LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მთავარია, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყო, მიყრუებულ ადგილასაც კომფორტულად ვიქნები…“ – თაკო კორინთელმა წლევანდელი ზაფხული საქართველოში მოგზაურობას დაუთმო

756
ad81b1aa-64e9-4bb1-9917-cbfdae4d5786

ულამაზესი ტელეწამყვანი და მსახიობი თაკო კორინთელი fortuna.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ წლევანდელი ზაფხული მეუღლესთან, ლევან ნარეშელთან ერთად, საქართველოში მოგზაურობას დაუთმო. ამბობს, რომ ის და ლევანი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მათ შორის – ახალ-ახალი ადგილების აღმოჩენის სიყვარულით.

თაკო კორინთელი:

ეს ზაფხული მივუძღვენი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობას. ივლისის ბოლოდან, როცა ჩემი სამსახური მორჩა და სეზონი დავხურეთ, დაიწყო ჩვენი მოგზაურობა. რამდენ ლოკაციაზე ვიყავით მე და ლევანი, აღარც მახსოვს.

ჯერ ვიყავით კახეთში, რომელზეც შეყვარებულები ვართ, ყვარელში, მერე ბაკურციხეში, მერე ისე ყვარელში, აქედან კი გავემგზავრეთ ციხისძირში. ყველაზე დიდხანს მანდ მოგვიწია გაჩერებამ, ათი დღის განმავლობაში, მერე გონიოში, შემდეგ ბათუმში. სოფელი მაქვს ნიქოზი, საკმაოდ ცხელი წერტილია, მაგრამ ჩემი სოფელი ადგილზეა და ჩვეულებრივად მივდივართ ხოლმე. იქ გვაქვს მამაპაპისეული სახლი, განსაკუთრებულად რომ გვიყვარს. ბაბუა რომ ცოცხალი იყო, იქაურობას ძალიან უვლიდა, არ გვაკლდა მთელი ბავშვობა არც ხილი და არც თხილი. რამდენიმე დღე ნიქოზში დავყავით. მაგის მერე სად ვიყავით? ისევ დამავიწყდა (იღიმის). გუშინწინ დავბრუნდით კახეთიდან. ყვარელსა და ბაკურციხეში ახლობლები გვყავს, ყოველი სუფრის გაშლაზე გვირეკავენ და ჩვენც გავრბივართ. მომთაბარე ტომებივით, ბოშებივით დავდიოდით წინ და უკან (იღიმის). გურიაში ჩემს დაქალსაც ვსტუმრობდით. თუ აჭარისკენ მივდივარ, გზად გურიაში აუცილებლად შევივლი ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ რვაში გავდივარ სამსახურში, ჯერ არ დასრულებულა ჩემი მოგზაურობა, ისევ საქართველოში ვიმოგზაურებთ.

რა არის შენთვის კარგი დასვენების მანიშნებელი?

ყველაზე მთავარია, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყო, მიყრუებულ ადგილასაც კომფორტულად ვიქნები. ჩემთვის ურთიერთობები ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ახალი ადგილის ნახვა ძალიან მიყვარს. მეც ასეთი ვარ და ჩემი ქმარიც. პირობითად, ღამე არ გვეძინება, შეიძლება, ავდგეთ ღამის ორ საათზე, ჩავიცვათ და გადავწყვიტოთ, რომ მივდივართ ბათუმში. ასე სპონტანურად დავდივართ ხოლმე. შეიძლება ლოკაციაც არ გვქონდეს დაჯავშნილი და ამოვყოთ თავი ისეთ ადგილას, სადაც არ გვექნება დიდი კომფორტი. ეს რა თქმა უნდა, დისკომფორტია, მაგრამ მაინც გვიღირს…

ყველაზე მეტად ზღვა მიყვარს, მაგრამ მთაშიც დავდივართ. ყვარელში ერთ-ერთ ლოკაციას ვესტუმრეთ, სადაც პირველად ვიყავით. მთის ძირში გახლდით. არ ვიცი, რანაირად არის ასეთი მოწყვეტილი ადგილი. სასტუმრო ისეთ ადგილასაა ვენახებში აშენებული, გარშემო მოსახლეობა არ არის. იყო სრული სიჩუმე, მარტო ჭრიჭინების ხმა. ეს ცალკე ბედნიერებაა, მაგრამ ზღვა და ზღვის ტალღების ხმა ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა. ციხისძირში ნულოვან ზონაში გვქონდა სახლი აღებული, ფაქტობრივად, სანაპიროზე მეძინა. ღამე რომ დავკეტავდი ბადეს და დავწვებოდი დასაძინებლად, თითქოს ზღვის ტალღებში ვიწექი. ისე მშვიდად მეძინა და ისეთ ბედნიერს მეღვიძებოდა, მეგონა, მთელი სამყარო ჩემი იყო. ბავშვობიდან კარგად ვცურავ და ხშირად მეუბნებიან, რომ ალბათ, ზღვის სიყვარული ამანაც განაპირობა.

საოცნებო ლოკაცია ხომ არ გაქვს, სადაც სიამოვნებით გაემგზავრებოდი?

ძალიან მინდა ბალიზე გამგზავრება. სულ ბალიზე ვლაპარაკობ ბოლო პერიოდი. ეს რა თქმა უნდა, არ არის აუხდენელი ოცნება, უნდა დაგეგმვა და ფინანსების მოძიება.

ლევანიც გეთანხმება?

ლევანი ყველაფერში მეთანხმება (იღიმის). მისი პასუხია, რატომაც არა? შენ თუ გინდაო… თავადაც ასეთია, ინტერესიანი ადამიანია, ჩემნაირი მაწანწალაა.

საერთოდ არაფერზე კამათობთ?

რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რაღაცებთან დაკავშირებით შეიძლება უაზროდ ვიკამათოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთსა და იმავე აზრს ვამბობთ, ის თავისებურად, მე – ჩემებურად. ამდენი კამათისგან და ახსნისგან რომ ვიღლებით, ბოლოს მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ერთსა და იმავეს ვამბობთ. ხასიათით ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მე ძალიან მსუბუქი ადამიანი ვარ. ყველაზე მეტად ბოღმიანი ადამიანების მეშინოდა, სულ ვამბობდი, ღმერთო, ასეთი არ ვიყო-მეთქი. თუკი რამე შემიძლია ჩემს თავზე ვთქვა, ძალიან მსუბუქი ვარ, ორ წამში მავიწყდება, თუ რამე მაწყენინეს. ლევანიც ასეთია – დიდხანს გულში არაფერს ჩაიდებს, მარტივად შეუძლია, კარგ ხასიათზე მოვიდეს. ჰოროსკოპების დიდად არ მჯერა, ლევანი არის სასწორი, მე ტყუპები, ბევრი რამ ემთხვევა, ერთ ტალღაზე ვართ ხშირად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g