცვალოს საკვერცხის ფუნქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის, განსაკუთრებით, პირველ ტრიმესტრში, როდესაც ჯერ პლაცენტა არ არის ჩამოყალიბებული და თავის თავზე ვერ იღებს მძლავრ დამცველობით ფუნქციას.
-ინ ვიტრო განაყოფიერებით დამდგარი ორსულობა რამდენად არის საკეისრო კვეთის წინა პირობა?
-არა, რა თქმა უნდა, არ არის. საკეისრო კვეთა ინიშნება პაციენტის ისტორიის, ასაკის, თანმხლები დაავადებების და უშუალოდ ორსულობის დროს განვითარებული სხვადასხვა ცვლილებების და პრობლემების მიხედვით. მეანი რეპროდუქტოლოგთან ერთად იღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ წამყვანი მაინც მეანის აზრია. მეანი წყვეტს გაუშვას ქალი ფიზიოლოგიურ ორსულობაზე თუ დაასრულოს საკეისრო კვეთით. ხშირია საკეისრო კვეთა თუ გავითვალისწინებთ, რომ პაციენტები ხშირად მძიმე ანამნეზით, დიდ ასაკში მიმართავენ ინ ვიტრო განაყოფიერებას, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე საკეისრო კვეთის ჩატარება ყოველთვის არ ხდება და არ არის აუცილებელი.