თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 10 შემთხვევა გამოვლინდა.
ეზუგბაიას თქმით, ეს მონაცემები საგანგაშო არაა. მთავარია, კორონავირუსით ასობით პაციენტი არ დაინფიცირდეს.
„გუშინ დილას ამ დროისთვის გვქონდა 296 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დაემატა 10 დაინფიცირებული და ახლა გვაქვს 306 შემთხვევა. ახალი შემთხვევების ეპიდოლოგიური კვლევა წარმოებს. ამ შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი ახალი პაციენტია მოთავსებული. დანარჩენი სხვა კლინიკებშია გადანაწილებული. ოფიციალურად გვყავს 69 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე კორონავირუსის ინფექციით სხვადასხვა სტაციონარში 247 პაციენტი მკურნალობს.
გუშინ ჩვენს საავადმყოფოში ჩატარდა კვლევები და პირველ ჯერზე ხუთ პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. მათი კვლევა გაგრძელდება. დღეს პირველ ჯერზე კვლევები ტარდება რვა პაციენტზე. ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. 39-დან 2 მძიმე პაციენტი გვყავს, პრობლემური, რომელიც კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და გუშინდელის მერე დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.
არასრულწლოვნები ამ ეტაპზე გვყავს ექვსი, ერთი ყველაზე პატარაა და თქვენ წარმოიდგინეთ, ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს, დანარჩენების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ .
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ფეისბუქი არ აქვს და სოციალური ქსელებით არ სარგებლობს. მისი სახელით გაკეთდა ყალბი ფეისბუქი და ყველას მოუწოდა, ამ გვერდზე გამოქვეყნებულ ნებისმიერ მოსაზრებებსა და ინფორმაციას არ ვენდოთ.